თავშესაფარი მიუსაფართათვის

თავშესაფარი უსახლკაროებისთვის შესაძლოა რეგიონებშიც გაიხსნას

თავშესაფარი მიუსაფართათვის
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველოს მთავრობა დღეს, 13 დეკემბერს, უსახლკაროებისთვის თავშესაფრების რეგიონებში გახსნაზე იმსჯელებს. მსგავსი თავშესაფარი კი უკვე 2 დღეა თბილისში, მოსკოვის გამზირზე მოქმედებს.

თბილისში თავშესაფრის მოწყობაში აქტიურად არიან ჩართული რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ფინანსთა, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროები, მთავრობის კანცელარია. მობილიზებულია სამაშველო სამსახური და საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი (112).

გაიხსნა ცხელი ხაზი, რომლის ნომერია 2 510 774. მოქალაქეებს შეუძლიათ ამ ცხელ ხაზზე დატოვონ შეტყობინება იმ უსახლკაროების შესახებ, რომლებმაც თავშესაფრის შესახებ ჯერ არაფერი იციან და ამ დრომდე ქუჩაში იმყოფებიან. გარდა ამისა, ნებისმიერ პირს შეუძლია მიუსაფართათვის განკუთვნილი დახმარება მიიტანოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში - თბილისი, ყაზბეგის გამზ. 12.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, მიუსაფართა დასახმარებლად შექმნილი დროებითი თავშესაფარი ამოქმედდა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ღამის გასათევი არა აქვს და, რთული ზამთრის პირობებში, გაყინვის საფრთხის წინაშე დგას. დროებით თავშესაფარში ყოფნა არ გულისხმობს უსახლკაროთა ბინებით უზრუნველყოფას. დროებითი თავშესაფარი იმუშავებს მხოლოდ ზამთრის პერიოდში.

ამ დროისთვის მიუსაფართათვის გაშლილია 4 საცხოვრებელი კარავი, სადაც 80 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. კარვები აღჭურვილია შეშის ღუმელით, საწოლებით, ლეიბებით, პლედებითა და ელექტროენერგიით. ამავე ტერიტორიაზე განთავსდა 80-კაციანი კარავი, რომელიც სასადილო ოთახის ფუნქციით დაიტვირთება.

კომენტარები