სიკვდილით დასჯა ჩრდილოეთ კორეაში

ჩრდილოეთ კორეაში ქვეყნის ლიდერის ბიძა სიკვდილით დასაჯეს

KCTV

ჩრდილოეთ კორეაში ქვეყნის ლიდერის ბიძა სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ ჩრდილო კორეის საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან. სასიკვდილო განაჩენი კიმ ჩენ ინის ბიძას ჩან სონ ტჰეკს სამხედრო ტრიბუნალმა გამოუტანა. ჩან სონ ტჰეკი სამხედროებმა ჩრდილო კორეის მუშათა პარტიის პოლიტბიუროს სხდომაზე აიყვანეს. მას ბრალად ედებოდა სამშობლოს ღალატი და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობა.

კორეის ტელევიზიამ ტჰეკის დასჯის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას აღნიშნა, რომ ლიდერის ნათესავს ბრალად ედებოდა ასევე კორუფციული საქმიანობა, ნარკოტიკების მოხმარება და გარყვნილება. ლიდერის ბიძა ჩრდილოეთ კორეის უზენაესი ლიდერის ქანდაკების ჩრდილში დადგმასა და კორეულ საზოგადოებაში დეკადანტური კაპიტალისტური ცხოვრების წესის პორნოგრაფიული მასალის გავრცელების მეშვეობით დამკვიდრებაშიც ბრალეულად სცნეს.

კორეული მედიის მიხედვით, ჩან სონ ტჰეკის ბრალდებებში კიმ ჩენ ინის მამის მოადგილედ დანიშვნის გამოცხადების დროს არასაკმარისი ენთუზიაზმით ტაშის დაკვრაც შედიოდა. კორეის ლიდერის სიკვდილით დასჯის ამგვარი გაშუქება უპრეცედენტო მოვლენაა, რადგან მანამდე ჩრდილო კორეის სახალხო დემორკატიულ რესპუბლიკაში მაღალი თანამდებობის პირების გათავისუფლება ან დასჯა გახმაურების გარეშე ხდებოდა. ამ ფაქტს ანალიტიკოსები იმით ხსნიან, რომ ახალგაზრდა კიმ ჩენ ინს ძალაუფლების გამტკიცება სურს და ხელისუფლებაში მყოფი უფრო დიდი პოლიტიკური გამოცდილების მქონე პირების დაშინებას ცდილობს. სიკვდილით დასჯის შემდეგ ჩან სონ ტჰეკის ამსახველი კადრები, რომელშიც ის კორეის ლიდერთან ერთად ჩანს ფოტომასალებიდან ამოიღეს.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ბიძა აქამდე ქვეყანაში ყველაზე ძლევამოსილ ფიგურად ითვლებოდა, მას კიმ ჩენ ინის მამამ, კიმ ჩენ ირმა, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე შვილის მენტორობა და ქვეყნის მმართველად მომზადება დაავალა. 2011 წლამდე ჩრდილო კორეას კიმ ჩენ ინის მამა მართავდა, რომელსაც ძალაუფლება 1994 წელს ასევე მამისგან ერგო.

 

კომენტარები