სასჯელაღსრულების დაწესებულება

პატიმრის სავარაუდო ცემისთვის, ციხის დირექტორს უფლებამოსილება შეუჩერდა

სოზარ სუბარი

სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულების დირექტორს შოთა ტრაპაიძეს უფლებამოსილება შეუჩერდა. სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის განმარტებით, ამის მიზეზი დაწესებულებაში პატიმრის სავარაუდო ცემის ფაქტი გახდა. მისივე თქმით, თუ მსჯავრდებულის ცემა არ დადასტურდა, ტრაპაიძე თანამდებობაზე დაბრუნდება.

"რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია პატიმრის ცემის შესახებ მე-7 საპყრობილეში. ამ საკითხზე მოკვლევა არის დაწყებული და სანამ არ დამთავრდება, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დირექტორს შოთა ტრაპაიძეს დროებით შეუჩერდეს უფლებამოსილება. მოკვლევის დამთავრების შემდეგ, იმის მიხედვით, თუ რა გამოიკვეთება, გადაიგზავნება საქმე ან გამოძიებაში ან შეწყდება მოკვლევა და აღდგება ეს ადამიანი თავის თანამდებობაზე", -  განაცხადა სოზარ სუბარმა და აღნიშნა, რომ პატიმარს ნამდვილად აქვს დაზიანებები და ასახელებს იმ თანამშრომლებს, რომლებმაც, მისი თქმით, სცემეს. თუმცა, მინისტრის თქმით, არსებობს ეჭვი, რომ ეს იყოს თვითდაზიანებებიც.

ცნობისთვის, ადვოკატმა ირმა ბერიკაშვილმა 10 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში პატიმარ მირზა გიგლემიანს სცემეს. მისი თქმით, მსჯავრდებულს ხელბორკილები დაადეს ციხის უფროსმა, მისმა მოადგილემ, რეჟიმის უფროსმა, სხვა თანხმლებმა პირებმა და სასტიკად გაუსწორდნენ. ბერიკაშვილის მტკიცებით, გიგლემიანს დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში სცემდნენ.

მეორე დღეს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის პირადი დავალებით, სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ პატიმრის ცემის შესახებ ინფორმაციის მოკვლევა დაიწყო.

სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულმა მირზა გიგლემიანმა არაერთხელ მიიყენა თვითდაზიანება სხვადასხვა მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო. ამჟამად გიგლემიანი შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სამინისტროს კონტროლზე ჰყავს აყვანილი.

"იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულის ცემის ფაქტი დადასტურდება, ფიზიკურ ძალადობაში მონაწილე პირები პასუხს კანონის წინაშე აგებენ", - აცხადებს სასჯელაღსრულების სამინისტრო.

კომენტარები