მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის პროცესი

მერაბიშვილი: იძულებული გახდებიან, ჩვენ წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა შეწყვიტონ

ვანო მერაბიშვილი
ტაბულა

ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს. ის დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება სულ მალე იძულებული გახდება, შეწყვიტოს მისი დევნა.

"ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გუშინდელი განხილვის შემდეგ, უკვე დადასტურებული ფაქტია, რომ ჩემს წინააღმდეგ ყველა საქმე შეთხზულია ლაშა ნაცვლიშვილის მიერ, პირადად ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ამ საქმეებს სამართლებრივი პერსპექტივა არ გააჩნია და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ხელისუფლება იძულებული გახდება შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა ჩვენს წინააღმდეგ", - ნათქვამია განცხადებაში. 

გუშინ პროკურატურის მოწმემ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის პროცესზე განაცხადა, რომ სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტი იყო. სწორედ ამ პროექტის ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებისთვის თანხის გადასარიცხად გამოყენებას ედავება პროკურატურა ორ ყოფილ მაღალჩინოსანს. "ამ პროექტის განხორციელებით რაიმე პირადი სარგებელი არ მიგვიღია და არც დანაშაული ჩამიდენია", - განაცხადა გუშინ ქუთაისში პროკურატურის მთავარმა მოწმემ, რამაზ სულამანიძემ, სასამართლო პროცესზე.

დღეს მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც კახიძემ განაცხადა, რომ მოწმის ჩვენებებმა "პრაქტიკულად დაარღვია ხელისუფლების შეკერილი სისხლის სამართლის საქმე" ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ.

"სულამანიძის განცხადებით, მის მიმართ პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის დადგენილება მას შემდეგ გამოიტანა, რაც მას ლაშა ნაცვლიშვილი ესაუბრა. "ნაცვლიშვილმა მითხრა: "ჩვენ არც შენი და არც ჭიაბერაშვილის დაჭერა არ გვინდა", - განაცხადა სულამანიძემ და დაადასტურა, რომ ამ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმის სამიზნე იმთავითვე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი იყო.

ცნობისათვის: ნაცვლიშვილმა სწორედ სულამანიძის პირით შეუთვალა ჭიაბერაშვილს, რომ თუ იგი პროკურატურას ვანო მერაბიშვილის საწინააღმდეგო ჩვენებას მისცემდა, მის მიმართაც პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის დადგენილებას გამოიტანდა.

სხდომაზე პროკურატურის მთავარმა მოწმემ, სულამანიძემ, მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილისათვის წარდგენილი არცერთი ბრალდება არ დაადასტურა. მან აღნიშნა, რომ არავითარი უკანონო დავალება ხელმძღვანელობისგან არ მიუღია. მოწმის შეფასებით, სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამა იყო წარმატებული", - აცხადებს კახიძე.

კომენტარები