გუბერნატორები

ქართუ ბანკისა და მეცხრე არხის ყოფილი თანამშრომლები გუბერნატორების პოსტზე

ნუგზარ ყიფიანი

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გუბერნატორების პოსტზე დანიშნული 9 პირიდან რამდენიმე პოლიციის ყოფილი თანამშრომელია, ახალ გუბერნატორებს შორის ასევე არიან ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი მეცხრე არხისა და ქართუ ბანკის თანამშრომლები.

ირაკლი ღარიბაშვილმა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორად რეჟისორი ნუგზარ ყიფიანი დანიშნა. ღარიბაშვილმა ის დაასახელა როგორც "ძალიან ნიჭიერი" და "წესიერებით გამორჩეული" ადამიანი. ნუგზარ ყიფიანი 2000-იანი წლების დასაწყისში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო. ის ასევე არის საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი ტრიპოლსკის მეგობარი. ტრიპოლსკისა და ყიფიანს 1985 წელს საპატრიარქოს დაკვეთით გადაღებული აქვთ ფილმი "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია".

ასევე ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიის ყოფილი თანამშრომელია შიდა ქართლის ახალი გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი. ის ქართუ ბანკის ცენტრალური სერვისცენტრის მენეჯერის პოსტზე მუშაობდა. პრემიერმინისტრის თქმით, "მან თავი გამოიჩინა როგორც მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტმა და კარგმა მენეჯერმა".

ირაკლი ღარიბაშვილმა გუბერნატორის პოსტი მის არაერთ ყოფილ, შინაგანს აქმეთა სამინისტროს თანამშრომელს შესთავაზა, მათ შორისაა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე. ის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი იყო.

ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) დასავლეთის რეგიონულიი სამმართველოს უფროსი იყო იმერეთის ახალი გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი.

სამხარეო პოლიციის უფროსის პოსტზე 2012 წლის არჩევნების შემდეგ მუშაობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია. ის 1999-2004 წლებში ასევე იყო გულუას სახელობის პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის უფროსი.

ქვემო ქართლის გუბენრატორი გიორგი მღებრიშვილი პროფესიით იურისტია. ღარიბაშვილის თქმით, ის სამართალდამცავ სისტემაში მუშაობდა. ბოლო თვეების განმავლობაში მღებრიშვილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის უფროსის პოსტი ეკავა.

იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმი შემოსავლების სამსახურის სექტორის უფროსი იყო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი პარმენ (პაპუნა) მარგველიძე.

გურიის ახალი გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე პროფესიით ეკონომისტია, ბოლო წლებში კი ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა. ღარიბაშვილის თქმით, მას აქვს კარგი მენეჯერული გამოცდილება.

"გამორჩეული გამგებელი, იურისტი, არის მოდელი, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე გამგებელი", - პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა ასე დაახასიათა კახეთის ახალი გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი. შიოლაშვილმა საზოგადოებას თავი რამდენიმე თვის წინ, დედოფლისწყაროს გამგებლად მუშაობისას მაშინ დაამახსოვრა, როცა ადგილობრივმა მართლმადიდებლებმა ადგილობრივ მუსლიმებს სამთაწყაროში ლოცვის საშუალება არ მისცეს. მაშინ შიოლაშვილმა განაცხადა, რომ "სოფლის ნება უზენაესია". კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ირაკლი შიოლაშვილი ღარიბაშვილის ცოლის, ნუნუკა თამაზაშვილის ბავშვობის მეგობარი და კლასელია.

კომენტარები