რასმუსენმა ღარიბაშვილს პრემიერად დანიშვნა მიულოცა

facebook.com/andersfoghrasmussen

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის facebook გვერდზე 28 ნოემბრით დათარიღებული, NATO-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის წერილი გამოქვეყნდა, სადაც ის ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

რასმუსენის განმარტებით საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განსაკუთრებული პარტნიორია, როგორც ქვეყანა, რომელიც ისწრაფვის ალიანსში გაწევრიანებისაკენ და როგორც ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის ავღანეთში საერთაშორისო უშიშროების დახმარების ძალების ოპერაციებში ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანი.

"საქართველოში ახლახან ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა, რომელიც მოჰყვა გასული წლის საპარლამენტო არჩევნებს, კიდევ უფრო გააძლიერა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები და უფლება მისცა საქართველოს კონკრეტული ნაბიჯები გადაედგა ევროატლანტიკური სტანდარტების მიმართულებით. მოკავშირეები მოუთმენლად ელიან თქვენთან და თქვენს მთავრობასთან მუშაობის გაგრძელებას ნატო-საქართველოს კომისიისა და ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში თქვენს ქვეყანაში შემდგომ რეფორმებთან დაკავშირებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ხელმძღვანელობა თავის წვლილს შეიტანს როგორც ქვეყნის სტაბილური წინსვლის გზაზე, რომელიც საქართველომ გვიჩვენა გასული წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმების მეშვეობით, ასევე მთავრობასა და ოპოზიციას შორის შემდგომი თანამშრომლობის საქმეში... კიდევ ერთხელ გილოცავთ და გამოვხატავ ჩემს საუკეთესო სურვილებს თქვენს თანამდებობაზე წარმატებულ საქმიანობასთან დაკავშირებით. მოუთმენლად ველი შესაძლებობას, გიმასპინძლოთ NATO-ს სათავო ოფისში. გულწრფელად თქვენი ანდერს ფოგ რასმუსენი", - აღნიშნულია წერილში.

კომენტარები