ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

უოტერსი: ისრაელის მთავრობა ნაცისტებივით იქცევა

pjmedia.com

ისრაელის მთავრობა პალესტინელ ხალხს ისე ექცევა, როგორც ებრაელებს 1933-46 წლებში ნაცისტები ექცეოდნენ, - ამის შესახებ მუსიკოსმა როჯერ უოტერსმა განაცხადა.

Pink Floyd-ის ყოფილი ლიდერი პალესტინის დამცველია, რომელიც ისრაელის მთავრობას მუდამ აკრიტიკებს. მან მუსიკოსებს ისრაელში ჩასვლისა და კონცერტების ჩატარებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მუსიკოსები არ უნდა მღეროდნენ ქვეყანაში, რომელიც პალესტინელი ხალხის ეთნიკურ წმენდას ატარებს და რასიზმის პროპაგანდითაა დაკავებული.

უოტერსის თქმით, მეორე მსოფლიო ომსა და პალესტინა-ისრაელის კონფლიქტს შორის პარალელების გავლება ძალიან მარტივია. მისი თქმით, შემზარავად აშკარაა ისრაელის მთავრობის განზრახვა, გაწმინდოს ისრაელის ტერიტორია პალესტინელებისგან.

მუსიკოსს რაბინი შმულეი ბოტიჩი გამოეხმაურა. მისი თქმით, უოტერსი უგულო და უსულო ადამიანია.

”ბატონო უოტერს, ნაცისტურმა რეჟიმმა გენოციდი მოუწყო ებრაელებს და 6 მილიონი უდანაშაულო ადამიანი მოკლა. თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ საკუთარ თავს, როდესაც წამებულ ექვს მილიონ ადამიანს, სადაც მილიონ-ნახევარი ბავშვი იყო, ადარებთ პალესტინის ტერორისტული დაჯგუფების ჰამასის წევრებს, რომელთა წინააღმდეგაც ისრაელის მთავრობა იბრძვის და რომელთა მთავარი მიზანი, ისრაელის მსოფლიო რუკიდან გაქრობაა. მონსტრებისა და ებრაელების შედარებით თქვენ, თქვენს უსულობასა და უგულობას ავლენთ”, - წერს ბოტიჩი New York Observer-ში.

უოტერსმა შმულეი ბოტიჩის წერილს უპასუხა და აღნიშნა, რომ ებრაელი ხალხის საწინააღმდეგო არაფერი აქვს.

”მე ვგმობ ისრაელის მთავრობის პოლიტიკას ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ღაზაში. მათი ქმედებები არის ამორალური, არაჰუმანური და არაკანონიერი. მე გავაგრძელებ ჩემს არაძალადობრივ პროტესტს მათ წინააღმდეგ, მანამდე სანამ ისრაელის მთავრობა თავის პოლიტიკას არ შეცვლის”, - განაცხადა უოტერსმა.

 

კომენტარები