არჩევნები

არჩევნები: ნოემბრიდან ოქტომბრამდე

სანდრო თარხან-მოურავი
0 კომენტარი

პირველი ჭეშმარიტად დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნები საქართველოს ისტორიაში – მსგავსი შეფასებები არაერთხელ გვსმენია და წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები ამ მხრივ გამონაკლისი არ იყო.

იყო თუ არა ოქტომბრის არჩევნები ყველა წინა არჩევნებზე უკეთესი? შესაძლოა, იყო. გარკვეული მიმართულებებით, ნამდვილად მივიღეთ მნიშვნელოვანი წინსვლა.

გვაქვს თუ არა საფუძველი, ერთმანეთს ქართული დემოკრატიის ჩამოყალიბება მივულოცოთ? ჯერჯერობით ალბათ უფრო დემოკრატიის, როგორც სანუკვარი მიზნის, სადღეგრძელოთი უნდა შემოვიფარგლოთ.

პარადოქსია, მაგრამ არჩვენების ხმამაღალ, აღმატებულ შეფასებებს სწორედ დემოკრატიის ჩამოუყალიბებლობა იწვევს. ჩვენთვის ჯერ კიდევ რთული დასაჯერებელია კენჭისყრის დღისა და წინა პერიოდის მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩავლა. ამიტომაც, შეფასებისას ძირითადად დარღვევებზე, გაყალბებებზე ვფიქრობთ. დარღვევების უმნიშვნელო დონემდე შემცირება საჭიროა (აუცილებელიც კი). მაგრამ გაყალბებებზე ფიქრში ჯერაც ვერ მივიღეთ ნათელი წარმოდგენა წარმატებული დემოკრატიისთვის აუცილებელ სხვა პირობებზე.

თუ ერთი სიტყვით ვეცდებით დავახასიათოთ შემდგარი დემოკრატიის განსხვავება ავტორიტარული რეჟიმისგან, საუკეთესო არჩევანი იქნება „კონკურენცია". სტაბილური კონკურენცია განსხვავებულ პოლიტიკურ ძალებს შორის, და სხვა არაფერი, არის დემოკრატიის სისხლი და ხორცი.

მაინც რას ვგულისხმობთ კონკურენციაში? უკლებლივ ყველა არჩევნები, რაც დამოუკიდებელ საქართველოში ჩატარებულა, აქტიური დაპირისპირებით მიმდინარეობდა. და მაინც, გამარჯვებული „წინასწარ განსაზღვრულია" ხოლმე. ექვსიდან პირველ ოთხ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა მიიღო ხმების სამი მეოთხედი ან მეტი. ამ ფონზე, პრეზიდენტ მარგველაშვილის შედეგი (62%) მოკრძალებულად გამოიყურება. თუმცა, ეს შედეგიც კი აღემატება ყველაზე დიდ მაჩვენებელს, რაც ოდესმე დაფიქსირებულა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში (აღრიცხვა პირველად 1824 წელს მოხდა).
ქართველი ანალიტიკოსები ასეთ საარჩევნო „ერთსულოვნებას" უკავშირებენ ხოლმე ერის განსაკუთრებულ თვისებებს (ემოციურობას, „ბელადომანიას"). თუმცა, ძირითადი პოლიტიკური მიზეზი ბევრად მარტივია: ძლიერი და სტაბილური პარტიების არარსებობა.

გიორგი მარგველაშვილი ქალიშვილთან ერთად საპრეზიდენტო არჩევნებზე. 2013 ფოტო: REUTERS
პრიმიტივიზმია მხოლოდ ბელადომანიით ავხსნათ 2004 წლის არჩევნებში პრეზიდენტ სააკაშვილის 96%-იანი შედეგი, თუ გავითვალისწინებთ, რომ მისი არცერთი კონკურენტის უკან არანაირი ოდნავ წონადი პოლიტიკური ძალაც კი არ იდგა.

რა მასშტაბის დარღვევებიც უნდა ყოფილიყო 1995 და 2000 წლების არჩევნებში, მათში ედუარდ შევარდნაძის გამარჯვებაც სრულიად ბუნებრივი იყო. ცეკას ყოფილი მდივნების შერკინება შესაძლოა ბევრად დაძაბული ყოფილიყო, ჯუმბერ პატიაშვილის ერთობა ნამდვილი პარტია რომ ყოფილიყო და არა ერთ კაცზე ჩამოკიდებული სამპროცენტიანი ფიქცია.

როდესაც ვსაუბრობთ ძლიერ, სტაბილურ პარტიებზე, მნიშვნელოვანია განვასხვაოთ ისინი ერთჯერადი ძალებისგან და საარჩევნო ბლოკებისგან. სერიოზული პარტიის არსებობა და კონკურენტუნარიანობა არაა დამოკიდებული პოლიტიკურ რყევებზე, ცალკეულ ლიდერებზე ან სახელისუფლებო ალიანსებში ყოფნა-არყოფნაზე. აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ფუნდამენტი არ შეურყევია კენედის მკვლელობას ან კლინტონის იმპიჩმენტის პროცესს. უოთერგეითის ან აბუ-გრეიბის სკანდალების შემდეგ არ დამდგარა ეჭვქვეშ რესპუბლიკური პარტიის არსებობა. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალები არ აგებენ პასუხს საკუთარი წევრების მოქმედებებზე. მაგრამ პოლიტიკური სკანდალი მათთვის უფრო ტოტის მოტეხვაა, ვიდრე ძირში გადახერხვა. ყველა ჩამოყალიბებული დემოკრატია დგას ორ ან მეტ ასეთ პარტიაზე. სხვა შემთხვევაში, საზოგადოება მუდმივად რისკავს ერთი ძალის ხელში აღმოჩენას, რომელიც იოლად უსწორდება ახალბედებსაც და დაბერებულ პოლიტიკურ ჯუჯებსაც.

გასაგები ხდება, დარღვევების გარდა, რა საკითხი უნდა განვიხილოთ პირველ რიგში არჩევნების შეფასებისას: წავედით თუ არა წინ პარტიული სისტემის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, და რამდენად.

ამ მხრივ წლევანდელი არჩევნები ზომიერი და ფრთხილი კმაყოფილების საფუძველს იძლევა. ნაწილობრივ ღიად რჩება საკითხები: მივიღებთ თუ არა ქართული ოცნების მრავალპარტიული ალიანსისგან ერთ ან მეტ ძლიერ, დამოუკიდებელ პარტიას? შედგა თუ არა ნაციონალური მოძრაობა, როგორც სტაბილური პოლიტიკური მოთამაშე? მივიღეთ თუ არა გრძელვადიანი პოლიტიკური მოთამაშე ნინო ბურჯანაძის პარტიის სახით?

შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების წინ, არსებობდა ვარაუდი, რომ ქართულ ოცნებაში ეტაპობრივად უკანა პლანზე გადავიდოდნენ ეგზოტიკური ფიგურები და გამოიკვეთებოდა მეტ-ნაკლებად მყარი პარტიული ტიპის ქსოვილი. ჯერჯერობით, მოვლენები საპირისპირო მიმართულებით ვითარდება. მარგველაშვილი, როგორც უპარტიო კანდიდატი და თვითგამოცხადებული „პლასტილინის კაცი", განასახიერებს ქართული ოცნების პლატფორმის ბუნდოვანებას. ამ ბუნდოვანებას ხაზს უსვამს სოსო ჯაჭვლიანის და სხვა „ერთი მსახიობის თეატრთა" აქტიური როლიც. კოალიციიდან პარტიისმაგვარ მდგომარეობაში გადასვლის (ან დაბრუნების) კუთხით ოცნება გრაფიკში ჩამორჩება ვარდების რევოლუციის ალიანსს. რევოლუციიდან ერთი წლის ვადაში გამარჯვებულ კოალიციაში უკვე იყო მნიშვნელოვანი ძვრები, როგორც ნაციონალებთან საბოლოო შერწყმის, ისე მათგან დაშორების მიმართულებით.

რას გვეუბნება წლევანდელ არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის მიერ მიღებული 21.7 პროცენტი? თუ გავითვალისწინებთ დაბალ საერთო აქტივობასა და იმ როლს, რაც შეიძლება ჰქონოდა დღემდე ინერციით შენარჩუნებულ რესურსებს, რთულია დავასკვნათ, რომ პარტია საბოლოოდ შედგა, თუმცა ამის ნიშნები არის.

უკვე ბევრჯერ ითქვა, რომ აქამდე არცერთ არჩევნებში შესამჩნევი შედეგისთვის არ მიუღწევია წინა მმართველ ძალას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ოპოზიციურმა პარტიამ (და არა მრავალპარტიულმა ალიანსმა) ქვეყნის მასშტაბით დამოუკიდებლად მიიღო ხმების 20%-ზე მეტი. მსგავს პრეცედენტად შეიძლება ჩაითვალოს ნაციონალებისვე, 2003 წლის პარალელური დათვლის მიხედვით მიღებული 27%. მართალია, მაშინ მათთან ალიანსში იყვნენ რესპუბლიკელები და კონსერვატორები, მაგრამ სათუოა, მათი გავლენა შედეგზე დიდი ყოფილიყო.

1999 წელს ხმების 25% მიიღო აბაშიძის აღორძინების გარშემო შეკრულმა ალიანსმაც. თუმცა, აღორძინების შედეგები ძირითადად აჭარაზე აბაშიძის სრულ კონტროლსა და მასშტაბურ დარღვევებს უკავშირდება. მაგალითად, 2003 წლის არჩევნებში ხელვაჩაურის რაიონში აღორძინებამ 98%-იანი მხარდაჭერა გაიფორმა, ამომრჩეველთა 99%-იანი აქტივობის პირობებში.
აღორძინების გარდა, 20%-ს ნიშნულს მიუახლოვდა პატიაშვილი, თუმცა მისი შედეგი უფრო პირადია, ვიდრე რომელიმე პარტიასთან დაკავშირებული. ოპოზიციური პარტიების დანარჩენ შედეგებს შორის, რეკორდული იყო ლეიბორისტების 17% (პარალელური დათვლის მიხედვით), ისევ 2003 წლის გაუქმებულ არჩევნებში.

მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა ივანიშვილმა ქალბატონი ნინო სასურველ ოპოზიციად „დანიშნა", თავად ოცნების კონცეფცია – ყველაფერი ნაციონალების გარდა – არ ტოვებს კონკრეტულ სივრცეს მესამე ძალისთვის 

თუ გავითვალისწინებთ, რამდენად დიდია ტრადიციულად ცალკეულ რეგიონებში „გადახრების" გავლენა საერთო შედეგებზე, საინტერესოა იმის გაანალიზებაც, როგორ შეიცვალა ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა რეგიონების მიხედვით.

თვალშისაცემია ნაციონალების რეიტინგის კლება შიდა ქართლში, სადაც პარტია ადრე განსაკუთრებით პოპულარული იყო. გარდატეხაზე გავლენა შეიძლება ჰქონოდა 2008 წლის ომს, რომელიც ყველაზე მძაფრად სწორედ შიდა ქართლს შეეხო და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რიტორიკასაც აზრი დაუკარგა. პარტიას ტრადიციულად არ სწყალობს მთიანეთი (ყაზბეგი, დუშეთი, თიანეთი). მკვეთრად შეიცვალა – გამორჩეულად მაღალიდან დაბალი მხარდაჭერისკენ – ნაციონალების რეიტინგი ჯავახეთში, სადაც, ადმინისტრაციული რესურსის კარგვის გარდა, შესაძლოა გავლენა ჰქონოდა ოცნების ანტითურქულ და ანტიისლამურ რიტორიკას, ვაჰაგან ჩახალიანის გათავისუფლებას, რუსეთთან ურთიერთობების დათბობის დაპირებებს. თუმცა, შედარებით მყარია ნაციონალების პოზიციები სამეგრელოსა და მესხეთში, აგრეთვე რუსთავში, ქუთაისსა და თელავში (25%-ზე მაღალი მხარდაჭერა) და იმერეთის ნაწილში.

ნაციონალების მხარდაჭერის დინამიკის ყველაზე საიმედო მაჩვენებელი ალბათ მაინც თბილისის შედეგებია, სადაც ადმინისტრაციული რესურსების გავლენა შედარებით მცირეა, მიმდინარე პოლიტიკური ვნებათაღელვისა კი – დიდი. აქ პარტიის მხარდაჭერამ იკლო 12%-ით შარშანდელ საპარლამენტო, 11%-ით 2008 წლის საპრეზიდენტო და 3%-ით 2002 წლის ადგილობრივ არჩევნებთან შედარებით. მიღებული 21% ნაციონალებისთვის კრიზისული, მაგრამ არც მთლად სამგლოვიარო მარშია.

ცალკე განხილვას იმსახურებს არჩევნების შედეგები ქვემო ქართლში. პირველად საქართველოს ისტორიაში, ამ რეგიონში მმართველ ძალას არ მიუღია მკვეთრად უფრო მაღალი შედეგი, ვიდრე მთელ ქვეყანაში. ეს შეიძლება დავუკავშიროთ, ერთი მხრივ, საარჩევნო პროცესების შედარებით თავისუფლებას, მეორე მხრივ კი, ნაციონალების – როგორც ყოფილი მმართველი ძალის – გარკვეული გავლენის შენარჩუნებას.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ქვემო ქართლის საარჩევნო სიგიჟის შემსუბუქება ამ არჩევნებზე არ დაწყებულა. უკვე 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ქვემო ქართლის რაიონებში აქტივობა ზომიერ – 39-67 პროცენტის ფარგლებში – მერყეობდა, ხოლო სააკაშვილის მხარდაჭერა იყო 64-დან 91 პროცენტამდე. შედარებისთვის: 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ექვსივე რაიონში 95%-ზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა და შევარდნაძემ ყველგან ხმების 94%-ზე მეტი მიიღო (მარნეულში – 99.5%).

რას შეიძლება ველოდეთ ნაციონალებისგან მომავალში?

ერთი მხრივ, ოცნება ჯერაც არ აღიარებს ნაციონალებს ლეგიტიმურ ოპონენტად და უარი არ უთქვამს მათი სრული განადგურების დაპირებაზე. „კოჰაბიტაციის" დასრულებასთან ერთად, ნაციონალები კარგავენ დარჩენილ თანამდებობებსაც. მორიგი დარტყმა იყო კეზერაშვილისა და ადეიშვილის ინტერპოლის ძებნილთა სიაში შეყვანა.

მეორე მხრივ, პარტიამ გაუძლო რამდენიმე წამყვანი ფიგურის პატიმრობას და ინტენსიურ დემონიზაციას, რომელშიც, ხელისუფლებასთან და მედიასთან ერთად, სამღვდელოების ნაწილიც აქტიურად ჩაერთო. რთული წარმოსადგენია, ნაციონალების წინააღმდეგ გამოსაყენებელ კარტებს ახლო მომავალში რამე თვისობრივად ახალი შეემატოს. ამასთანავე, კოჰაბიტაციის დასრულება სულ უფრო გაართულებს ოცნების მხრიდან საკუთარი მმართველობის პრობლემების მათზე გადაბრალებას.

ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ნაციონალების პოზიციების გამყარების ან შემდგომი დაღმასვლის შანსები ორმოცდაათი ორმოცდაათზეა. სასწორის გადახრაში გადამწყვეტი როლი შეიძლება ჰქონდეს „დასავლელი პარტნიორების" პოზიციას და გავლენას ხელისუფლებაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ნაციონალები ჯერჯერობით ერთადერთი პარტიაა საქართველოს ისტორიაში, რომელიც არჩევნებზე სოლიდურ შედეგს აღწევს დაარსებიდან დღემდე.

მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე. 2004 ფოტო: Reuters
ნინო ბურჯანაძემ და მისმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებზე შედეგი მკვეთრად გაიუმჯობესეს, თუმცა მათი სამომავლო პერსპექტივების დადგენა რთულია. პირველ რიგში, პრობლემა პარტიის ადამიანურ რესურსშია. გარკვეულ პერიოდში, ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობის ყრილობებზე ყველაზე შესამჩნევი სახეები მარგველაშვილი და ხადური იყვნენ. დღესდღეობით, რთული გასახსენებელია ერთი ოდნავ შესამჩნევი პოლიტიკოსი მაინც, თავად ბურჯანაძის გარდა, რომელიც მის პარტიას წარმოადგენს. ეს შესაძლოა იყოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ზედმეტი ამბიციების ნიშანიც. მაგრამ ბურჯანაძისა და მისი მოძრაობისთვის ადგილის პოვნას ოცნების „ბუნდოვანებაც" ართულებს. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა ივანიშვილმა ქალბატონი ნინო სასურველ ოპოზიციად „დანიშნა", თავად ოცნების კონცეფცია – ყველაფერი ნაციონალების გარდა – არ ტოვებს კონკრეტულ სივრცეს მესამე ძალისთვის. ბურჯანაძის ელექტორატის საუკეთესო დახასიათება შესაძლოა აღმოჩნდეს „ოცნებაზე უფრო მეოცნებეები", რაც არამყარი ფასეულობრივი კატეგორიაა. ასეა თუ ისე, კავკასიელ „რკინის ლედის" მწვანე შუქი აქვს ფინანსების მოძიებისა და გამოყენების თვალსაზრისით და ჯერჯერობით არც სასამართლო პროცესები ემუქრება, რაც მის ამოცანებს მნიშვნელოვნად ამარტივებს.

რას უნდა ველოდეთ მთლიანობაში შემდეგი არჩევნებისგან?

ზევით უკვე ავხსენით, რომ დემოკრატიული პროცესისთვის გადამწყვეტია კონკურენცია. პირველი, რაც თვალშისაცემი ხდება ქართული არჩევნების შედარებისას, არის სამწუხარო უკუკავშირი არჩევნების კონკურენტულობასა და „თავისუფლებას" შორის. ის შემთხვევები, როდესაც მეტ-ნაკლებად დადებითად ფასდებოდა კენჭისყრის დღე ან წინასაარჩევნო პროცესი, ძირითადად „წინასწარ განსაზღვრულთა" კატეგორიას განეკუთვნება. ეს ლოგიკურია: ადმინისტრაციული რესურსისა და სხვა მექანიზმების ამოქმედების ცდუნება შედარებით მცირეა მაშინ, როდესაც მმართველ ძალას განაღდებული აქვს გამარჯვება. კონკრეტულ არჩევნებზე დარღვევების ნაკლებობა არ გამორიცხავს არც ერთპარტიული მმართველობის ჩამოყალიბების და არც მრავალპარტიული ქაოსის საფრთხეს.

რადგან მმართველი ძალა ჯერ არც თავად გარდაიქმნა ძლიერ პოლიტიკურ პარტიად (ან პარტიებად) და არც დღეისთვის ერთადერთი სტაბილური კონკურენტის არსებობას ეგუება, ნათელია, რომ პარტიული სისტემის გამყარებისთვის დიდი გზა და დიდი ბრძოლებია გასავლელი. მხოლოდ შემდგომი არჩევნები გვიჩვენებს, გავარღვევთ თუ არა ყოვლისმომცველი მმართველი კოალიციების მანკიერ წრეს.

ჯერჯერობით კი გვირაბის ბოლოს დანახული სინათლე შესაძლოა მხოლოდ წრიულ სათამაშო ლიანდაგზე მოძრაობას მოასწავებდეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები