სასჯელაღსრულების დაწესებულება

ომბუდსმენი: N7 ციხეში ამონტაჟებენ ფანჯრებს, რომელთა გაღებაც შეუძლებელი იქნება

0 კომენტარი
ფოტო: ombudsman.ge

სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების მინისტრს სოზარ სუბარს რეკომენდაციით მიმართავს - უზრუნველყოს სასჯელაღსრულების N7 დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული ფანჯრების დაყენება, რომლებსაც ბუნებრივი ვენტილაციაც ექნებათ და საკნების განათების საშუალებაც. ომბუდსმენის განცხადებით, მე-7 ციხის პატიმრებმა შეატყობინეს სახალხო დამცველს, რომ დაწესებულებაში აპირებენ ფანჯრების შეცვლას, რომელთა გაღებაც შეუძლებელი იქნება.

"მსჯავრდებულთა განცხადების საფუძველზე, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ადგილზე შეისწავლეს ვითარება და გაარკვიეს, რომ N7 დაწესებულებაში ფანჯრების შეცვლის სამუშაოები ნაწილობრივ დაწყებულია. ჩაყენებულია კონდიცირების მილები, რომლებიც მომავალში ფანჯრების სანაცვლოდ უზრუნველყოფს ვენტილაციას. დაწესებულების დირექტორმა დაადასტურა, რომ დამონტაჟებული ფანჯრების გაღება შეუძლებელი იქნება. საქართველოს კანონმდებლობა, ასევე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები აუცილებლად მიიჩნევს, რომ პატიმრები მოთავსებული იყვნენ ბუნებრივი განათების პირობებში და არსებობდეს საკანში სუფთა ჰაერის მოძრაობის საშუალება. შესაბამისად, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ თუნდაც სრულყოფილი ვენტილაციის სისტემა, ვერ ჩაანაცვლებს ბუნებრივი გზით საკანში ჰაერის შესვლის საჭიროებას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ #7 სასჯელაღსრულების დაწესებულება განეკუთვნება მკაცრი რეჟიმის თავისუფლების აღკვეთის ადგილს და იქ მოთავსებული პატიმრები სუფთა ჰაერზე გასეირნების უფლებით დღეში მხოლოდ ერთი საათით სარგებლობენ. ამიტომ, პატიმრობის მინიმალური სტანდარტული წესების დასაცავად, აუცილებელია #7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრები სარგებლობდნენ ბუნებრივი გზით განათებისა და სუფთა ჰაერის მიღების უფლებით", - აცხადებს სახალხო დამცველი და აღნიშნავს, რომ 2010 წლის 9 მარტს მიღებული საქართველოს კანონის "პატიმრობის კოდექსის“ მე-15 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საცხოვრებელ სადგომს უნდა ჰქონდეს ფანჯარა, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას და ვენტილაციას.

"პატიმრებთან მოპყრობის მინიმალური სტანდარტული წესების" მე-10 და მე-11 წესების მიხედვით, ყველა ადგილი, რომლითაც სარგებლობენ პატიმრები, განსაკუთრებით ყველა საძინებელი ოთახი, სრულად უნდა პასუხობდეს სანიტარულ მოთხოვნებს. ამასთან, სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს კლიმატურ პირობებს, ოთახების სიმაღლეს, მინიმალურ ფართობს, განათებას და ვენტილაციას, ფანჯრები უნდა იყოს საკმარისი ზომის იმისათვის, რომ პატიმრებს შეეძლოთ კითხვა და მუშაობა დღის შუქზე, ამასთან უნდა უზრუნველყოფდეს სუფთა ჰაერის მიწოდებას იმისდა მიუხედავად, არსებობს თუ არა ვენტილაციის ხელოვნური სისტემა. წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპის კომიტეტის მოხსენებებში - საქართველოს შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებების საკნებში არსებულ ფანჯრებს, რომლებზეც აფარებული რკინის გისოსები და ჟალუზები ზღუდავდა დღის სინათლისა და სუფთა ჰაერის შემოსვლას საკანში. კომიტეტი მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიეღო ზომები, რათა დაწესებულებებში ბუნებრივი განათება და ადეკვატური ვენტილაცია ყოფილიყო. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ, საქართველოს წინააღმდეგ საქმეებში არაერთხელ მიუთითა ევროპის კომიტეტის ანგარიშებში მოყვანილ ფაქტებზე და აღნიშნული ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევად მიიჩნია", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პროკურატურა: ნაცემი შაქარაშვილი გადააგდეს არაგვში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა

კომენტარები