შაჰ-დენიზის გაზსადენი

ღარიბაშვილი: იწყება შაჰდენიზის მეორე ეტაპის განხორციელება

ირაკლი ღარიბაშვილისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა
საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსამსახური

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაქოში ვიზიტისას დღეს, 17 დეკემბერს, განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება გაზსადენ შაჰ-დენიზის მეორე ეტაპის განხორციელება.

"ჩემთვის საპატიოა ესოდენ მნიშვნელოვან მოვლენაში მონაწილეობა, რომლის ფარგლებში გაცხადდება საბოლოო გადაწყვეტილება შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ეტაპის განხორციელებაში ინვესტირების შესახებ. მადლობას მოვახსენებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას თბილი მიღებისა და ესოდენ მნიშვნელოვანი ღონისძიების წარმატებით ჩატარებისთვის, რომლის მიზანიცაა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ჩვენთვის საერთო მისწრაფებებისაკენ ენერგოუსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თვალსაზრისით.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია ენერგეტიკის სფეროში ჩვენი გრძელვადიანი და მრავალმხრივი თანამშრომლობისა. შემდგომი ნაბიჯები გამიზნული იქნება ტრანსკასპიური მიმართულებით წინსვლის მიღწევასა და კასპის ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკების გაღრმავებაზე.

ისეთი პროექტის განხორციელება, როგორიცაა შაჰ-დენიზის მეორე ეტაპი, რომლის ინვესტიციების ოდენობა 6 სხვადასხვა ქვეყანაში დაახლოებით 40 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, მართლაც მოუტანს ამ სახელმწიფოებს სტაბილურობას, ეკონომიკურ ზრდას და კეთილდღეობას, აგრეთვე, ხელს შეუწყობს რეგიონული ბაზრის განვითარებას, მოქნილობასა და ენერგოუსაფრთხოების დონის ამაღლებას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის დედაქალაქში სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ცნობით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, 16-17 დეკემბერს, ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. პირისპირ შეხვედრა პრეზიდენტის რეზიდენცია ზაგულბაში გაიმართა. მხარეებმა ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე იმსჯელეს და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა აზერბაიჯანთან პოლიტიკური, ეკონომიკურ-კულტურული და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღმავების სურვილი. საქართველოს პრემიერმინისტრმა მადლობა გადაუხადა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის ხელისუფლების მყარი მხარდაჭერისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით.

რაც შეეხება შაჰ-დენიზის გაზსადენს, მისი ექსპლოატაცია 2006 წელს დაიწყო. გაზსადენით გამიზნულია აზერბაიჯანული აირის მიწოდება საქართველო-თურქეთისთვის, შორეულ პერსპექტივაში კი ევროპისთვის. პროექტის დაწყებისთანავე გადაწყვეტილი იყო, რომ შაჰ-დენიზის მეორე ეტაპი დაახლოებით 2016-2017 წლებისთვის უნდა განხორციელებულიყო. შაჰ-დენიზის გაზსადენიდან საქართველო გატარებული გაზის 5%-ს იღებს, ხოლო, უფლება აქვს, ყოველწლიურად 0,5 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ფასდაკლებით შეიძინოს.

კომენტარები