ვანო მერაბიშვილი

ღარიბაშვილი: შესაძლოა, მერაბიშვილი სააკაშვილის დაშანტაჟებას ცდილობს

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ნაციონალური მოძრაობის პატიმობაში მყოფი გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის მიერ მთავარი პროკურორისგან ზეწოლის შესახებ გაკეთებული განცხადება, შესაძლოა, ემსახურება სააკაშვილის დაშანტაჟებას. განცხადება ამის შესახებ ღარიბაშვილმა ბაქოში დღეს გააკეთა.

"ცოტა არ იყოს არასერიოზულია, რბილად რომ ვთქვათ, გატაცებები, თავზე ჩამოცმები, ეს არ უკავშირდება ჩვენს პერიოდს, ჩვენ მსგავსი მეთოდებით არ ვმუშაობთ, ჩვენ თუ რაიმე გვაინტერესებს, არსებობს მთელი რიგი პროცედურები, გამომძიებლები შევლენ და დაკითხავენ, უბრალოდ, ამის საჭიროება არ არსებობს.

ჩემზე უკეთესი რესპონდენტი შეგიძლიათ მოიკითხოთ ფსიქოლოგების, ან ფსიქოანალიტიკოსების სახით, ისინი გააკეთებენ ამაზე უფრო სერიოზულ და კომპეტენტურ კომენტარს, ან ფსიქიატრებიც შეიძლება.

არ ვიცი, ეს რა შეიძლება იყოს. შესაძლოა, გარკვეული პროვოკაცია იყოს დაგეგმილი ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ, შესაძლოა ეს იყოს ახალი პროკურორის დისკრედიტაციის მცდელობა, შეიძლება ეს გამოწვეული იყოს გადაჭარბებული შიშისგან.

არსებობს რამდენიმე ვერსია, რატომ გააკეთა ეს განცხადება. მე მოვისმინე განცხადებები, რომ დააკავეს ძველი თბილისის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც იყო ჟვანიას დაცვის წევრი და მძღოლი, ან შესაძლოა მერაბიშვილი ცდილობს დააშანტაჟოს მისი ყოფილი ხელმძღვანელი სააკაშვილი", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ქუთაისში მიმდინარე სასამართლო სხდომაზე მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, პარასკევს, გვიან ღამით, 2-ის ნახევარზე, ის გაიყვანეს ციხიდან, ჩასვეს მანქანაში, თავზე გადააფარეს თავისივე მოსაცმელი და წაიყვანეს, მერაბიშვილის ვარაუდით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში.

მერაბიშვილმა თქვა, რომ  მას პირადად მთავარმა პროკურორმა ფარცხალაძემ წაუყენა ულტიმატუმი, რომ თუ არ დაეხმარება პროკურატურას ჟვანიას საქმის გამოძიებაში და თუ არ მიაწოდებს უწყებას მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშებს, მაშინ "ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება".

კომენტარები