ვანო მერაბიშვილის საქმე

პროკურატურა: მერაბიშვილის განცხადება აბსურდულია

geonews.ge

მთავარი პროკურატურა ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას აბსურდულს უწოდებს და მერაბიშვილზე ზეწოლის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. უწყება სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. 

"ივანე მერაბიშვილის განცხადება არის სრულიად აბსურდული და არ შეესაბამება რეალობას. მთავარი პროკურატურა კატეგორიულად უარყოფს აღნიშნულ პირზე რაიმე სახის ზეწოლის ფაქტს და ხაზს უსვამს - მას შემდეგ, რაც მერაბიშვილის ბრალდების სასამართლო პროცესი დასკვნით ფაზაში გადავიდა, ბრალდებულების და მათი გულშემატკივრების მხრიდან სხვადასხვა ქმედებები ხორციელდება, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და პროცესის მონაწილეებზე ზეწოლის განხორციელებას. ასეთ ქმედებას ადგილი ჰქონდა ივანე მერაბიშვილის წინა სასამართლო პროცესზეც, რომლის დროსაც ბრალდების მხარის მოწმის რ. სულამანიძის დაკითხვისას, ამ უკანასკნელს სიტყვიერად დაემუქრნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება. ასევე პროცესის შემდგომ, ბრალდებულები და დაცვის მხარე რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ შეცდომაში შეეყვანათ, თითქოსდა რ.სულამანიძეს არ მიუცია სასამართლოზე მერაბიშვილის დანაშაულში მამხილებელი ჩვენება, რაც არ შეესაბამება რეალობას და სრულად დაფიქსირებულია სასამართლო სხდომის ოქმში. ასევე, ამ ბოლო დროს გახშირდა სპეკულირების ფაქტები სხვადასხვა პირების მხრიდან ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას საქმეზე, რასაც მთავარი პროკურატურა უკავშირებს აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო ქმედებების გააქტიურებას და ამ საქმესთან დაკავშირებულ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს", - აცხადებს მთავარი პროკურატურა და აღნიშნავს, რომ "უსაფუძვლო და არასერიოზული განცხადებების მიუხედავად, უწყება ამ და სხვა საქმეებზე ჩაატარებს სრულყოფილ და ობიექტურ გამოძიებას და განუხრელად გააგრძელებს მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულებას".

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ქუთაისში მიმდინარე სასამართლო სხდომაზე მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, პარასკევს, გვიან ღამით, 2-ის ნახევარზე, ის გაიყვანეს ციხიდან, ჩასვეს მანქანაში, თავზე გადააფარეს თავისივე მოსაცმელი და წაიყვანეს, მერაბიშვილის ვარაუდით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში.

"იმ კაბინეტში დამხვდა ორი ადამიანი. ერთ-ერთი იყო პირადად მთავარი პროკურორი ფარცხალაძე. მან წამომიყენა ულტიმატუმი, რომ თუ არ დავეხმარები პროკურატურას ჟვანიას საქმის გამოძიებაში და თუ არ მივაწოდებ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშებს, მაშინ ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდები. მე მკაფიოდ გამოვხატე ჩემი აზრი, რომ კორუფციაში სააკაშვილის დადანაშაულება სასაცილოა. ასევე, ვუთხარი. რომ თავად გაეცნენ ზურაბ ჟვანიას საქმის მასალებს და ნუთუ ვერ დარწმუნდნენ, რომ წინა ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიება უნაკლოა. მან მითხრა, რომ თუ ამ ორ მოთხოვნას შევასრულებდი, მაშინ მომცემდა ქვეყნიდან გასვლის შანსს, ასევე გამატანინებდნენ "მოპარულ" ფულს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ციხეში გამიუარესდებოდა პირობები და ჩემს პარტიულ თუ არაპარტიულ მეგობრებსაც დაიჭერდნენ", - განაცხადა მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღების დრო ორშაბათამდე მისცეს.

"მსგავსი რამ არ მახსენდება, რომ ოპოზიციის ლიდერს უშუალოდ მთავარი პროკურორი თავად აკაჩავებდეს", - თქვა ყოფილმა პრემიერმა და მისი ინფორმაციის გადამოწმების გზად ვიდეოჩანაწერების ამოღება დაასახელა.

კომენტარები