ვანო მერაბიშვილის საქმე

პრემიერი: ვანო მერაბიშვილის განცხადება პრიმიტიული პროვოკაციაა

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, "ვანო მერაბიშვილის განცხადება პრიმიტიული პროვოკაციაა". მისივე თქმით, მთავრობას არ აქვს იმის დრო და კომფორტი, რომ "მერაბიშვილის თუ სხვა ადამიანების განცხადებების გამო", მინისტრებს და პროკურორებს უფლებამოსილება შეუჩეროს. 

"მერაბიშვილის განცხადებით, ამ ფაქტს ადგილი ჰქონდა 4 დღის წინ. რატომღაც ეს ცნობილი ხდება მხოლოდ გუშინ, მაშინ, როდესაც სამი დღის განმავლობაში მას თავისუფლად შეეძლო, მოეთხოვა ადვოკატის ან სახალხო დამცველის შესვლა. როგორც ჩანს, ეს არის ძალიან კარგად გამიზნული პროვოკაცია. წარმოიდგინეთ, რომ ხვალ ვიღაცამ განაცხადოს - ზეწოლა განახორციელეს მათი მოსაზრებით პოლიტიკურად დევნილ პატიმარზე. მაგალითად, შეიძლება თქვან, რომ ალასანიამ განახორციელა ზეწოლა ახალაიაზე, წულუკიანმა გაიტაცა კუბლაშვილი და ა.შ. ეს არის ძალიან პრიმიტიულად დაგეგმილი პროვოკაცია. ამ დროს მე მთხოვენ, შეუჩერდეს უფლებამოსილება მთავარ პროკურორს და სასჯელაღსრულების მინისტრს სოზარ სუბარს. შემდეგ მოითხოვენ ალასანიაზე, წულუკიანზე და ა.შ. მათი ეს მარტივი პროვოკაცია გათვლილია მთავრობის დისკრედიტაციაზე. ძალიან საეჭვოდ დაპანიკდნენ მას შემდეგ, რაც ახალმა პროკურორმა დაიწყო ჟვანიას საქმის გადახედვა და გამოძიება და ორი დღის წინ პროკურატურამ დააკავა ჟვანიას დაცვის ყოფილი წევრი, რომელიც ჟვანიას გარდაცვალებისას შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. ეს ყველაფერი ძალიან მარტივი ამოსახსნელია, ამიტომ მოვუწოდებ ყველას, დამთავრდეს ეს აჟიოტაჟი, მთავრობას უნდა მიეცეს ნორმალური მუშაობის საშუალება. ჩვენ არ ავყვებით არცერთ პროვოკაციას. ჩვენ არ გვაქვს იმის დრო და კომფორტი, რომ მერაბიშვილის თუ სხვა ადამიანების განცხადებებს გამოვეხმაუროთ და მათ განცხადებებზე მინისტრებს და პროკურორებს შევუჩეროთ უფლებამოსილება", - განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ მთავრობას უფრო მნიშვნელოვანი საფიქრალი და გაცილებით მეტი საქმე აქვს გასაკეთებელი.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ქუთაისში, გუშინდელ სასამართლო სხდომაზე მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, პარასკევს, გვიან ღამით, 2-ის ნახევარზე, ის გაიყვანეს ციხიდან, ჩასვეს მანქანაში, თავზე გადააფარეს თავისივე მოსაცმელი და წაიყვანეს, მერაბიშვილის ვარაუდით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში.

"იმ კაბინეტში დამხვდა ორი ადამიანი. ერთ-ერთი იყო პირადად მთავარი პროკურორი ფარცხალაძე. მან წამომიყენა ულტიმატუმი, რომ თუ არ დავეხმარები პროკურატურას ჟვანიას საქმის გამოძიებაში და თუ არ მივაწოდებ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშებს, მაშინ ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდები. მე მკაფიოდ გამოვხატე ჩემი აზრი, რომ კორუფციაში სააკაშვილის დადანაშაულება სასაცილოა. ასევე, ვუთხარი. რომ თავად გაეცნენ ზურაბ ჟვანიას საქმის მასალებს და ნუთუ ვერ დარწმუნდნენ, რომ წინა ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიება უნაკლოა. მან მითხრა, რომ თუ ამ ორ მოთხოვნას შევასრულებდი, მაშინ მომცემდა ქვეყნიდან გასვლის შანსს, ასევე გამატანინებდნენ "მოპარულ" ფულს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ციხეში გამიუარესდებოდა პირობები და ჩემს პარტიულ თუ არაპარტიულ მეგობრებსაც დაიჭერდნენ", - განაცხადა მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღების დრო ორშაბათამდე მისცეს.

"მსგავსი რამ არ მახსენდება, რომ ოპოზიციის ლიდერს უშუალოდ მთავარი პროკურორი თავად აკაჩავებდეს", - თქვა ყოფილმა პრემიერმა და მისი ინფორმაციის გადამოწმების გზად ვიდეოჩანაწერების ამოღება დაასახელა.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, გამოძიების პერიოდში, სოზარ სუბარის და ოთარ ფარცხალაძის გადადგომა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტისგან ვიდეოჩანაწერების უწყვეტ რეჟიმში გადაცემა მოითხოვა.

კომენტარები