ხელოვნება

გელა ჯინჭარაძე – მხატვარი

ირინა ბაგაური
0 კომენტარი

„ძირითადად თავისით მოდიან ამბები. ვერ ვხედავ, მაგრამ სხეული გრძნობს ხოლმე, რომ აი, ახლა უკვე რაღაც დამწიფდა და როდესაც ეს გრძნობა უკვე აღარ მასვენებს, მივდივარ თეთრ ფურცელთან და ვიწყებ ხატვას. იქ კი უკვე გულის ხმა მეუბნება, რომელი ხაზი საითკენ წავიყვანო".

მაინც რამდენი ვართ სინამდვილეში?!

ამბები, რომლებსაც გელა ჯინჭარაძე ფერწერასა და გრაფიკაში აცოცხლებს, ქვემო ფონიჭალაში, მეთექვსმეტე სართულის ვიწრო ბინის იატაკზე იქმნება: „თუ დაკვირვებიხარ, ბავშვები რომ თამაშობენ, სულ იატაკზე ჩაცუცქული სხდებიან ხოლმე. მოლბერტი რაღაცა ვერ მოვირგე, ხელი მიკანკალებს იქ და აქ უკეთ ვაფიქსირებ. უფრო მიადვილდება, სხეულს უადვილდება, თორემ რამე კაპრიზი კი არაა, რომ ასე ვხატო".

გელა ჯინჭარაძე თვითნასწავლი მხატვარია. ნამდვილი მხატვარი, უჩვეულო ამბებითა და ბიოგრაფიით, კიდევ, გამორჩეული ინტელექტითა და იუმორით. გელას განვლილი გზა თავისი დრამატიზმით ხელოვნების ისტორიის ერთდროულად რამდენიმე დიდი მხატვრის ისტორიას ჩამოჰგავს და მის ნახატებსაც ემოციურად თითქოს ცნობილი გალერეების კედლებზე ნანახ შედევრებთან გადაჰყავხარ. იხსენებ, კიდევ სად რა გინახავს, ასე მტკივნეული ანდა, ასე კაშკაშა და მზიანი, პარალელებიც ძალაუნებურად ჩნდება, თუმცა, გელას ნამუშევრებს ერთხელ მაინც თუ შეავლებთ თვალს, მისი ხელწერა არასდროს აგერევათ სხვა ხელოვანების შემოქმედებაში. ის ნამდვილი, თვითმყოფადი მხატვარია.

„ხატვა როგორ დავიწყე, არ მახსოვს. უხსოვარ ბავშვობაში დაიწყო ეგ ამბავი. პირველი გამოფენაც საბავშვო ბაღის ფოიეში მოეწყო. მერე სკოლაში და ასე გაგრძელდა.

რაც შეეხება ხატვის, როგორც ცხოვრების საქმედ არჩევას, ეს ეტაპებად მოხდა: სადღაც წელიწად-ნახევრის წინ, მესამე ეტაპი დამიდგა, როდესაც გავიჭედე – ფიზიკურად გავხდი ცუდად – ყლაპვა გამიჭირდა, სუნთქვაც. ისე ჩანდა, რომ ჰა-ჰა და ახლა მოკვდები. ფანტაზიის ნაკლებობას არ განვიცდიდი, უბრალოდ, სხეული არ მემორჩილებოდა სახატავად – „ვერ ხედავ, ვკვდები, შენ კიდე ხატვას მაიძულებო" – ასე მეუბნებოდა. ჰოდა, მესამედ მაშინ დავფიქრდი – ხატვა ნამდვილად ჩემი ცხოვრების საქმეა თუ დროებითი მოვლენა იყო. საქმე იქითკენ მიდის, რომ ხატვას თავს უკვე ვეღარ დავანებებ, მაგრამ კიდევ სხვა რამეებიც მაქვს გასაკეთებელი".

მის ბიოგრაფიულ ეტაპებს რაც შეეხება, სხვადასხვა დროს გელა ჟურნალისტობდა და გაზეთ ივერიის მთავარი რედაქტორიც იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა სამედიცინო ინსტიტუტში განაგრძო და იქაურობა მესამე კურსზე მიატოვა ფსიქიკური პრობლემების გამო. ამ ამბავზე საუბარს გელა არასდროს ერიდება:

„ეს ამბავი სიღარიბით დაიწყო. სიღარიბემ გამხადა ავად. ამასწინათ მეგობარი მეუბნებოდა, ახლა ნორმალური ადამიანი სანთლითაა მოსაძებნიო. მე ვუპასუხე, რომ ნორმალური არ ვარ, არც არანორმალური – პარანორმალური ვარ-მეთქი. ვისაც როგორ უნდა, ისე გაიგოს.

დასავლეთისკენ მიმართული მზერა
ოციან წლებში ამერიკაში არსებულ მდგომარეობას, როდესაც მატერიალურად გაუჭირდა, ფსიქიატრიული ტერმინი დაარქვეს – დიდი დეპრესია. სიღარიბე მძიმე დეპრესიაში აგდებს ადამიანს. თუმცა, მეორე უკიდურესობაც არსებობს, როდესაც მილიონერების შვილებიც კი თავს იკლავენ. ილია მეორემ ერთხელ თავის ქადაგებაში თქვა: სიღარიბეს ნუ შეეგუებითო.

სიღარიბე სიღარიბედ, მაგრამ სხვა ფაქტორებიც იყო. ვუყურებდი საზოგადოებას და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ის ცალკე ცხოვრებით ცხოვრობდა და მე – ცალკე. ამის გამო გული მტკიოდა. ახლა მივხვდი, რომ ეს ყველაფერი მოჩვენებითი იყო და ის საზოგადოებაც თავს იტყუებდა, თითქოს დიდ საქმეს აკეთებდნენ. მადლობა ღმერთს, მოვესწარი ნგრევას. ახლა საინტერესო ისაა, ეს საზოგადოება როგორ გაართმევს თავს იმავე პრობლემას. დასანანი ისაა, რომ ფუჭი საკვებითაც უსაზღვროდ დიდხანს შეუძლია ადამიანთა უმრავლესობას ცხოვრება, უღმერთოდაც შეუძლიათ, ფულიც იქნება, სამსახურიც, მაგრამ არ იქნება მთავარი და სულში ისევ სიცარიელე იქნება.

სუფიზმში არის ასეთი ცნება – насадочные идеи. ქართულად ალბათ დანერგილი იდეები, რომლებსაც დაბადებიდანვე გინერგავენ და, რასაკვირველია, ყველა იდეა აკრძალვას გულისხმობს, ან ვალდებულებას. პრინციპში, ვალდებულებაც პირადი თავისუფლების აკრძალვაა, თუ იძულებითი ვალდებულებაა და არა შენივე სინდისიერი. მოკლედ, ამ იდეებს საზოგადოების სხვადასხვა შრე გინერგავს ერთდროულად – ცალკე ძალოვნები, ცალკე ქუჩის მორალი, ცალკე ეკლესია, ცალკე სკოლის პედაგოგები, ცალკე მამა და ცალკე დედა, რაც საშინელებაა და ყველა იმას ცდილობს, თავის მონობაში შეგიტყუოს. არავინ არ გასწავლის თავისუფლებას და ამ დიდ გაუგებრობაში მოყოლილი ჩვილი ბავშვი, რომელიც სენსიტიურია და უსამართლობას ყველაზე უფრო გრძნობს, ნაწილ-ნაწილ იხლიჩება. ერთხელ დავითვალე და რვა გელა აღმოვაჩინე და კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ცუდადაა საქმე: ორმაგი აგენტი გამიგია, მატა ჰარიზე იძახიან, სამმაგი აგენტი იყოო, ლილია ბრიკიც, მაგრამ რვა სულის თამაში ნაღდად არ გამიგია. ოღონდ ვხვდები, რომ მარტო მე არ ვარ გამონაკლისი".
თავისუფლების მოთხოვნილება მასში იმდენად დიდია, რომ როდესაც ვეკითხები, გული წყდება თუ არა, რომ მხატვრობის აკადემიური სკოლა არ გაუვლია, მპასუხობს:

მხატვრის სახელოსნოში
„არა, მეყო ვიღაცის მითითებები, ეგ ვალი მე მოვიხადე. სკოლაშიც მედლის კანდიდატი ვიყავი, მერე რასაც მავალებდნენ, რომ ვაკეთებდი, კიდევ უფრო მეტს მავალებდნენ და მივხვდი, რომ მჭყლეტდნენ. სკოლას თავისთავად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამ მხრივ ბედნიერი ვარ. სრულ თავისუფლებაში ვარ, რასაც მინდა, იმას ვხატავ და არაფერი შეზღუდვა არ მაქვს, პირიქით".
მისი კოლეგები და ის ადამიანები, რომლებიც გელას შემოქმედებას კარგად იცნობენ, ხშირად ამბობენ, რომ მისი მიგნებების, გრაფიკული ხაზების ძალდაუტანებლობისა თუ ნახატების ექსპრესიულობის გათვალისწინებით, ის უბრალოდ გენიოსია:

„ეგ იცი როგორაა?! – ქალს რომ ეტყვიან, რა ლამაზი ხარო და იმასაც რომ უხარია. შექება საერთოდ ყველა ადამიანს უხარია, თუ ბერი არაა და შექებას არ გაურბის. მაგრამ რა გენიოსი, რას ამბობ, ისეთი მხატვრები არიან! აი, მაგალითად, ცოტა ხნის წინ შევედი ინტერნეტში და ეგონ შილე აღმოვაჩინე, 47 წლის გავხდი და ახლაღა აღმოვაჩინე!

იმ ჯარისკაცს რა ვუთხარი, რომელიც გენერლობაზე არ ფიქრობსო, მაგრამ მე ჯერჯერობით დაწყებით კლასში ვარ და არც მაინცადამაინც ვჩქარობ მეორე კლასში გადასვლას. მოკლედ, ჯერ ბავშვივით ვხატავ.
ოშოს აქვს ნათქვამი, რომ ქალი როდესაც ფეხმძიმედაა და შობს, ყველას ჰქონია, რომ მისი შვილი ბუდააო, ინდუსი იყო და ბუდა მოიყვანა მაგალითად. თვითონ ის გრძნობა, ცარიელ სიბრტყესთან რომ მიდიხარ, იქ არაფერი არაა და რაღაცა გამოგყავს, ახალს ბადებ, რაღაცა შენი არსებიდან გამოგაქვს და ახალ რაღაცას აჩენ – ესაა სიხარული. მით უმეტეს, თუ კაი რამე გამოგივიდა, დეპრესიული და მძიმე კი არა, რაღაც ლამაზი, თბილი, სიხარულიანი.

ხილის დესერტი

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ეს მოსწონთ. ხშირად ყოფილა, რომ აბსოლუტურად უცხო ადამიანს ისე მოსწონებია ჩემი ნახატი, დამკავშირებია, რომ თავისი სათქმელი ეთქვა. ალბათ ესაა ყველაზე ტკბილი განცდა. ეს ერთი და მეორე ის, როდესაც ჩვენს ღარიბ ქვეყანაში კაცს ისე მოეწონება შენი ნახატი, რომ თავის ნაოფლარს გადაიხდის. ეს უკვე მწვერვალია ბედნიერების.
მე კი მაწყობს, რომ მხატვრებზე საერთოდ ისეთი წარმოდგენა იყოს, ვითომ მხატვრები და პოეტები რჩეულები არიან, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, არაფერი დიდი ამაში არაა, ერთი ნაგავია ყველა ადამიანი, ყველა ერთნაირად კვდება".

ტექსტს მის შემოქმედებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. გელა სიტყვას რომ ისევე კარგად გრძნობს, როგორც ხაზებსა და ფერებს, ამას მისი ნამუშევრების სათაურებიდანაც ადვილად მიხვდებით:
„ისე, ცხოვრების განმავლობაში ერთი წიგნი ყველამ უნდა დაწეროსო, ნათქვამია. მესამე ეტაპზე რომ გეუბნებოდი, ბოლო დროს, სულ ვწერ რაღაცას და სულ ვხევ. შეიძლება პლაკატებივით ტექსტიანი ნახატები გავაკეთო. ეს ჩემდაუნებურად ხდება. თუ დააკვირდები, ჩინელებისა და იაპონელების ნამუშევრების უმრავლესობაზე იეროგლიფებით, ხან ლექსი წერია, ხან მოთხრობა და პლუს ამას მხატვრის ბეჭედი ადევს წითლად. მივხვდი, ამას იმიტომ აკეთებდნენ, რომ უბრალოდ ეგრე მოსთხოვათ გულმა და მეც თითქოს იქითკენ მივდივარ".

არც მიწისა ვარ, არც ცისა
მისი სახატავი მასალა თითქმის არასდროსაა ძვირადღირებული. ხშირად ხატავს გამოყენებულ ფურცლებზე, სამშენებლო მასალებზე.

„ახლაც აღარ მახსოვს, თუ გინდა, გადავაბრუნებ და გეტყვი, რაზე ვხატავ. აგერ ერთმა მხატვარმა მეგობართან დამიტოვა ვახტანგ ხმალაძის ორი წლის წინანდელი საარჩევნო პლაკატები და იმაზე ვხატავ. სამშენებლო მასალებზე ვხატავ გუაშით, რაც ყველაზე იაფია. ელიავაზე ვყიდულობ მუყაოს „დევეპეს", თუმცა, თუ ფული მექნა, იქ უკვე ზეთის მხატვრობაზეც გადავალ, ტილოებით და ამბებით".

ფული თუ ექნა, კიდევ ორსართულიან სახლს შეიძენს, სადაც მეორე სართულზე სახელოსნოს მოაწყობს და ქვეყნებს მოივლის, ახალ-ახალი ამბების აღმოსაჩენად. კიდევ ერთი ნატვრა აქვს – საკუთარი ნახატები ანიმაციური ფილმების გმირებად იხილოს:

„ჩემი ნახატები, რომ ვუყურებ, აშკარად გამზადებული მგონია მულტფილმებისთვის და ვფიქრობ, რომ მათი ამოძრავება და რაღაც ამბებში გამოყენება სულ უბრალოდ შეუძლია რეჟისორს.

მოგზაურობას რაც შეეხება, ვინმე თუ დამაფინანსებს, ინდოეთში წავიდოდი მეგობრებთან ერთად. გოაში ჩვენი მეგობარი ცხოვრობს ერთ წელზე მეტია. თბილისელი რუსია – ოლეგ გავრინი, ოპერატორია. 2 წლის წინ დედა გარდაეცვალა და სრულიად მარტო დარჩა. რამდენიმე თვეში საყვარელი 14 წლის როტვეილერიც მოუკვდა. ადგა, გაყიდა ბინა და ბავშვობის ოცნება აისრულა – გოაში წავიდა.

ოულოდნელად დავადგებოდით თავზე. სიხარულით გადაირეოდა. კიდევ ეკვადორშიც წავიდოდით. იქაც გვყავს ორი ძმა – ვილსონ და სანდინო ბურბანოები – რეჟისორები არიან. ისე, ყველაზე მეტად ევროპის ხმელთაშუა ზღვისპირეთი მიყვარს და სკანდინავიური ფიორდები. თუმცა, ანტარქტიდაშიც დიდი სიამოვნებით წავიდოდი მარტო, პირველ ქართულ პოლარულ სადგურზე. რასაკვირველია, ყველგან ფოტო და ვიდეოკამერით და ჩანახატების რვეულით".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები