გრანტი

ჩინეთმა საქართველოს გრანტის სახით 4.9 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო

ნოდარ ხადური
facebook.com/mofgeorgia

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს გამოუყოფს გრანტს 30 მილიონი ჩინური იუანის ანუ დაახლოებით 4.9 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. შეთანხმებას ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იუე ბინმა მოაწერეს.

"აღნიშნული გრანტით დაფინანსდება საქართველოსთვის პრიორიტეტული ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის პროექტები. ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველომ ჩინეთის მთავრობისგან 220 მლნ იუანის (დაახლოებით 36.2 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის დახმარება მიიღო, მათ შორის, მნიშვნელოვანი იყო მელიორაციისა და ირიგაციის სისტემებისთვის განკუთვნილი ტექნიკის გადმოცემა. დარწმუნებული ვარ, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

"ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის დღევანდელ ღონისძიებას დიდი მნიშვნელობა აქვს. დიპლომატიური ურთიერთობების 21 წლის მანძილზე, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები სტაბილურად და ჯანსაღად ვითარდება. განსაკუთრებით დიდი წარმატებები გვაქვს ეკონომიკური თანამშრომლობის მხრივ. იმედი გვაქვს, ჩვენს წვლილს შევიტანთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში", - განაცხადა იუე ბინმა. 

კომენტარები