მუჰამედ მორსი

ეგვიპტის პროკურატურამ ექსპრეზიდენტ მორსის წინააღმდეგ ახალი საქმე აღძრა

ეგვიპტის პროკურატურამ ექსპრეზიდენტ მუჰამედ მორსის წინააღმდეგ ახალი საქმე აღძრა. ექსპრეზიდენტს სხვა 34 ისლამისტთან ერთად, უცხოურ ტერორისტულ ჯგუფებთან თანამშრომლობა და სახელმწიფო საიდუმლოებების გამხელა ბრალდება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მორსისა და მუსლიმი ძმების წევრებს სიკვდილით დასჯა ემუქრებათ.

ეს უკვე მეორე საქმეა, რომელიც ეგვიპტის პროკურატურამ ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრა, პირველად მას დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის წაქეზებაში ედებოდა ბრალი. ეგვიპტის პროკურორის განცხადებით, მორსიმ და მუსლიმი ძმების წევრებმა ტერაქტები განახორციელეს და ტერორისტული გეგმა შეიმუშავეს, რომელიც პალესტინის ტერორისტულ ორგანიზაცია ჰამასთან და ლიბანურ ჰეზბოლასთან ალიანსს ითვალისწინებდა.

ეგვიპტის სამხედროებმა მუჰამედ მორსი პრეზიდენტობიდან ივლისში მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ გადააყენეს.

კომენტარები