ვანო მერაბიშვილის საქმე

სახალხო დამცველმა ვანო მერაბიშვილი ციხეში მოინახულა

news.ge

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხეში ყოფილი პრემიერმინისტრი ვანო მერაბიშვილი მოინახულა. როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, ნანუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ვანო მერაბიშვილი გუშინდელი განცხადების დეტალებზე ესაუბრა.

"ჩვენ საათნახევარს ვისაუბრეთ.მერაბიშვილმა მოყვა დეტალები, რაც მოხდა რამდენიმე დღის წინ. ის არის გაკვირვებული, რომ გამოძიება არ არის დაწყებული. მერაბიშვილი მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და დეტალურად მიაწოდოს მას ინფორმაცია", - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერის განცხადებაზე გამოძიების დროული დაწყება აუცილებელია.

"ყველაფერს უნდა გაეცეს პასუხი. რაც უფრო დაგვიანდება და გაიწელება ეს პროცესი დროში, შესაძლოა, უფრო მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდეს, თუ რატომ არ ხდება განცხადებაზე რეაგირება. აუცილებელია, რომ ზეწოლის შესახებ ნებისმიერმა განცხადებამ გამოძიების სახე მიიღოს", - თქვა უჩა ნანუაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინდელ სასამართლო სხდომაზე, ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, პარასკევს, გვიან ღამით, 2-ის ნახევარზე, ის გაიყვანეს ციხიდან, ჩასვეს მანქანაში, თავზე გადააფარეს თავისივე მოსაცმელი და წაიყვანეს, მერაბიშვილის ვარაუდით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში.

"იმ კაბინეტში დამხვდა ორი ადამიანი. ერთ-ერთი იყო პირადად მთავარი პროკურორი ფარცხალაძე. მან წამომიყენა ულტიმატუმი, რომ თუ არ დავეხმარები პროკურატურას ჟვანიას საქმის გამოძიებაში და თუ არ მივაწოდებ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშებს, მაშინ ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდები. მე მკაფიოდ გამოვხატე ჩემი აზრი, რომ კორუფციაში სააკაშვილის დადანაშაულება სასაცილოა. ასევე, ვუთხარი. რომ თავად გაეცნენ ზურაბ ჟვანიას საქმის მასალებს და ნუთუ ვერ დარწმუნდნენ, რომ წინა ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიება უნაკლოა. მან მითხრა, რომ თუ ამ ორ მოთხოვნას შევასრულებდი, მაშინ მომცემდა ქვეყნიდან გასვლის შანსს, ასევე გამატანინებდნენ "მოპარულ" ფულს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ციხეში გამიუარესდებოდა პირობები და ჩემს პარტიულ თუ არაპარტიულ მეგობრებსაც დაიჭერდნენ", - განაცხადა მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღების დრო ორშაბათამდე მისცეს.

"მსგავსი რამ არ მახსენდება, რომ ოპოზიციის ლიდერს უშუალოდ მთავარი პროკურორი თავად აკაჩავებდეს", - თქვა ყოფილმა პრემიერმა და მისი ინფორმაციის გადამოწმების გზად ვიდეოჩანაწერების ამოღება დაასახელა.

კომენტარები