ხუდონჰესი

კალანდაძე: ხუდონჰესი სახელმწიფო ბიუჯეტს წლიურად 33 მილიონ დოლარს დაუზოგავს

greenalt.org

ხუდონჰესის აშენების შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად 33.1 მილიონი აშშ დოლარის ეკონომიას გააკეთებს. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ლევან კალანდაძე საუბრობს. მისი თქმით, ხუდონჰესის აშენებით საგრძნობლად იზრდება ენგურჰესის და ვარდნილჰესის საპროექტი სიმძლავრე. 

"საუბარი იმაზე, რომ ხუდონჰესის აშენების შემდეგ საქართველოს ენერგო სისტემა მხოლოდ დამატებით 133 მილიონ კვტ/სთ ელექტროენერგიას მიიღებს და ეს იქნება მაქსიმუმი და სხვა სარგებელს არც ქვეყანა და არც საზოგადოება არ უნდა ელოდოს, არის ფაქტების შეგნებული დამახინჯების მცდელობა და საზოგადოების შეცდომაში შეგნებულად შეყვანა", - აღნიშნავს კალანდაძემ. მისი თქმით, ზამთრის თვეებში, ხუდონჰესის მიერ სახელმწიფოსთვის წინასწარ შეთანხმებული 5.84 ცენტად მიწოდებული 133.9 მილიონი კვტ/სთ-ის გარდა, ამ პროექტის ამოქმედება საშუალებას იძლევა ენგურჰესის და ვარდნილჰესის სიმძლავრე კიდევ დამატებით 470 მილიონი კვტ/სთ-ით გაიზარდოს და ეს ყველაფერი, ენგურჰესსა და ვარდნილჰესში ყოველგვარი დამატებითი ინვესტიციების ჩადების და ზედმეტი სახელმწიფო დანახარჯების გარეშე. "ყველაზე საყურადღებო და ანგარიშგასაწევი კი, ის არის, რომ ეს სქემა საშუალებას იძლევა პიკურ პერიოდში ნაწილობრივ ჩავანაცვლოთ რუსეთიდან იმპორტირებული ე.წ. 10 ცენტიანი ელექტროენერგია საქართველოში გამომუშავებული გაცილებით იაფი ელექტროენერგიით. კერძოდ, ენგურჰესის და ვარდნილჰესის მიერ გამომუშავებული 1.1 ცენტიანი 470 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგიით და ხუდონჰესის მიერ სახელმწიფოსთვის მიწოდებული 5.84 ცენტიანი 133.9 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიით", - აღნიშნავს კალანდაძე. მისი თქმით, ეს სახელმწიფოს და საზოგადოების მისაღები სიკეთეა, რომელიც არა მხოლოდ ეკონომიკურად, არამედ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ხარისხის ამაღლების კუთხითაც უმნიშვნელოვანესია. 

კომენტარები