გენმოდიფიცირებული ორგანიზმები

კვირიკაშვილი: გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებზე ჯერ მოსაზრება ფორმირებული არ არის

0 კომენტარი
ფოტო: government.gov.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ საბოლოო მოსაზრება ჯერ ფორმირებული არ არის. მან ასევე აღნიშნა, რომ ცვლილებები ეტაპობრივად განხორციელდება.

„აქ, რა თქმა უნდა, არის დამატებითი რეგულირების მექანიზმები, თუმცა, საუბარია იმაზე, რომ მოსახლეობამ და მომხმარებლებმა იცოდნენ, რა პროდუქციას მოიხმარს და არის თუ არა გენმოდიფიცირებული ელემენტები. ამის ადმინისტრირება არის ძალიან რთული საკითხი. ეს წავა პარლამენტში განსახილველად და იქნება ძალიან ბევრი შენიშვნა. ასე რომ, საბოლოო მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ ფორმირებული არ არის", - თქვა კვირიკაშვილმა.

საქართველოს მთავრობამ "ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ"კანონპროექტი მოიწონა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენმოდიფიცირებული ორგანიზმებიდან წარმოებული სათესლე/სანერგე მასალის ბრუნვა მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება.

"საქართველოში ამ სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა დღემდე არ არსებობს. "ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ" კანონპროექტის მიზანია ბიოუსაფრთხოების ერთიანი სახელმწიფო სისტემის შექმნა, რომელიც არეგულირებს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებას.

კანონპროექტის მიხედვით, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენება ჩაკეტილ სისტემაში საჭიროებს საქმიანობის ლიცენზიას, ხოლო გარემოში ინტროდუქცია იკრძალება. კანონპროექტის მოქმედების სფერო ვრცელდება მხოლოდ ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებზე და არ მოიცავს გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს და სამკურნალო საშუალებებს (ფარმაცევტულ პროდუქტებს)", - აღნიშნავენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ 2008 წელს საქართველო შეუერთდა "ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმს", რის შედეგადაც აიღო გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სათანადო მარეგულირებელი სამართლებრივი მექანიზმების შექმნის ვალდებულება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თავისუფლების ინსტიტუტის დოკუმენტური ფილმი "გავრილოვის ღამე", ნაწილი II - "დარბევა"

კომენტარები