გელა ხვედელიძის საქმე

გელა ხვედელიძის სასამართლო პროცესი პროკურორის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო

geotimes.ge

შს მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის გელა ხვედელიძის სასამართლო პროცესი პროკურორის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. 
ბრალდების წარმომადგენელი დავით ჩხენკელი სხდომაზე ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდა. მოსამართლემ მხარის გამოუცხადებლობის მოტივით, პროცესი გადადო. სხდომა 16 იანვარს, 14:00 საათზე ჩაინიშნა. 

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, საქმის არსებითი განხილვა უნდა დაწყებულიყო. გელა ხვედელიძეს ბრალად ედება ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების სოციალურ ქსელში განთავსება.

პროცესზე გამოცხადდა გელა ხვედელიძე, რომელმაც მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად, მინისტრის ყოფილი მოადგილე წარდგენილ ბრალდებას ეთანხმებოდა, შემდეგ კი, პოზიცია შეცვალა.

შსს-ს მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს გელა ხვედელიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" პუნქტით წაუყენეს, რომელიც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პირად ცხოვრებაში უხეშ ჩარევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

მინისტრის პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 მაისს პირადი საიდუმლოების ხელყოფის ბრალდებით დააკავა.

კომენტარები