ვანო მერაბიშვილის საქმე

პეტრიაშვილი: პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ვხედავ

ალექსი პეტრიაშვილი
sazogadoeba.ge

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებების საფუძველზე, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს.
პეტრიაშვილის განცხადებით, საზოგადოებას სჭირდება სიმართლე და შესაბამისი უწყებები განმარტებბს გააკეთებენ. მისივე თქმით, თავად, დამატებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს, თუმცა ვინაიდან ინტერესი მაღალია, ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.

"ივანე მერაბიშვილს აქვს თავისი უფლებები. საქართველოში ყველა მოქალაქის უფლება უნდა იყოს დაცული. შესაბამისმა უწყებებმა უნდა მოახდინონ ადეკვატური რეაგირება ყველა მსჯავრდებულის თუ არამსჯავრდებულის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე", - ამბობს ალექსი პეტრიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, 13 დეკემბერს, გვიან ღამით, 2-ის ნახევარზე, ის გაიყვანეს ციხიდან, ჩასვეს მანქანაში, თავზე გადააფარეს თავისივე მოსაცმელი და წაიყვანეს, მერაბიშვილის ვარაუდით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. მან ინფორმაციის გადამოწმების გზად ვიდეოჩანაწერების ამოღება დაასახელა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს. პარტიის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგი ბოკერიას აზრით კი, მერაბიშვილის განცხადება საპარლამენტო კომისიამ უნდა გამოიძიოს.

"იმიტომ, რომ არანაირი ნდობა არ არსებობს იმ პირისა, რომელიც მაფიოზურ გარჩევებში მონაწილეობს, ოპოზიციის ლიდერს მძევლად აქცევს და მის დაშინებას ცდილობს. მან საერთოდ რა უნდა გამოიძიოს, არ მესმის", - ამბობს ბოკერია.

კომენტარები