ვანო მერაბიშვილის საქმე

სალენსი: მერაბიშვილის ბრალდებები გამოძიების დასაწყებად საკმარისი საფუძველია

საფრანგეთის ელჩი საქართველოში რენო სალენსი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის მიერ გაჟღერებული ბრალდებები გამოძიების დასაწყებად საკმარისი საფუძველია. ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ თქვა.

"დღეს რამდენიმე საკითხზე ვისაუბრეთ. ერთ-ერთი მათგანი ვანო მერაბიშვილის მიერ ორი დღის წინ სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადებაა. მისი ეს ბრალდებები საკმარისი საფუძველია გამოძიების დასაწყებად. თუ არ ვცდები, ამავეს ფიქრობენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი და პრეზიდენტი. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა საკმარისად ძლიერი და დამოუკიდებელია, რომ ამ ტიპის გამოძიება აწარმოოს", - აღნიშნა სალენსიმ.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, 13 დეკემბერს, გვიან ღამით, 2-ის ნახევარზე, ის გაიყვანეს ციხიდან, ჩასვეს მანქანაში, თავზე გადააფარეს თავისივე მოსაცმელი და წაიყვანეს, მერაბიშვილის ვარაუდით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. მან ინფორმაციის გადამოწმების გზად ვიდეოჩანაწერების ამოღება დაასახელა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თქმით, მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, "ყველაფერი უნდა განხორციელდეს ისე, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს". იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით კი, შესაბამისმა უწყებებმა განმარტებები უნდა გააკეთონ და "მერაბიშვილის განცხადებას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ".

კომენტარები