რუსეთი

პუტინმა ხოდორკოვსკის შეწყალების ბრძანებას ხელი მოაწერა

მიხაილ ხოდორკოვსკი
lepasseurcritique.com

ვლადიმირ პუტინმა მიხაილ ხოდორკოვსკი შეიწყალა. შესაბამის ბრძანებას რუსეთის პრეზიდენტმა ხელი დღეს მოაწერა და ხელმოწერის მომენტიდან ის ძალაში შევიდა. რუსული სააგენტო Интерфакс - Северо-Запад საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მსჯავრდებულმა კარელიის რეგიონში მდებარე კოლონია უკვე დატოვა. თუმცა, ამ ინფორმაციას სასჯელაღსრულების უწყებაში არ ადასტურებენ.

რუსული gazeta.ru-ს ცნობით, კოლონიასთან, სადაც ხოდორკოვსკი სასჯელს იხდიდა, ჟურნალისტები, ადვოკატები და ხოდორკოვსკის ახლობლები არიან შეკრებილები.
იმის შესახებ, რომ მიხაილ ხოდორკოვსკის შეწყალებას აპირებს, ვლადიმირ პუტინმა 19 დეკემბერს პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"მან პატიმრობაში 10 წელზე მეტი გაატარა, ეს სერიოზული დროა. მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილება (შეწყალების შესახებ) უნდა მივიღოთ", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. მან აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში ხოდორკოვსკი უარს ამბობდა შეწყალების თხოვნით პრეზიდენტისადმი მიმართვაზე. თუმცა, პუტინის თქმით, ამასწინათ მან ასეთი განცხადება დაწერა და შეწყალება ითხოვა.

მაგრამ, როგორც სააგენტო Reuters-ს ხოდორკოვსკის ადვოკატმა ვადიმ კლუვგანტმა განუცხადა, მსჯავრდებულს პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით არ მიუმართავს.

კომპანია იუკოსის მფლობელი მიხაილ ხოდორკოვსკი 2003 წელს დააკავეს, სასამართლომ მას თაღლითობისთვის, ქონების მითვისებასა და გადასახადების დამალვისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეტა შეუფარდა. 2010 წელს ხოდორკოვსკი და მისი პარტნიორი ლებედევი მეორედ გაასამართლეს და სხვისი ქონების მითვისებისთვის სასჯელი 14 წლამდე გაუზარდეს. ხოდორკოვსკის საქმემ კრიტიკული შეფასებები დაიმსახურა დასავლეთის მხრიდან, ხოდორკოვსკის პუტინის პირადი პატიმარიც უწოდეს. საერთაშორისო ამნისტიამ ხოდორკოვსკი და ლებედევი სინდისის პატიმრებად აღიარა.

კომენტარები