გიგი უგულავას საქმე

გიგი უგულავას საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს

საქართველოს პროკურატურა
facebook.com/OfficialPOG

თბილისის მერის გიგი უგულავას ბრალდების საქმეს მთავარი პროკურატურა გამოიძიებს. უწყების განცხადებით, საქმის მნიშვნელობის და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებული თბილისის მერის ყოფილი მოადგილის დავით ალავიძის, თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი საბანაძის, მერიის შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსის ალექსანდრე თაბუაშვილის, ძველი თბილისის ყოფილი გამგებლის დავით ავალიანის და მისი მოადგილის დიმიტრი ჩხაიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო გიგი უგულავას ბრალდების სისხლის სამართლის საქმე და გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.

"ამით მთავარი პროკურატურა ასევე ითვალისწინებს თავად ბრალდებულ გ.უგულავას სურვილსაც, რომელმაც განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა განეხილა საქმე რუსთავის სასამართლოს, მაშინ როდესაც „თეორიული დანაშაული“ ჩადენილია თბილისში და ყველა მოწმე მუშაობს თბილისში", - აცხადებს პროკურატურა და აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმე საგამოძიებო სამსახურის ქვემო ქართლის სამმართველოს თავის დროზე გადაუგზავნეს ამავე საქმეზე ბრალდებულების მოთხოვნით, რომლებმაც უნდობლობა გამოუცხადეს საგამოძიებო სამსახურის თბილისის დანაყოფს.

"რაც შეეხება დანაშაულის „თეორიულობას“, გვინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ, რომ გამოძიება ეხება თბილისის განვითარების ფონდის საბანკო ანგარიშიდან ყოველგვარი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე გატანილ სახელმწიფოს კუთვნილ 48 მილიონ ლარს, რაზეც გიორგი უგულავა ბრალდებულის სახით არის მიცემული პასუხისგებაში და მას, როგორც წინასწარი, ისე სასამართლოს გამოძიების მიმდინარეობისას გარანტირებული ექნება სრული შესაძლებლობა, ისარგებლოს კანონით მისთვის, როგორც ბრალდებულისთვის, მინიჭებული უფლებებით. ამდენად, ვინაიდან აღნიშნული საქმე გამოსაძიებლად გადაეცა მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს, გიორგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შესარჩევად, ბრალდების მხარე შუამდგომლობას წარადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი განსჯადობის წესის შესაბამისად", - აცხადებს მთავარი პროკურატურა.

გიგი უგულავას ადვოკატის გიზო უგლავას განმარტებით კი, პროკურატურას აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლოში საქმის შეტანის ვადა განსაზღვრული არ აქვს. ამასთან, ადვოკატისთვის ამ დრომდე უცნობია, მთავარი პროკურატურის რომელი გამომძიებელი იძიებს უგულავას საქმეს. როგორც ინტერპრესნიუსს უგლავამ განუცხადა, მისთვის უცნობია საქმეზე ზედამხედველი პროკურორის ვინაობაც.

“იმის გათვალისწინებით, რომ გიგი უგულავა აღნიშნულ საქმეზე ბრალის წარდგენის მომენტში არ დაუპატიმრებიათ, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სასამართლოში შეტანის ვადაში შეზღუდული არ არის", - აღნიშნავს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერს ახალი ბრალდება წაუყენეს. გამოძიება მას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, თბილისის განვითარების ფონდისთვის, დედაქალაქის რეაბილიტაცია-განვითარებისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას ედავება. საუბარია 48 მლნ ლარის გაფლანგვაზე, რომელიც პროკურატურის განცხადებით, არა თბილისის განვითარებას, არამედ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მოხმარდა.

გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე პროკურატურას რუსთავის სასამართლოსთვის უნდა მიემართა, რაც თბილისის მერის გუშინდელი განცხადებით, მისთვის ღიმილისმომგვრელია. 

კომენტარები