სანდრო გირგვლიანის საქმე

ბუცხრიკიძე: საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, არ ვიყენებ მანდატს

justice.gov.ge

პროკურატურაში დაკითხვაზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე, დეპუტატი კახა ბუცხრიკიძეც გამოცხადდა. ის უწყებაში ადვოკატ გოგა ონიანთან ერთად მივიდა.

"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, არ ვიყენებ მანდატს და მზად ვარ, პროკურატურის შეკითხვებს ვუპასუხო", - თქვა ბუცხრიკიძემ და აღნიშნა, რომ დაკითხვა ეხება სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მისი მუშაობის პერიოდს.

ნაციონალური მოძრაობის წევრების გიორგი ღვინიაშვილის და კახაბერ ბუცხრიკიძის მოწმის სახით დაკითხვაზე დაბარების შესახებ პროკურატურამ განცხადება გუშინ გაავრცელა.

”2013 წლის 20 დეკემბერს, 13:00 საათზე, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიზნით, საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ღვინიაშვილი საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით იქნა დაბარებული. ასევე, 2013 წლის 20 დეკემბერს, 16:00 საათზე, მთავარ პროკურატურაში მოწმის სახითაა დაბარებული საქართველოს პარლამენტის წევრი კახაბერ ბუცხრიკიძე. საქმე ეხება გ. ღვინიაშვილის ქ. თბილისის პროკურორის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მომხდარ ალექსანდრე (სანდრო) გირგვლიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, წამების, გარდაცვალებისა და ცალკეულ საჯარო მოხელეთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს, ხოლო კ. ბუცხრიკიძის შემთხვევაში - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, ა. გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულ პირთა მიერ სასჯელის მოხდისას საპატიმრო დაწესებულების უკანონოდ დატოვებისა და მათთვის კანონით აკრძალული შეღავათების გაწევის ფაქტებს", - წერია პროკურატურის განცხადებაში.

გიორგი ღვინიაშვილი უწყებაში დაკითხვაზე 13:00-ის შემდეგ, ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილთან ერთად იმყოფება.

კომენტარები