საქართველოს პრემიერმინისტრი

პრემიერი: ძალას არ ვიშურებთ ხელშეკრულებას ხელი სექტემბრამდე მოვაწეროთ

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველო ძალ-ღონეს არ იშურებს მომავალი წლის სექტემბრამდე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის უზრუნველსაყოფად, ხოლო საქართველო უკვე მზად არის ხელშეკრულების დებულებების განხორციელება დაიწყოს.

"პირველ რიგში, მსურს მადლობა გადავუხადო ლიტვას, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას, ამ ისტორიული მნიშვნელობის სამიტის ორგანიზებისათვის. ასევე მადლობას მოვახსენებ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს აღმოსავლეთის პარტნიორობის სტრატეგიის შემუშავებაში, რადგან იგი გვაძლევს უპრეცედენტო შესაძლებლობას, განვაგრძოთ წინსვლა ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისკენ.

აღმოსავლეთის პარტნიორობის სტრატეგია არის რევოლუციური ინიციატივა მასში მონაწილეობის მსურველი აღმოსავლეთევროპელი პარტნიორებისათვის. პარტნიორებს, რომლებიც მზად არიან, გამოიჩინონ მეტი ძალისხმევა და ჩააბარონ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საკანონმდებლო, ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების ტესტი, ეძლევათ ევროკავშირთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობა.

ეს კი, მართლაც მნიშვნელოვანი წახალისებაა საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ეკონომიკის მოდერნიზაციის კუთხით. ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ მომავალი წლის სექტემბრამდე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის უზრუნველსაყოფად. მეტიც, ჩვენ მზად ვართ, უკვე დავიწყოთ ამ ხელშეკრულების დებულებათა განხორციელება", - განაცხადა ღარიბაშვილმა დიპლომატებთან შეხვედრისას.

კომენტარები