გიგი უგულავას საქმე

კუბლაშვილი: კეთილი უნდა ვინებოთ და პატივი ვცეთ მოსამართლის გადაწყვეტილებას

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოზე ზეწოლის შესაძლო განხორციელების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

კუბლაშვილის თქმით, ზეწოლის შესახებ გაკეთებული განცხადების გარდა, მას ჯერჯერობით არაფერი სმენია.

"თუკი ასეთი რამე ხდება, ყველამ კარგად იცით, როგორი იყო ჩემი რეაქცია ადრე, როცა ხდებოდა ასეთი ჩარევები და იგივე იქნება ახლაც, თუკი ასეთი რამ დადასტურდება. მე ჯერჯერობით არ მსმენია გარდა ამ განცხადებისა, რომ რაღაც მოხდა. თუკი დადასტურდა, რომ ასეთი რამე განხორციელდა, მე პირადად, უშუალოდ ჩემი პასუხისმგებლობით განვახორციელებ ძალიან მკაცრ კონტროლს იმაზე, რომ შემდგომში ასეთი რამე აღარ მოხდეს. მე არ ვიცი, ვინ დაიწყებს მოკვლევას. მოკვლევის უფლება ვისაც აქვს, მან უნდა დაიწყოს. მთავარია, რომ ჩემამდე მოვიდეს ეს საქმე და მითხრან - დიახ, სწორედ ასე მოხდა", - აღნიშნა კუბლაშვილმა.

უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილების მიღების ფორმის შესახებ კი კუბლაშვილმა თქვა, რომ სასამართლომ ის გააკეთა, რაც კანონში წერია და გამოყენებული იყო ის უფლება.

"ახლა თუ ვინმე იტყვის, რომ მე ან რომელიმე თავმჯდომარეს უნდა გვეთქვა მოსამართლისთვის, რომ ასე კი არა, სხვაგვარად გაეკეთებინა, ძალიან შეცდება, სწორედ ეს არის მოსამართლის დამოუკიდებლობაში ჩარევა. კეთილი უნდა ვინებოთ და პატივი ვცეთ მოსამართლის გადაწყვეტილებას. არ შეიძლება, მოეწონოთ ერთი რაღაც გადაწყვეტილებაში და მეორეზე თქვა, რომ ცუდია. მათ მოსწონთ მხოლოდ ის, რაც მათთვის არის ხელსაყრელი და არ მოსწონთ რაც ობიექტურია, რადგან მათთვის ეს ხელსაყრელი შეიძლება არ იყოს", - აღნიშნა კუბლაშვილმა.

კომენტარები