გიგი უგულავას საქმე

საპარლამენტო კომიტეტმა ენმ-ის მოთხოვნილი მოსმენის გამართვაზე უარი თქვა

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით მოსმენის გამართვაზე უარი თქვა. შესაბამისი წინადადებით კომიტეტს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა მიმართა. მან მოითხოვა, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტს ან დღეს ემსჯელა, ან უახლოეს დღეებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან ერთად სპეციალური სხდომა გამართულიყო, სადაც მოიწვევდნენ ბრალდებების ადრესატი უწყებების წარმომადგენლებს.

ჩიორა თაქთაქიშვილის შეთავაზება კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ გაიზიარა და კენჭისყრის დროს მას მხარი დაუჭირა, თუმცა საკითხი ხმათა უმრავლესობით არ გავიდა.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმცირესობა ხუთ მოთხოვნას აყენებს. ოპოზიციის მოთხოვნაა, შეიქმნას საგამოძიებო კომისია, "რომელიც გამოიძიებს გიგი უგულავას საქმეზე სასამართლოზე ზეწოლას" და ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის განცხადებას. ნაციონალური მოძრაობა ასევე ითხოვს ადამიანის უფლებათა და იურიდიული კომიტეტების ერთობლივი სხდომის გამართვას, სადაც ამ საკითხებს განიხილავენ. ოპოზიციის მოთხოვნებში ასევე შედის პარლამენტში სახალხო დამცველის და მთავარი პროკურორის მისვლა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერს გიგი უგულავას თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 დეკემბრის ღამეს უფლებამოსილება შეუჩერა. გადაწყვეტილება მოსამართლე დალი მეტრეველმა ღამის პირველ საათზე მიიღო. უგულავას ადვოკატის გიზო უგლავას თქმით, სასამართლომ თბილისის მერს უფლებამოსილება ზეპირი განხილვის გარეშე შეუჩერა.

ამასთან, ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, 13 დეკემბერს, გვიან ღამით, 2-ის ნახევარზე, ის გაიყვანეს ციხიდან, ჩასვეს მანქანაში, თავზე გადააფარეს თავისივე მოსაცმელი და წაიყვანეს, მერაბიშვილის ვარაუდით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. მან ინფორმაციის გადამოწმების გზად ვიდეოჩანაწერების ამოღება დაასახელა. 

კომენტარები