ვანო მერაბიშვილის საქმე

სასჯელაღსრულების სამინისტრო: არ ვიცით, არსებობს თუ არა მერაბიშვილის ფირი

http://www.mcla.gov.ge/

სასჯელაღსრულების სამინისტროში არ იციან, არსებობს თუ არა ის ვიდეოჩანაწერები, რომელსაც ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ითხოვს. ამასთან, სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი კორძაია ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ოფიციალური წერილი ვიდეოჩანაწერების მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში არ შესულა.

შეგახსენებთ, რომ ომბუდსმენის აპარატში არ იციან, ვანო მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, უჩა ნანუაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოითხოვა თუ არა ვიდეოჩანაწერები. სახალხო დამცველის აპარატის პრესსამსახურში ტაბულას ამ კითხვაზე პასუხი ვერ გასცეს.

რამდენიმე დღის წინ, ომბუდსმენის აპარატში აცხადებდნენ, რომ უჩა ნანუაშვილი დღეს, 23 დეკემბერს მიმართავდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს და ვიდეოფირებს გამოითხოვდა.

მანამდე, სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა თქვა, რომ კადრები ავტომატურ რეჟიმში 10 დღეში იშლება და ეს საკითხი არა მას, არამედ სამინისტროში არსებულ IT დეპარტამენტს ეხება. 19 დეკემბერს მინისტრმა განაცხადა, რომ არ იცის, წაიშლება თუ არა ვანო მერაბიშვილის საპყრობილიდან გაყვანის ამსახველი ჩანაწერები.

აღსანიშნავია, რომ ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტისგან 10-17 დეკემბრის ამსახველი უწყვეტი ვიდეომასალა გამოითხოვა. შესაბამისად, თუ სასჯელაღსრულების სამინისტროს IT სამსახური ამ შემთხვევაშიც დადგენილი წესით ხელმძღვანელობს, მერაბიშვილის განცხადებაზე მოთხოვნილი ჩანაწერების ნაწილი უკვე წაშლილი უნდა იყოს, ხოლო კონკრეტულად ის კადრები, რაზეც ყოფილი პრემიერი საუბრობს, ამაღამ წაიშლება.

ამასთან, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს განაცხადა, მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს პირადად უთხრა, რომ "მატროსოვის ციხეში" სათვალთვალო კამერები საბადრაგო სამსახურის მიერ მხოლოდ მიმდინარე რეჟიმში დაკვირვებისთვისაა დამონტაჟებული და ვიდეოგამოსახულება არ იწერება.

თუმცა, მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის თემურ დოლიძის თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ვიდეოთვალების მუშაობაზე ინფორმაციის ფლობა სასჯელაღსრულების სამინისტროს პრეროგატივაა. დოლიძემ არ დაადასტურა ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება, რომ ოთარ ფარცხალაძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა და უთხრა, რომ ე.წ. მატროსოვის ციხეში ვიდეოჩაწერა არ ხდება.

შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილმა მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, 13 დეკემბერს, გვიან ღამით, 2-ის ნახევარზე, ის გაიყვანეს ციხიდან, ჩასვეს მანქანაში, თავზე გადააფარეს თავისივე მოსაცმელი და წაიყვანეს, მერაბიშვილის ვარაუდით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. მან ინფორმაციის გადამოწმების გზად ვიდეოჩანაწერების ამოღება დაასახელა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, კადრების გადაცემას, ასევე, გამოძიების პროცესში, სასჯელაღსრულების მინისტრისთვის და მთავარი პროკურორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს.

დღეს გავრცელებული განცხადების მიხედვით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ ვანო მერაბიშვილის მიმართ სასჯელაღსრულების #9 დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდო გადაცდომის ფაქტზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.

კომენტარები