გიგი უგულავას განცხადება

უგულავა: ფარცხალაძე 2001 წელს ყაჩაღური ქურდობისთვისაა გასამართლებული

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში, თბილისის მერმა გიგი უგულავამ სპეციალური განცხადება გააკეთა. უგულავას თქმით, მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 2001 წელს გერმანიის ქალაქ აუგსბურგში ყაჩაღური ქურდობის ბრალდებით გასამართლდა და სასჯელის ერთ-ერთ ფორმად გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

"საქართველოს მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე, დაბადებული 1976 წლის 18 ივნისს, 2001 წლის 16 იანვარს გასამართლებულია აუგსბურგის რაიონული სასამართლოს მიერ გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 249-ე და 252-ე მუხლებით: ყაჩაღური ქურდობისთვის. ოთარ ფარცხალაძეს მიესაჯა ძირითადი სასჯელი, პატიმრობა ერთი წელი და სამი თვე აუგსბურგის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მისამართი: კარმელიტე გასე 12.

დამატებითი სასჯელის სახით, ფარცხალაძეს განესაზღვრა პასიური საარჩევნო უფლებისა და გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა. დამატებითი სასჯელი ძალაშია 2016 წლის 22 აგვისტომდე. განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2001 წლის 14 მარტს," - განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავამ იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს, გერმანული მხარისგან ფარცხალაძის საქმის გამოთხოვნა, იქამდე კი პროკურირის თანამდებობიდან ჩამოშორება მოსთხოვა.

"მე მოვითხოვ საქართველოს მთავრობისგან დაუყონებლივ რეაგირებას, ვიდრე იუსტიციის მინისტრი, ვინაიდან სწორედ ის არის უფლებამოსილი მიმართოს გერმანიის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს, გამოითხოვოს შესაბამისი საქმე სრულად და მოხდეს ოთარ ფარცხალაძის თანამდებობიდან ჩამოშორება, ვიდრე საზოგადოება სრულად მიიღებს პასუხს ამ სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენაშიც მსჯავრდებულია საქართველოს დღევანდელი მთავარი პროკურორი," - განაცხადა გიგი უგულავამ.

ოთარ ფარცხალაძის სახელს უკავშირდება თბილისის მერიის თანამშრომლების დაკავება ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტის პარალელურად, ასევე მინარეთის მოჭრა.
თანამდებობაზე დანიშვნიდან მალევე მან თბილისის ცენტრში ბინა შეიძინა, საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ რომ ფარცახალაძემ ამისათვის 100 000 $ კალაძის პროგრესბანკიდან აიღო. უმცირესობა მიუთითებდა,რომ ფარცხალაძემ მოკლე დროში დაფარა 45 000 $ ვალი და ძვირადღირებული ბინის შეძენაც მოახერხა.
კიდევ ერთი საკითხი, რასაც ფარცხალაძესთან დაკავშირებით გამოხმაურება მოყვა, არის ის, რომ პროკურატურის გვერდზე დადებული ბიოგრაფიის მიხედვით, მთავარმა პროკურორმა 19 წლის ასაკში დამთავრა უმაღლესი სასწავლებელი.
მთავარი პროკურორის პოსტამდე ოთარ ფარცხალაძეს 8 თვის განმავლობაში ეკავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობა, მანამდე, 3 თვის განმავლობაში იყო უფროსის მოადგილე, ხოლო გასული 6 წლის მანძილზე მას საგამოძიებო სამსახურის შიდა ქართლის სამხარეო ოფისის უფროსის თანამდებობა ეკავა.

კომენტარები