ოთარ ფარცხალაძის საქმე

სუბარი: თუ ფარცხალაძეს მაშინ შეეძლო მუშაობა ანუ დღესაც შეუძლია

სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის შეფასებით, "ყოფილი ხელისუფლება ჭორების გავრცელებით გიგი უგულავასა და მისი თანაგუნდელების წინააღმდეგ წაყენებული მძიმე ბრალდებების გადაფარვას ცდილობს". სუბარის განცხადებით, ოპოზიცია ამას ვერ შეძლებს.

"მთავარი პროკურორი ალბათ თვითონ გააკეთებს განცხადებას, მაგრამ დარწმუნებული იყავით, ყველა გამოძიება მივა ბოლომდე. თუ ოთარ ფარცხალაძე ნასამართლევი იყო, გიგი უგულავას თუ სხვა ადამიანებს უნდა სცოდნოდათ გაცილებით ადრე, ვინაიდან მას წარსულშიც ძალიან მაღალი თანამდებობები ეკავა. თუ მაშინ შესაძლებელი იყო, ემუშავა, ე.ი. დღესაც შესაძლებელია, იმუშაოს. თუ მოგონილია, მაშინ ახლა რატომ მოიგონეს და თუ აქამდეც იცოდნენ, ახლა რატომ დაიწყეს ამის გამჟღავნება. ეს ყველაფერი არის პოლიტიკური თამაშები, რომ გაექცნენ კონკრეტულ ბრალდებებს. ამ კონკრეტულ ბრალდებებს გაექცევიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მტკიცებულებები არ იქნება. ხოლო, თუ მტკიცებულებები იქნება, ყველა მათგანი აგებს პასუხს", - განაცხადა სუბარმა.

გუშინ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში, თბილისის მერმა გიგი უგულავამ სპეციალური განცხადება გააკეთა. უგულავას თქმით, მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე 2001 წელს გერმანიის ქალაქ აუგსბურგში ყაჩაღური ქურდობის ბრალდებით გასამართლდა და სასჯელის ერთ-ერთ ფორმად გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

"საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, დაბადებული 1976 წლის 18 ივნისს, 2001 წლის 16 იანვარს გასამართლებულია აუგსბურგის რაიონული სასამართლოს მიერ გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 249-ე და 252-ე მუხლებით: ყაჩაღური ქურდობისთვის. ოთარ ფარცხალაძეს მიესაჯა ძირითადი სასჯელი, პატიმრობა ერთი წელი და სამი თვე აუგსბურგის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მისამართი: კარმელიტე გასე 12. დამატებითი სასჯელის სახით, ფარცხალაძეს განესაზღვრა პასიური საარჩევნო უფლებისა და გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა. დამატებითი სასჯელი ძალაშია 2016 წლის 22 აგვისტომდე. განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2001 წლის 14 მარტს", - განაცხადა გიგი უგულავამ.

მთავარმა პროკურატურამ კი, უგულავას განცხადება პოლიტიკურ შანტაჟად შეაფასა.

კომენტარები