ოთარ ფარცხალაძის საქმე

სტუდია მონიტორი: გერმანია ფარცხალაძის საქმის გასაცნობად დასაბუთებას გვთხოვს

სტუდია მონიტორის განცხადებით, ისინი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის გადამოწმებას 2013 წლის ოქტომბრიდან ცდილობენ.

"15 ნოემბერს აუგსბურგის სასამართლოდან მიღებული წერილის subject-ის ნაწილში წერია "ოთარ ფარცხალაძე - ძარცვა ძალადობის გამოყენებით", თუმცა ამავე წერილში, პროკურატურა საქმის დეტალების გასაცნობად მეტ დასაბუთებას ითხოვს. ჩვენი მეორე წერილის შემდეგ (სადაც დასაბუთება ვცადეთ), პროკურატურის პრესსპიკერმა მოგვწერა, რომ პირადი ინფორმაციის შემცველ ცნობებს არ გასცემდნენ. ჩვენ გერმანიაში ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით ინფორმაციის გადამოწმებას დღემდე ვცდილობთ", - ნათქვამია სტუდია მონიტორის განცხადებაში. 

გუშინ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში, თბილისის მერმა გიგი უგულავამ სპეციალური განცხადება გააკეთა. უგულავას თქმით, მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე 2001 წელს გერმანიის ქალაქ აუგსბურგში ყაჩაღური ქურდობის ბრალდებით გასამართლდა და სასჯელის ერთ-ერთ ფორმად გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

"საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, დაბადებული 1976 წლის 18 ივნისს, 2001 წლის 16 იანვარს გასამართლებულია აუგსბურგის რაიონული სასამართლოს მიერ გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 249-ე და 252-ე მუხლებით: ყაჩაღური ქურდობისთვის. ოთარ ფარცხალაძეს მიესაჯა ძირითადი სასჯელი, პატიმრობა ერთი წელი და სამი თვე აუგსბურგის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მისამართი: კარმელიტე გასე 12. დამატებითი სასჯელის სახით, ფარცხალაძეს განესაზღვრა პასიური საარჩევნო უფლებისა და გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა. დამატებითი სასჯელი ძალაშია 2016 წლის 22 აგვისტომდე. განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2001 წლის 14 მარტს", - განაცხადა გიგი უგულავამ.

მთავარმა პროკურატურამ კი, უგულავას განცხადება პოლიტიკურ შანტაჟად შეაფასა.

კომენტარები