ოთარ ფარცხალაძის საქმე

გივი თარგამაძე: ფარცხალაძემ აღიარა დანაშაული, ოღონდ სახეცვლილი ფორმით

Givi Targamadze
Tabula

ციებ-ცხელების შემდეგ პროკურატურაში მიხვდნენ, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი არ არის და ფაცხალაძემ თავად აღიარა დანაშაული, ოღონდ სახეცვლილი ფორმით. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გივი თარგამაძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ  23 დეკემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში თბილისის მერმა გიგი უგულავამ სპეციალური განცხადება გააკეთ, რომელიც მიხედვითაც მთვარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე 2001 წელს ქალაქ აუგსბურგში ყაჩაღური ქურდობის ბრალდებით გასამართლდა და სასჯელის ერთ-ერთ ფორმად გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

„მოდით მივადევნოთ თვალი პროკურატურის განცხადებების  ქრონოლოგიას: გუშინ ღამით გავრცელდა განცხადება, რომელზეც შეიქმნა შთაბეჭდილება რომ არავინ არ იყო პროკურატურაში და დარაჯს დააწერინეს. უკვე დილით იყო მათთვის ჩვეულ დათო საკალოვის სტილში დაწერილი განცხადება, სადაც უარყოფილი იყო ყველაფერი და მხოლოდ საპასუხო შანტაჟზე იყო საუბარი. ამის შემდეგ იყო საერთოდ გაუგებარი მცდელობა მის პირად საიტზე მისი ხუთი წლით დაბერების და ასაკის ცვლილების - აი, ეს როგორ უნდა გაეტანათ ნამდვილად არ მესმის“, - განაცხადა თარგამაძემ.

მისთვის გაუგებარია ამ ყველაფრის შემდეგ რატომ უნდა ენდოს ვინმე ადამიანს რომელიც დანაშაულს საერთოდ არ ამხელდა და ბოლოს როგორც თვითონ მოისურვა, იმ ფორმით ჩამოაყალიბა.

„ძალიან მარტივი მოქმედებაა ჩასატარებელი - ისეთივე მარტივი, როგორიც იყო ჩასატარებელი ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში, რომ ზუსტად 15 წუთი სჭირდებოდა კადრების ჩვენებას და გაირკვეოდა სიმართლე; ზუსტად ისეთივე მარტივი, როგორც ჩვენ 15 წუთში დავჯავშნეთ ბილეთები  - ასეთივე მარტივი მოქმედებაა საჭირო, რომ თეა წულუკიანმა, რომელსაც თუ დააბრუნებენ შვებულებიდან როდესმე, გააგზავნოს წერილი გერმანიაში და ჩვენ გამოვითხოვოთ ეს საქმე და უკვე საქმიდან ვნახოთ რეალურად რასთან გვქონდა შეხება“, - განაცხადა თარგამაძემ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა მოუწოდა მთავარ პროკურორს, ნუ დაელოდება იუსტიციის მინისტრს და გერმანული კანონმდებლობის შესაბამისად, თავად გამოითხოვოს საკუთარი საქმე. „იმიტომ რომ სახელმწიფო სახელმწიფო იყოს და არა მსჯავრდებულის სიტყვებს და ვერსიებს ვენდოთ მთელი ქვეყანა“ - აღნიშნა თარგამაძემ. მისი თქმით, მთავარი ვერსია, რომელსაც პროკურატურა ლობირებს ის არის, რომ „ახალგაზრდა იყო ბიჭი და ახალგაზრდობაში ვის არ მოსვლია ასეთი ამბავი - იჩხუბა. თვითონ პროკურატურაში ავრცელებს, მე ზუსტად ვიცი, რომ მეგობრის გოგონას გამო მოდა ჩხუბი და აბა, რა უნდა ექნა, ნებისმიერი ქართველი ასე მოიქცეოდა და აი, ამით უნდათ რომ შემოიფარგლონ ეხლა“, - აღნიშნავს თარგამაძე.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის თქმით, ნაციონალურ მოძრაობას დადებითად არ ახასიათებს ის ფაქტი, რომ ფარცხალაძე მათთანაც მუშაობდა. „ეს არის ალბათ ერთ-ერთი იმ შეცდომების წყებიდან, რაც ჩვენ მივიღეთ შედეგი პირველი ოქტომბრის არჩევნებზე. სისტემაში ასეთი ხალხი იპარებოდა და ჩვენ გამოგვრჩა ასეთი მომენტები“, - აღნიშნა თარგმაძემ.

თუმცა მისი თქმით, ასეთი მაღალი თანამდებობა როგორიც დღეს აქვს, ფარცხალაძეს არასდროს ჰქონია. „ჩვენ თუ შეცდომა მოგვივიდა თავის დროზე ეს ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ ეს შეცდომა ეხლა უნდა განმეორდეს უფრო აღმატებულ ხარისხში“, - განაცხადა თარგამაძემ.

როგორ თარგამაძემ აღნიშნა, „ფარცხალაძესთან დაკავშირებით ჩვენ რამდენჯერმე გვისაყვედურა პროკურატურის იდეების წინასწარ ამომცნობმა ქალბატონმა ბესელიამ  - აგდებით ნუ ლაპარაკობთ, ამ ადამიანის უკან ბიოგრაფია დგასო. ეს ბიოგრაფია ეხლა ჩვენს თვალწინ იწერება პრაქტიკულად და აქ არის ძალიან ბევრი შავი ლაქა, ამიტომ მე ვთვლი, რომ ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ეს ბიოგრაფია თავიდან უნდა დავწეროთ“.

საუბრის ბოლოს გივი თარგამაძემ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა: „როცა პრემიერად წარდგენის დროს ბატონმა ღარიბაშვილმა მომმართა მისთვის ჩვეულ ისტერიულ სტილში რომ ინფორმატორები აღარ გყავთ ბატონო გივიო მინდა ვუთხრა რომ ინფორმატორები ძალიან ბევრი მყავს და დღითიდღე მათი რიცხვი მოიმატებს ბატონო ირაკლი“.

კომენტარები