ქრისტეშობა

კათოლიკეებს შობა გიგი უგულავამ მიულოცა

ქრისტიანთა უმრავლესობა, მათ შორის მართლმადიდებელ ეკლესიათა უმეტესობა დღეს შობას ზეიმობს. საშობაო ლიტურგია თბილისის მარიამის ზეცად ამაღლების კათოლიკურ ტაძარში ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ აღავლინა. "მე ვთხოვ თბილისის მერს გვითხრას ორი სიტყვა" - მიმართა ეპისკოპოსმა გიგი უგულავას და კათედრაზე ასვლა სთხოვა.

გიგი უგულავამ კათოლიკე მრევლს და ყველას ვინც დღეს აღნიშნავს, ქრისტეშობა მიულოცა.

"მადლობა მინდა გადაგიხადოთ, მთელი ამ წლების განმავლობაში იმ სითბოსა და თანამშრომლობისთვის რომელსაც მე ყოველთვის ვგრძნობდი თქვენგან. სულ ერთია რა თანამდებობაზე ვიქნები და მე კორექტივებს შევიტან და სიტყვა მომეცა როგორც მერს, მაგრამ მე დღეს თავადაც აღარ ვიცი ვარ თუ არა ამ თანამდებობაზე. მაგრამ როგორც რიგითი მოქალაქე მე ყოველთვის ვიამაყებ, რომ ამ წლებში ხაზი გაესვა და მე ჩემს კოლექტივთან ერთად ყოველთვის ვცდილობდი, ის სულიერი მრავალფეროვნება, რომელიც ყოველთვის დამახასიათებელი იყო თბილისისთვის, და თბილისი ყოველთვის ამით იამაყებს, იამაყებს ყველა რელიგიით, სარწმუნოებით და იამაყებს ყველა ეთნოსით. დიდი მადლობა ამ სითბოსთვის, დიდი მადლობა ამ თანამშრომლობისთვის, სიკეთეს გისურვებთ - დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება" - განაცხადა უგულავამ.

წირვას ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ ესწრებოდა.

კომენტარები