თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

კვირიკაშვილი: TAV Georgia-სთან მოლაპარაკებები რთულ ფაზაში შევიდა

ეკონომიკის მინისტრი კვირიკაშვილი
ეკონომიკის სამინისტროს ვებ-საიტი

TAV Georgia-სთან მოლაპარაკებები რთულ ფაზაში შევიდა. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორ კომპანიასთან საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმატი აკავშირებს, რაც გულისხმობს აეროპორტის აშენებას, ოპერირებას და სახელმწიფოსთვის გადაცემას.

"კომპანიას აეროპორტი უნდა აეშენებინა, გაეწია მაღალი ხარისხის ოპერირება და აეროპორტი რაღაც პერიოდის შემდეგ გადაეცა სახელმწიფოსთვის. მოვიწვიეთ მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ექსპერტები, რომლებმაც თქვეს, რომ საჯარო-კერძო პარტნიორობის მუდმივი განახლება ხდება. საუბარი არ არის იმაზე, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ხელშეკრულებას, თუმცა საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმატში სახელმწიფოს უჩნდება კონკრეტული მოთხოვნები მმართველი კომპანიის მიმართ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, სახელმწიფომ TAV Georgia-ს წაუყენა საერთაშორისო პრაქტიკით გათვალისწინებული მოთხოვნები, რისთვისაც სპეციალური კომპანია დაიქირავა. თუმცა, როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორ კომპანიას სახელმწიფოს მოთხოვნებზე დათანხმება გაუჭირდა.

"არსებული ხელშეკრულება მათ აბსოლუტურად ასიმეტრულ მოქნილობას აძლევს. ეს არის მათი მხრიდან არარეგლამენტირებული საქმიანობა, რაც საჯარო-კერძო პარტნიორობის შემთხვევაში, საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, ყოვლად დაუშვებელია. დღეს ჩვენ ვართ საკმაოდ რთულ ფაზაში, მაგრამ ჩვენი ძალიან დიდი სურვილია, გრძელვადიანი პარტნიორობის სქემაზე შევთანხმდეთ - TAV-ი დარჩეს საქართველოში და გაუწიოს ოპერირება აეროპორტს, მაგრამ იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რომლებიც სრულიად ბუნებრივია და შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

კომენტარები