0 კომენტარი

ბოლო დროს ლევან ვასაძე ხშირად ხვდება ყურადღების ცენტრში. ის ამბობს, რომ არ არის და არც სურს იყოს პოლიტიკოსი, მაგრამ, ამავე დროს, თავადაც იქცევა პოლიტიკოსივით და მედიაც მის ქმედებებსა და გამონათქვამებს შესაბამისად აშუქებს. ზოგი ადამიანის თვალში მისი ბოლოდროინდელი აქტიურობის ცალკეული ეპიზოდი ხუმრობების წყაროს წარმოადგენს, მაგრამ ქართულ საზოგადოებაში ლევან ვასაძის პოპულარობის და გავლენის გაზრდის მიმდინარე მცდელობა არის პრაგმატულად გათვლილი პოლიტიკური პროექტი. მიზანმიმართული მზადება ამ პიროვნების მნიშვნელოვან ფიგურად გადასაქცევად დიდი ხნის წინ დაიწყო. 2013 წელს ეს პროცესი უბრალოდ შევიდა აქტიურ ფაზაში, რადგან ამისთვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნა.

საქართველოსა და აშშ-ში უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, 1990-იან წლებში ლევან ვასაძე ჩაერთო რუსულ ბიზნესში. 1998 წელს ის შეუერთდა სააქციო ფინანსურ კორპორაცია „სისტემას", სადაც ვიცეპრეზიდენტის პოსტი დაიკავა. 2000 წელს ის გახდა „სისტემის" პირველი ვიცეპრეზიდენტი, რომელსაც ევალებოდა ამ კომპანიის ბიზნესსტრატეგიის შემუშავება. ამ პოსტზე ვასაძე 2006 წლამდე დარჩა.

„სისტემა" ძალიან საინტერესო ორგანიზაციაა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რუსული კომპანია, რომელიც მასშტაბურადაა წარმოდგენილი რუსული ბიზნესის ბევრ სხვადასხვა სფეროში. მისი დამფუძნებელი და ხელმძღვანელია დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ვლადიმირ ევტუშენკოვი – რუსული ოლიგარქიული ელიტის გავლენიანი წევრი, რომელსაც აქვს პირადი კონტაქტი პუტინთან. თუმცა, „სისტემას" არც სხვა პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსებთან აკლია კავშირი. 2009 წლიდან ამ კომპანიის ხელმძღვანელობაში შევიდა სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, რომელიც ამჟამად არის მისი დირექტორთა საბჭოს წევრი. 2007 წლის აგვისტოში კი „სისტემამ" უზრუნველყო უკრაინის მაშინდელი პრემიერის, ვიქტორ იანუკოვიჩის დასვენება ალთაის მთებში.

სწორედ ევტუშენკოვმა აიყვანა ლევან ვასაძე „სისტემაში" და დანიშნა პირველი ვიცეპრეზიდენტის საკვანძო თანამდებობაზე, რომელზეც დღეს იმყოფება ვლადიმირ ევტუშენკოვის შვილი ფელიქსი. როგორც ჩანს, ვასაძემ გაამართლა ევტუშენკოვის იმედები. 2005 წლის თებერვალში მან ვასაძეს აჩუქა „სისტემის" აქციების 0.3%, რომელთა ღირებულება შეადგენდა დაახლოებით 16 მილიონ დოლარს. ხოლო 2006 წლის აპრილში ევტუშენკოვმა ვასაძე დანიშნა „სისტემის" მიერ კონტროლირებადი სადაზღვევო კომპანია „როსნოს" გენერალურ დირექტორად.

1 წლის შემდეგ, 2007 წლის აპრილში, „სისტემამ" გაყიდა „როსნოს" აქციები, რის შედეგად ვასაძე წამოვიდა გენერალური დირექტორის თანამდებობიდან. იმ მომენტში ის აპირებდა ბიზნესმენის მოღვაწეობის გაგრძელებას „სისტემაში". რუსულ ჟურნალ „კარიერასთვის" მიცემულ ინტერვიუში ვასაძემ თავისი სამომავლო გეგმების შესახებ შემდეგი განაცხადა: „ვფიქრობ, რომ ჩვენ „სისტემის" ხელმძღვანელობასთან ერთად დავადგენთ ჩემთვის რაიმე ახალ როლს. მე დიდი ხანია რაც აღარ ვუყურებ „სისტემას", როგორც დამსაქმებელს. ჩვენ საოჯახო კოლექტივი გვაქვს. უკვე ბევრი წელი გავიდა და ჩვენ ერთად იმდენი საქმე გავაკეთეთ, რომ ალბათ ახლა ცოტა დავლაგდებით და ვლადიმირ პეტრეს ძე ევტუშენკოვი იტყვის, რას ფიქრობს, შემდეგ კი რამეზე მოვილაპარაკებთ".

მაგრამ შემდეგ რაღაც შეიცვალა. ლევან ვასაძემ აღარ გააგრძელა საჯარო და აქტიური მუშაობა „სისტემაში". ამავე დროს, მანამდე მედიასთან საკმაოდ გახსნილმა და ვრცელი დეტალური ინტერვიუების რესპონდენტმა ვასაძემ შეწყვიტა საჯარო საუბარი თავის სამომავლო პროექტების შესახებ. 2008-2009 წლებში ვასაძე ბრიტანეთში ცხოვრობდა, ხოლო 2009 წელს დაბრუნდა საქართველოში. თუმცა აქტიური ბიზნესი რუსეთში მას კვლავ აქვს – 2010 წლის იანვარში ვასაძემ მოსკოვში ჩამოაყალიბა პირდაპირი ინვესტიციების ფონდი Prometheus Capital Partners.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ვასაძემ დაიწყო მუშაობა საზოგადოების გარკვეულ სოციალურ ჯგუფებში თავისი პოზიტიური იმიჯის დამკვიდრებაზე. ამაში მას ხელს უწყობდა ახლო კავშირები ეკლესიის ხელმძღვანელობასთან. ვასაძემ მეცენატის სახელიც დაიმკვიდრა. ამავდროულად, 2010 წლიდან იუთუბზე გამოჩნდა ვიდეოები, რომლებიც არსებითად ვასაძის პოლიტიკური რეკლამის ფუნქციას ასრულებდნენ და საკმაოდ პოპულარულია. ამ ყველაფერმა გარკვეული შედეგი გამოიღო. ვერ ვიტყვით, რომ 2010-2012 წლებში ლევან ვასაძეს ჰქონდა სოლიდური პოლიტიკური რეიტინგი, მაგრამ ზოგი ადამიანის თვალში მასზე დადებითი შეხედულება ჩამოყალიბდა.

თუმცა ვასაძის ნამდვილი გააქტიურება მოხდა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წელს. მარტში მან გამოაქვეყნა ვრცელი ნაშრომი სახელად „ერი და სახელმწიფო", რომელშიც გამოთქვა თავისი პოლიტიკური და იდეური შეხედულებები. 17 მაისის დარბევის დროს ვასაძე იყო ქუჩაში და გამოთქვამდა კმაყოფილებას თბილისსა და ამსტერდამს შორის დარბევის შედეგად დაფიქსირებულ სხვაობასთან დაკავშირებით. ივლისში ის გახდა დემოგრაფიული აღორძინების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. შემდეგ ვასაძემ მხარი დაუჭირა გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო კამპანიას და რამდენჯერმე საჯაროდ გამოჩნდა პრეზიდენტობის კანდიდატთან ერთად. 30 სექტემბერს ვასაძე გახდა თანაინვესტირების ფონდის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი. ამ აქტიურობამ ჩამოუყალიბა ვასაძეს პოლიტიკური ფიგურის იმიჯი, რაც დადასტურდა მაშინ, როდესაც მედიის წარმომადგენლებმა სთხოვეს კომენტარის გაკეთება 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. მედია მას კვლავ „ბიზნესმენის" სტატუსს ანიჭებს, თუმცა სხვა ბიზნესმენებს პოლიტიკური კომენტარების გაკეთებას რატომღაც არ სთხოვს. ვასაძის შემდეგი ნაბიჯები დაკავშირებული იყო ბაგრატიონების საგვარეულოსთან – 31 ოქტომბერს მან მიიღო „რაინდის" წოდება, ხოლო 3 ნოემბერს გახდა „ტახტის მემკვიდრის" ნათლია.

ვასაძის შესახებ არსებული ინფორმაცია მიანიშნებს იმაზე, რომ ის არის პიროვნება, რომლის ყოველი ნაბიჯი ემსახურება კონკრეტულ მიზანს. შესაბამისად, ის, რაც ბევრის თვალში სახალისოდ გამოიყურება, მათ შორის, ჩოხებით სიარული და ბაგრატიონებთან ურთიერთობა, არის გარკვეულ შედეგზე გათვლილი ქმედებები. ვასაძე ცდილობს მოიპოვოს მაქსიმალურად დიდი გავლენა ქართულ საზოგადოებაში და რაღაც მომენტში შეიძლება ღიად, ფორმალურად სცადოს გახდეს პოლიტიკური ლიდერი. როგორ გამოიყენებს ლევან ვასაძე თავის გავლენას, თუკი მისი ეს მცდელობა წარმატებული იქნება? ამაზე პასუხი მოიპოვება იმ იდეებში, რომელთა პროპაგანდირებასაც ვასაძე ცდილობს. ყველაზე კონცენტრირებულად ეს იდეები წარმოდგენილია ზემოხსენებულ ნაშრომში, რომელიც 2013 წლის მარტში გამოქვეყნდა.

ცენტრალური ადგილი ვასაძის რიტორიკაში უჭირავს თანამედროვე დასავლეთის და საქართველოს პროდასავლური ორიენტაციის კრიტიკას. ამ რიტორიკის ფარგლებში დასავლეთი არის გარყვნილი, ამერიკელებს ღმერთის ნაცვლად სწამთ მასონების და ფულის, კათოლიკეები არიან მართლმადიდებლების მტრები, ხოლო პროტესტანტები საერთოდ არ იმსახურებენ ქრისტიანების სახელს. დასავლეთის მიერ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, ვასაძის მიხედვით, გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს „დათრევის" დასავლური მცდელობით, ხოლო საქართველოს პროდასავლური პოლიტიკა უდრის პავლოვის ძაღლის რეფლექსს. ამავე დროს, რუსეთი, რომლის საზოგადოება თავისი სოციო-კულტურული მახასიათებლებით სინამდვილეში ვერანაირად ვერ ჩაითვლება უფრო ტრადიციულად, ვიდრე დასავლეთის ქვეყნების საზოგადოება, ვასაძის რისხვას რატომღაც არ იმსახურებს. მეტიც, მისი აზრით, „ერთმორწმუნე რუსები კულტურულადაც და ზნეობრივადაც ჩვენი მტრები კი არა, ჩვენი მოკავშირეები არიან". ვასაძეს არც სრულიად ანტიქრისტიანული საბჭოთა კავშირის ზედმეტი კრიტიკა მოსწონს. ის აღიარებს, რომ კომუნისტები იყვნენ ცუდები, მაგრამ შემდეგ აღწერს ამ ტოტალიტარული რეჟიმის უდიდეს ღვაწლს და უხარია, რომ საბჭოთა პერიოდში ქართველი ერი „პატივცემულ ერად მიიჩნეოდა" ევრაზიის უზარმაზარ სივრცეზე.

ამასთან ერთად, ვასაძე არ სწყალობს ლიბერალურ დემოკრატიას და მრავალსიტყვიერად აღწერს ამ პოლიტიკური წყობის უვარგისობასა და ბოროტებას. ამას თან სდევს მისი ასავალ-დასავალისეული მსჯელობანი პოლიტიკოსების ეთნიკურ წარმომავლობაზე და მოთხოვნა ნაციონალური მოძრაობის „რეჟიმის გასამართლების" შესახებ.

ჯამში, ვასაძის რიტორიკა, როგორც ამ ნაშრომში, ისევე სხვა საჯარო გამოსვლებში, ყოველმხრივ მიმართულია დასავლეთთან საქართველოს კავშირების შესუსტება-განადგურებისაკენ: ის ცდილობს დაარწმუნოს საქართველოს მოსახლეობა თანამედროვე დასავლეთის სიბოროტეში; საუბრობს დასავლეთთან დაკავშირებული ქართული პოლიტიკური ძალების განადგურების საჭიროებაზე; და ეწევა ისეთი იდეების პროპაგანდას, რომელთა განხორციელების შემთხვევაში საქართველოს კავშირი დასავლეთთან გახდება ისეთივე შეუძლებელი, როგორც ლუკაშენკოს ბელარუსისაა.

„ერთმორწმუნე რუსები კულტურულადაც და ზნეობრივადაც ჩვენი მტრები კი არა, ჩვენი მოკავშირეები არიან".
ლევან ვასაძე

დასავლეთთან კავშირის დაზიანება და გაწყვეტა არის საუკეთესო რეცეპტი იმისთვის, რომ რუსეთმა შეძლოს საქართველოში ყველაფერი იმის გაკეთება, რაც სურს. იზოლირებული საქართველო არის იდეალური გარემო კრემლის სურვილების რეალიზებისთვის. ასეთ შემთხვევაში, შედეგები საქართველოსა და მისი მოსახლეობისთვის უმძიმესი იქნება. ვერ ვიტყვი, რას ფიქრობს ლევან ვასაძე ამის შესახებ, მაგრამ ფაქტია, რომ მისი ქმედებები სწორედ ამ მძიმე სცენარის რეალიზებისკენაა მიმართული.

ლევან ვასაძის ამჟამინდელი მდგომარეობა საკმაოდ კომფორტულია. ის ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას ისე, რომ ფორმალურად არ ატარებს პოლიტიკოსის სახელს და არ უწევს შესაბამისი პასუხისმგებლობის გაზიარება. არსებული ხელისუფლება მის მიმართ მეგობრულია, შესაბამისად, მას აქვს მოქმედების სრული თავისუფლება. თუ მომავალში ვასაძე ფორმალურად დაიწყებს პოლიტიკურ საქმიანობას, ის ამას გააკეთებს, როგორც მანამდე „პოლიტიკით გაუსვრელი" ადამიანი, ზუსტად ისე, როგორც ეს 2011 წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა. ვასაძე ეცდება ამ ფაქტორის გამოყენებას და აუცილებლად იტყვის, რომ პოლიტიკოსობა არასდროს სურდა, მაგრამ არსებულმა მძიმე ვითარებამ აიძულა ეს, რადგანაც სამშობლოს გადარჩენის სხვა გზას ვეღარ ხედავდა.

ყველაზე კარგი დრო ვასაძისთვის ამ ნაბიჯის გადასადგმელად იქნება ის მომენტი, როდესაც ქართული ოცნება პოპულარობას უკვე საკმარისად დაკარგავს, ხოლო ნაციონალური მოძრაობა მას ჯერ საკმარისად ვერ აღიდგენს, თანაც, ამავე დროს, არც სხვა სერიოზული ოპოზიციური ძალა იარსებებს. სწორედ ამდაგვარი მომენტი, როდესაც მოსახლეობა გაწბილებულია პოლიტიკური სპექტრის ყველა არსებული მონაწილით, ხელსაყრელია ისეთი ახალი პოლიტიკური მოთამაშეების გამოსაჩენად, რომლებიც არწმუნებენ ადამიანთა ნაწილს, რომ მათ აქვთ ყველა პრობლემის მოგვარების რეცეპტი. ეს არ არის მოსალოდნელი უახლოეს პერიოდში, მაგრამ შეიძლება მოხდეს საშუალოვადიან პერსპექტივაში.

ქართულ ოცნებასთან და პირადად პრეზიდენტ მარგველაშვილთან სიახლოვის მიუხედავად, ვასაძე არაა ამ პოლიტიკური ძალის წევრი. ამიტომ ოცნების მომავალი წარუმატებლობები მის პირად პოლიტიკურ პოზიციებზე ცუდად არ აისახება. ამავე დროს, მას მხარს დაუჭერს ეკლესიის ხელმძღვანელობა და მასთან დაახლოებული წრეები. ასეთ შემთხვევაში ვასაძეს ექნება სერიოზულ პოლიტიკურ მოთამაშედ ქცევის იმედი. მეორეხარისხოვანია, როგორი იქნება მისი ამ მცდელობის ანტურაჟი – მონარქიის რაინდობა თუ რაიმე სხვა. მნიშვნელოვანი იქნება ის, რამდენად გავლენიანი გახდება და რა სახის ზიანს მოუტანს საქართველოს ინტერესებსა და უსაფრთხოებას ეს ახალი პოლიტიკური აქტორი. რა თქმა უნდა, არ არსებობს იმის გარანტია, რომ უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში ვასაძე მართლაც ეცდება ფორმალურ პოლიტიკურ ლიდერად გადაქცევას, მაგრამ მისი ამჟამინდელი ქცევა სწორედ ამისთვის მზადების მკაფიო ნიშნებს ატარებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

TI-ის ინიციატივით, პარტიების მიერ წინასაარჩევნოდ პრორუსული აგიტაცია უნდა აიკრძალოს

კომენტარები