ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ: ვგმობთ, რომ მთავარმა პროკურორმა ოპონენტებად მოგვიხსენია

primetimenews.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, "პარტია გმობს წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი და შესაბამისი უმაღლესი განათლების არმქონე ამჟამინდელი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას", სადაც იგი ნაციონალურ მოძრაობას ოპონენტებად მოიხსენიებს. ნაციონალური მოძრაობა აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, მთავარი პროკურატურა წარმოადგენს დამოუკიდებელ, ობიექტური გამოძიების ვალდებულების მქონე დეპოლიტიზებულ ინსტიტუტს და ვალდებულია იხელმძღვანელოს მხოლოდ და მხოლოდ კანონის ნორმებით.

"ოპოზიციის ოპონენტად მოხსენიება წარმოადგენს ღია განაცხადს იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა მთავრობის ხელში იქცა პოლიტიკურ იარაღად, რომელიც გამოიყენება პოლიტიკური ოპოზიციის რეპრესიების მიზნით. მიუხედავად ამისა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გააგრძელებს ბრძოლას და ოპოზიციის ფუნქციის - პასუხი მოსთხოვოს მთავრობას შეუსრულებელ დაპირებებზე - ზედმიწევნით შესრულებას", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურორმა გუშინ საზოგადოებას მიმართა. ოთარ ფარცხალაძის განცხადებით, ბოლო დროს, "მის მიმართ გააქტიურდა ბინძური პოლიტიკური კამპანია". მისივე შეფასებით, მთავარი პროკურატურის მიერ რეზონანსულ საქმეებზე გააქტიურებულმა გამოძიებამ ოპონენტები გაანაწყენა.

23 დეკემბერს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში, თბილისის მერმა გიგი უგულავამ სპეციალური განცხადება გააკეთა. უგულავას თქმით, მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე 2001 წელს გერმანიის ქალაქ აუგსბურგში ყაჩაღური ქურდობის ბრალდებით გასამართლდა და სასჯელის ერთ-ერთ ფორმად გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

კომენტარები