ციხის საქმე

პროკურატურა: მეგის ქარდავას, ყაჭეიშვილსა და ფაცაციას ბრალი დაუმძიმდათ

0 კომენტარი

პატიმარ მალხაზ არქანიას წამების ფაქტზე, მეგის ქარდავას და გლდანის ციხის ადმინისტრაციის დაკავებულ თანამშრომლებს ბრალი დაუმძიმდათ - ამის შესახებ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ლაშა მაღლაკელიძემ განაცხადა.

მაღლაკელიძის განცხადებით, მთავარი პროკურატურის მიერ ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მისაღებად პატიმრის წამების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულ იქნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ყოფილი უფროსი ვიქტორ ყაჭეიშვილი და ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი ოლეგ ფაცაცია, ხოლო შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს მეგის ქარდავას წარედგინა ბრალი დაუსწრებლად, ვინაიდან იგი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის მაისში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე მოთავსებულ პატიმარ მალხაზ არქანიას მეგის ქარდავამ მოსთხოვა გაურკვეველი ტერორისტული აქტების მომზადებაში მონაწილეობის აღიარება, ასევე ამ ტერორისტულ აქტებში მონაწილე სხვა პირების წინააღმდეგ ჩვენების მიცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა გაუპატიურებით. მალხაზ არქანიასგან კატეგორიული უარის მიღების შემდეგ, მეგის ქარდავას მითითებით სად-ის N8 დაწესებულების თანამშრომელმა ვიქტორ ყაჭეიშვილმა გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, იგი ჩაიყვანა ციხის ე.წ. კარანტინში, სადაც აყურებინეს დაუდგენელი მამაკაცის გაუპატიურების ფაქტი, რის შემდეგაც მეგის ქარდავა მალხაზ არქანიას დაემუქრა, რომ თუ სასურველ აღიარებით ჩვენებას არ მიცემდა, მასაც იგივე ბედი ეწეოდა. უარის მიღების შემდეგ მეგის ქარდავამ, ვიქტორ ყაჭეიშვილთან, ოლეგ ფაცაციასთან და გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, მალხაზ არქანია სასტიკად აწამა", - განაცხადა პროკურორმა. 

მისი თქმით, პატიმრის საბოლოოდ ფსიქოლოგიურად გასატეხად, მას სქესობრივი ძალადობის ინსცენირება მოუწყვეს.

"მალხაზ არქანიას საბოლოოდ ფსიქოლოგიურად გასატეხად, იგი შეიყვანეს ერთ-ერთ საკანში, სადაც ნიღბებში გამოწყობილი სხვა პატიმრების გამოყენებით მოუწყვეს სქესობრივი ძალადობის ინსცენირება, რისი დაფიქსირებაც მოახდინეს ფოტოკამერაზე, სურათი კი მეგის ქარდავას გადასცეს. ცემის, წამების, ფოტოსურათების გავრცელების და ფიზიკური შეურაცხყოფის გაგრძელების შიშით, მალხაზ არქანია იძულებული გახდა ხელი მოეწერა მისი მწამებლებისთვის ხელსაყრელი ე.წ. აღიარებითი ჩვენებისთვის", - აღნიშნა ლაშა მაღლაკელიძემ. 

გამოძიების ინფორმაციით, 2011 წლის მაისიდან 2012 წლის თებერვლამდე პერიოდში ე.წ. ტერაქტების საქმის ფარგლებში მალხაზ არქანიას დაკითხვა არაერთხელ მოხდა, რა დროსაც ხდებოდა ცემა-წამებით მისი დაპირისპირება იმავე საქმეში თითქოსდა მხილებულ სხვა პირებთან. 

"ერთ-ერთი დაპირისპირების დროს სასურველი ჩვენების მისაღებად მეგის ქარდავამ მალხაზ არქანიას თავზე იარაღი მიადო და დახვრეტის იმიტაცია მოახდინა. ასევე ზეწოლის შედეგად მალხაზ არქანია აიძულეს უარი ეთქვა მისი უფლებების დამცველ ადვოკატებზე. მასზე განხორციელებული წამების არაერთი ფაქტის გამო, მალხაზ არქანიამ თვითმკვლელობაც სცადა", - განაცხადა პროკურორმა. 
გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 144 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ცხრიდან თხუთმეტ წლამდე ვადით. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ღვინჯილია

კომენტარები