აგრარული უნივერსიტეტი

კახა ბენდუქიძემ აგრარულ უნივერსიტეტში 17 მილიონ ლარზე მეტი ჩადო

Kakha Bendukidze
Tabula

კახა ბენდუქიძის დაფუძნებულმა ცოდნის ფონდმა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში 2 წლის მანძილზე 17 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. ამის შესახებ აგრარული უნივერსიტეტის რექტომა ლაშა გოცირიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აგრარული უნივერსიტეტის რექტორის თქმით, მთავრობასთან 2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ცოდნის ფონდს 2 წლის განმავლობაში 8 მილიონი ლარი უნდა დაებანდებინა. თუმცა ამ დროისთვის ინვესტიციების მოცულობა უკვე ორჯერ მეტია. „შედეგად, ფაქტობრივად ახალი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა შეიქმნა“, - განაცხადა გოცირიძემ.

აგრარული უნივერსიტეტის რექტორის ინფორმაციით, 12 მილიონ ლარზე მეტი აგრარული უნივერსიტეტის შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციაზე დაიხარჯა; 3 მილიონი ლარით დაფინანსდა 80-ზე მეტი სამეცნიერო კვლევა: 250-ზე მეტმა მკვლევარმა მიიღო სამეცნიერო გრანტი, 2 წლის განმავლობაში შეიქმნა 5 ახალი სამეცნიერო ინსტიტუტი; 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა თანამედროვე ლაბორატორიული აღჭურვილობის შეძენაზე: მოქმედებს 47 სამეცნიერო და სასწავლო ლაბორატორია.

გოცირიძე ამბობს, რომ ორი წლის განმავლობაში ამოქმედდა 7 საცდელი მეურნეობა, სადაც იწარმოება 15 კულტურაზე მეტი; რეგიონში შეიქმნა სათესლე, სანერგე და სანაშენე მეურნეობები; ასევე, იქმნება ხეხილის და ვაზის კოლექციები. ცოდნის ფონდმა სასოფლო-სამეურნეო ბაზა 1.5 მილიონი ლარით დააფინანსა.

ცოდნის ფონდი არამომგებიანი არაკომერციული საქველმოქმედო ორგანიზაციაა. დაფუძნებულია კახა ბენდუქიძის მიერ  2007 წელს. აფინანსებს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის და აგრარული უნივერსიტეტის განვითარებას, გასცემს სასწავლო გრანტებს. საგრანტო პროგრამის მოცულობა 2013 წელს აღემატება 1.2 მილიონ ლარს. 

მთავრობასთან 2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ცოდნის ფონდს 8 მილიონი ლარის ინვესტირების ვადა დღეს ამოეწურა. როგორც აგრარული უნივერსიტეტის რექტორი აცხადებს, ცოდნის ფონდი 17 მილიონ ლარზე შეჩერებას არ აპირებს და ინვესტირება მომავალშიც გაგრძელდება. 

კომენტარები