საპარლამენტო უმცირესობის სხდომა

ენმ: არ გვაქვს პასუხი, დაესწრება თუ არა ოთარ ფარცხალაძე უმცირესობის სხდომას

0 კომენტარი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობას აქამდე არ აქვს პასუხი მთავარი პროკურატურისგან - დაესწრება თუ არა მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე უმცირესობის სხდომას. პარტიის განცხადებით, უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს და მთავარ პროკურორს 23 დეკემბერს წერილობით მიმართა და სთხოვა, რომ 26 დეკემბერს, 14სთ-ზე მთავარი პროკურორი დასწრებოდა საპარლამენტო უმცირესობის სხდომას.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აღნიშნავს, რომ დღევანდელ სხდომაზე უნდა განხილულიყო 17 დეკემბერს საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის და მთავარი ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივნის ივანე მერაბიშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადება ზეწოლასთან დაკავშირებით.

"აღნიშნული შეხვედრის მთავარი მიზანი იყო, რომ მოგვესმინა პასუხები მთავარი პროკურორისგან ისეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე გამოუძიებელ საქმეებზე, როგორიცაა:

1. ივანე მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც მან ბრალი დასდო მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს, რომ მისი დავალებით ივანე მერაბიშვილი ღამით ფარულად გაიტაცეს საკნიდან და თავზე ჩამოფარებული მიიყვანეს მთავარ პროკურორთან, სადაც ამ უკანასკნელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ზეწოლის ფაქტებს. სამწუხაროდ პროკურატურას ამ საქმესთან დაკავშირებით არანაირი რეაგირება არ ჰქონია, თუმცა სხვა შემთხვევებში საპირისპიროდ ხდება ხოლმე;

2. ბევრი კითხვა დაგროვდა ასევე ოთარ ფარცხალაძის დიპლომთან, გერმანიაში მის ნასამართლეობასთან, ასევე მედიაში გაჟღერებულ ჯიქიას ქუჩაზე 140 000 დოლარად შეფასებულ ბინის შეძენასთან დაკავშირებით;

3. ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფონ რასმუსენის ვიზიტის დროს მერიის 24 თანამშრომლის დაკავებასთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლომ უკანონოდ ცნო;

4. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გიორგი ლორთქიფანიძის სახლთან ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენის ფაქტთან დაკავშირებით;

5. თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის ალექსანდრე ნინუას საქმესთან დაკავშირებით, რომელმაც განაცხადა პროკურატურის მხრიდან მასზე ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით და დანაშაულის ინსცენირება განახორციელა;

6. თენგიზ გუნავასთვის იარაღის ჩადების ფაქტთან დაკავშირებით დამნაშავეების დასჯა;

7. მოსამართლის თანაშემწე ია ბარამიძეზე ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტთან დაკავშირებით;

8. შს მინისტრის ყოფილი მოადგილის გელა ხვედელიძის საქმესთან დაკავშირებით, რომლის განხილვაც გადაიდო პროკურორის გამოუცხადებლობის გამო;

9. გეგუთის ციხეში ლევან კორტავას მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, ამ საქმეში მოწმეს - ციხის უფროსს მალხაზ სინაურიძეს ხელი შეუწყვეს, რომ საქართველოდან წასულიყო;

10. ბარბარე რაფალიანცის საქმესთან დაკავშირებით;

11. ბაჩო ახალაიას საკანში უკანონო ვიდეო და აუდიო გადაღებასთან დაკავშირებით;

ზემოთ მოცემულია ნაწილი იმ გამოუძიებელი საქმეებისა, რომელიც მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს და რომლებზეც პასუხები არ არის გაცემული. სწორედ ამ საკითხებზე სასაუბროდ ვიწვევდით საქართველოს მთავარ პროკურორს", - აცხადებენ ნაციონალურ მოძრაობაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები