ზალკანიანი: მომავალ წელს სავარაუდოა რუსეთისგან საქართველოზე ზეწოლები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკანიანის თქმით, "ვფიქრობ, რომ მომავალი წელი იქნება სერიოზული გამოწვევების წელი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით". ამის შესახებ მან პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა. ზალკანიანის აზრით, მომავალ წელს სავარაუდოა რუსეთის მხრიდან საქართველოზე "სერიოზული ზეწოლები".

"სერიოზული ზეწოლები იქნება, სავარაუდოდ, და ამისთვის სერიოზულად ვემზადებით. ჩვენს პარტნიორებთან მუდმივი კონსულტაციის რეჟიმში ვართ, რათა არ მოხდეს ჩვენს საგარეო კურსსა და პრიორიტეტებთან მიმართებაში რაიმე გავლენა რუსეთის ფედერაციასთან მხრიდან", - თქვა ზალკანიანმა.

ზალკანიანმა დეპუტატებს ჟენევის ფორმატის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელი საკმაოდ რთული იყო.

"როგორც ცნობილია, ყოველწლიურად იმართება მოლაპარაკების 4 რაუნდი. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ოკუპირებული აფხაზეთის, ისე ცხინვალის წარმომადგენლების მხრიდან (რაც ორკესტრირებული იყო რუსეთის ფედერაციის მიერ) იყო მცდელობები მომხდარიყო ჟენევის ფორმატის დაკნინება და გარკვეულწილად რაუნდების შემცირებაც კი, ჩვენი ძალიან მყარი და მკაფიო პოზიციის შედეგად მოვახერხეთ და შევინარჩუნეთ როგორც ფორმატი, ისე რაუნდების რაოდენობა და წლის განმავლობაში 4-ვე რაუნდი ჩატარდა. ეს არ იყო ადვილი წელი. განსაკუთრებით რთული იყო პირველი ორი რაუნდი, რომლის დროსაც ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლები ფორმატის დაკნინებას და მათი სტატუსის აწევას ცდილობდნენ და ამის გამო ვერ მოხერხდა კონცენტრაციის ძირითად საკითხებზე გაკეთება. უკვე მესამე-მეოთხე რაუნდებზე იყო ძირითადი აქცენტი გადატანილი მთავარ თემებზე, მათ შორის, ოკუპირებული ხაზის გასწვრივ მიმდინარე პროცესებზე, რაც გამოხატულია მავთულხლართების დამონტაჟებაში", - აღნიშნა ზალკანიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის აზრით, რუსეთზე ქართული მხარის ერთადერთი ზემოქმედების ბერკეტი "არის ის, რომ მოვახდინოთ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია, რათა მან გააკეთოს ძალიან მკაფიო გზავნილები რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში და საერთაშორისო თანამეგობრობამ მოსკოვთან ორმხრივ დიალოგში ეს საკითხი პრიორიტეტებში აწიოს".

"რუსეთის დელეგაციას ჟენევაში თავის მართლების რეჟიმში უხდება გამოსვლა და ეს, რა თქმა უნდა, მას არავითარ შემთხვევაში არ აყენებს კომფორტულ მდგომარეობაში", - თქვა ზალკანიანმა.

კომენტარები