თეოლოგიის დოქტორი

სონღულაშვილი: ვერ წარმოვიდგენდით ასეთ ადეკვატურ რეაქციას პრეზიდენტისაგან

მალხაზ სონღულაშვილი
ტაბულა/გადაცემა ”საუბარი რელიგიაზე”

თეოლოგიის დოქტორი, მალხაზ სონღულაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსობიდან გადადგა, გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ღია წერილით ეხმაურება. პრეზიდენტმა 25 დეკემბრის საშობაო მილოცვაში მხოლოდ კათოლიკეები მოიხსენია, რასაც თეოლოგიის დოქტორის შენიშვნა მოჰყვა. მარგველაშვილმა შენიშვნა სრულიად გაიზიარა. სონღულაშვილის ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს

თქვენო აღმატებულებავ,

ამ წერილით მინდა გამოვეპასუხო თქვენს გამოხმაურებას ჩემს შენიშვნაზე შობის მილოცვასთან დაკავშირებით.

არ დაგიმალავთ, ვერც მე და, ვფიქრობ, ვერც ბევრი სხვა ადამიანი, ვერ წარმოვიდგენდით ასეთ ადეკვატურ რეაქციას ქვეყნის პრეზიდენტისაგან. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენში როგორც პოლიტიკური, ასევე საზოგადოებრივი დიალოგის კულტურა კონფრონტაციულ ქარგაზეა მოჭრილი. თქვენ ამ ქარგას გვერდი აუარეთ, რითაც შექმენით ადამიანური დიალოგის პრეცედენტი ჩვენს რეალობაში. მადლობა ამისთვის.

მე მხოლოდ იმას ვისურვებდი, რომ ჩვენმა პოლიტიკოსებმაც ისწავლონ დიალოგში მონაწილეობის ასეთი გზა, რომელიც განსხვავებული აზრისადმი და შენიშვნისადმი ყურის დაგდებას გულისხმობს.

ხუთი წელი ოქსფორდში მუშაობის შემდეგ, საქართველოში რომ დავბრუნდი, მაშინვე ვიგრძენი, რომ ეს ის ქვეყანა აღარ იყო, საიდანაც წავედი. ბერძენი ფილოსოფოსისა არ იყოს, "მდინარეში ორჯერ ვერ შედგამ ფეხს". ამ ხუთ წელიწადში მეც შევიცვალე და ჩემი სამშობლოც.

პირველი, რაც თვალში მეცა შინ დაბრუნებულს, ეს იყო სოციალურ-პოლიტიკური ანტაგონიზმისა და ფობიების კორიანტელი. რაც, ჩემი მოკრძალებული აზრით, იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი საზოგადოება დანაწვრებულია და დასნეულებული.

დღეს დილას ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა: "ჩვენ ადამიანები, ცოდნისა და სიყვარულისთვის ვიბადებით, მაგრამ როგორი დასანანია, რომ ჩვენი უმეტესობა ამ სოფლიდან ისე მიდის, რომ ვერც ერთს ეზიარება და ვერც მეორესო". როგორი მწარე სიმართლეა!!! გამომდინარე თქვენი პასუხიდან ჩემს შენიშვნაზე, მინდა დავიჯერო, რომ თქვენ თქვენს მცდელობას არ დააკლებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ეზიაროს განათლებასა და სიყვარულს.

ჩემი აზრით, ადამიანი დაიღალა ამდენი კინკლაობისა და ქიშპობის ყურებით. იქნებ, სამხრეთ აფრიკის გამოცდილების მსგავსად, ჩვენმა ქვეყანამაც გეზი "სიმართლესა და შერიგებაზე აიღოს". რევანშიზმი და ოპორტუნიზმი ჩვენ ქვეყანას ვერ გააერთიანებს. გაერთიანება კი ჰაერივით სჭირდება დღეს მთელ ჩვენს საზოგადოებას და მის თითოეულ წევრს. სიმართლე უნდა ითქვას რათა უსამართლობა დაგმობილ იქნას, მაგრამ პატიება უნდა გაიცეს, რათა სამართლიანობის დაცვა სინდისის საქმედ იქცეს ჩვენში და არა შიშისა, რათა ყველამ ბრალეულმა და მსხვერპლმა ერთმანეთს აპატიონ და თავიანთი ნიჭები ერთად წარმართონ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ჩვენ ყველანი ხომ ადამიანები ვართ და ამიტომ დაცულები არა ვართ შეცდომებისაგან. შეცდომის აღიარება ადამიანს აღამაღლებს და არ დაამდაბლებს. ნეტა ყველას შეგვეძლოს ამ აზრის გათავისება!

ადამიანის დევნა დევნას ბადებს, პატიება-პატიებას, დაპირისპირება დაპირისპირებას. მოჯადოებული წრე ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაირღვეს. დანაწევრებული საზოგადოება უნდა გამრთელდეს.

ცხადია, გაერთიანება უნდა მოხდეს არა ერთგვაროვნების, არამედ მრავალფეროვნების დროშის ქვეშ. ჩვენ ხომ რუსთველისა და ვაჟას ქვეყანა ვართ, სადაც მრავალფეროვნებას კი არ უნდა დავტიროდეთ, არამედ უნდა ვზეიმობდეთ.

ქვეყნის გამრთელების მცდელობაში, ჩემი აზრით, თქვენი მთავარი მოკავშირე იქნება ჯანსაღი სეკულარიზმი, რომლისაც ასე ეშინიათ ჩვენში. სეკულარიზმის საპირწონედ ჩვენში რელიგიას ისე ეკეკლუცებიან პოლიტიკოსები და სხვანი, თითქოს იგი დაცლილი იყოს ნაკლისაგან. ჩემი აზრით, ეს ისეთივე პრობლემაა საქართველოსთვის, როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემა ერთად აღებული.

რელიგია ღმერთისკენ მიგვითითებს, მაგამ მას აქვს ადამიანური მხარეც: ყველა რელიგიას აქვს თავსი მრწამსი, რელიგიური პრაქტიკა, რიტუალები, წეს-კანონები, რაც რელიგიისთვის საშუალებას წარმოადგენს და არა მიზანს. მისი მიზანი კი ის არის, რომ იგი ემსახუროს სიყვარულს, სამართალს, თავისუფლებას, პატიებას და განსხვავებულ ადამიანთან სოლიდარობას. ხოლო როცა საშუალება მიზნად იქცევა, მაშინ რელიგია სიყვარულის მაგივრად უყვარულობას ემსახურება, სამართლის მაგივრად - უსამართლობას, თავისუფლების მაგივრად - მონობას, პატიების მაგივრად - უპატიებობას, სოლიდარობის მაგივრად - ულმობლობას და სისასტიკეს. სამწუხაროდ, რელიგიით და რელიგიებით მანიპულირების პრაქტიკა უკვე ღრმად არის ფესვგადგმული ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც ერთნაირად აზიანებს როგორც სახელმწიფოს, ისე რელიგიას.

იმედია, ამას, რასაც ახლა ვამბობ, მენტორული ტონით დაწერილად არ აღიქვამთ, რადგან მე მხოლოდ იმის გაზიარება მინდოდა, რაც მე მაწუხებს, როგორც ამ ქვეყნის უბრალო მოქალაქეს.

ამ წერილს მინდა კიდევ ერთხელ მოვუსართო ჩემი საახალწლო მოლოცვა და გისურვოთ წარმატება ჩვენი ქვეყნის სულიერი და კულტურული გამთლიანების საქმეში.

შობა-ახალი წელი არ მინდა "ცარიელი ხელით" მოგილოცოთ. საჩუქრად მინდა აღგითქვათ ჩემი კრიტიკული სოლიდარობა ჩვენი ქვეყნის გაერთიანების მცდელობაში", - ნათქვამია წერილში.

კომენტარები