განათლების სისტემა

განათლების საუკეთესო სისტემის ძიებაში

0 კომენტარი

ექნება საქართველოს მსოფლიოში საუკეთესო სასკოლო განათლების სისტემა? ჩვენც ხომ მივაღწევთ მწვერვალს, თუ განათლების პოლიტიკა სწორად დაიგეგმა, შესაბამისი რესურსებიც მოიძებნა და ყოველი ნაბიჯი დაფიქრებულად გადაიდგა? თუ ფიქრობთ, რომ ეს კითხვები ზედმეტად მარტივია, თქვენი გაწბილება მომიწევს. „მსოფლიოში საუკეთესო განათლების სისტემა" არა მხოლოდ საეჭვო იდეალია, არამედ მისკენ სწრაფვას განათლების პოლიტიკისთვის ზიანის მოტანაც შეუძლია. ამიტომ ჩვენი ორიენტირები სხვაგვარად უნდა დავსახოთ.

განათლების საუკეთესო სისტემას დიდი ხანია ეძებენ. ნაპოლეონ ბონაპარტის საფრანგეთიდან ინგლისში, ჰოლანდიასა და შვეიცარიაში გამოცდილების შესაძენად სპეციალური მისიები იგზავნებოდა. ფრანგი რევოლუციონერის, მარკ-ანტუან ჟულიენის დაწყებული ეს საქმე, დღეს განათლების შედარებითი კვლევებით გრძელდება. იაკობ გოგებაშვილიც სწავლობდა რუსეთის იმპერიის ფარგლებში არსებულ პოლიტიკას, საზოგადოებრივ ჯგუფებს და საგამომცემლო საქმის ევროპულ გამოცდილებას. სწორედ ამ ცოდნის გათვალისწინებით შეიქმნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, პირველი სახელმძღვანელოები და საბავშვო ლიტერატურა.

მიუხედავად სერიოზული შედარებითი კვლევების ხანგრძლივი ისტორიისა, საბჭოთა პერიოდში დისკუსიები ჩვენთან ხშირად კერძო შემთხვევების ოპტიმისტურ განზოგადებებს ეფუძნებოდა. მათი გამოძახილი დღემდე შენარჩუნებულია აკადემიური საზოგადოების უფროსი თაობების წევრების მონაყოლში. პერესტროიკის პერიოდის კერძო ისტორია „ჩემი სტუდენტი ამერიკაში წავიდა და იქ საუკეთესო იყო თანატოლებს შორის" დღეს გარდაიქმნა ახალ მითად – „ჩვენს ბევრ მეცნიერს ეხვეწებიან უცხოეთში სამუშაოდ წასვლას", რითიც იმის დასასაბუთებას ცდილობენ, რომ სსრკ-ის განათლების სისტემა დასავლურს არ ჩამოუვარდებოდა.

თუ საბჭოთა პერიოდში სისტემების შედარების პოპულარული მიზანი არსებულის ლეგიტიმაცია იყო, დღეს უცხოეთის გამოცდილება საჭირო ცვლილებების დასასაბუთებლად გამოიყენება. ბოლო წლებში, საერთაშორისო არგუმენტით საქართველოში სხვადასხვა ნაბიჯი გადაიდგა (მაგალითად, ე.წ. აბიტურის საათების და გამოსაშვები გამოცდების შემოღება). პოლიტიკის პარალელურად, ელექტრონული მედიით ვრცელდება სტატიები, რომლებიც ე.წ. საუკეთესო განათლების სისტემების მქონე ქვეყნებს ეხება.

ამ სტატიებში, საქართველოს მახასიათებლებს ხშირად ადარებენ სხვა, ე.წ. საუკეთესო განათლების სისტემების მქონე ქვეყნებისას. ვკითხულობთ, რომ ფინეთში ტესტირებები იშვიათი მოვლენაა, ხოლო მასწავლებლობა სასურველი პროფესია; სინგაპური წარმატებულად ამზადებს მასწავლებლებს; ჰონგკონგში მოსწავლეები მათემატიკაში განსაკუთრებით წარმატებულები არიან; საქართველო განათლების შედეგებით თურმე ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა. სტატიების ავტორებისა თუ პოლიტიკოსების რიტორიკა მსგავსია: არსებობს მექანიზმები, რომლებიც ახასიათებს განათლების წარმატებულ სისტემებს და მათი შემოღება ჩვენს სისტემასაც საუკეთესოსთან დააახლოებს.

რამ გამოიწვია შედარებებისას კერძო შემთხვევების მნიშვნელობის კლება და სისტემის მახასიათებლებზე მეტი ფოკუსირება? ცხადია, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენ გაცილებით მეტ ინფორმაციაზე მიგვიწვდება ხელი. თუმცა შედარების ფორმისა და შინაარსის ცვლილება არა მხოლოდ რკინის ფარდის საბჭოთა მხარეს მყოფ ქვეყნებში მოხდა. საქმე გლობალურ ფენომენთან გვაქვს.

ახალი ხედვა მნიშვნელოვნად ფართომასშტაბიანმა საერთაშორისო შედარებითმა კვლევებმა განაპირობა. ოთხმოცდაათიანი წლებიდან მათემატიკის, წიგნიერების, ბუნებისმეტყველებისა და სხვა კვლევები განვითარებული ქვეყნების დიდი ნაწილისთვის განათლების სისტემების შეფასების ერთგვარი სტანდარტული მექანიზმია. მოსწავლეების ტესტირების შედეგების მიხედვით შედგენილი რეიტინგები მნიშვნელოვნად განაპირობებს დისკუსიების შინაარსს.

ოცდამეერთე საუკუნიდან მოყოლებული, სულ უფრო მეტი განვითარებადი ქვეყანა ერთვება ამ სისტემაში. საქართველოც ერთ-ერთი მათგანია. 2006 წლიდან კვლევებისთვის სპეციალური ალგორითმით შერჩეული ჩვენი მოსწავლეების ნაწილი იმავე ტესტებს წერს, რასაც სხვა მონაწილე ქვეყნების თანატოლები.

საუკეთესოებს შორის ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში სხვადასხვა ტესტზე სწორედ ფინეთი, სინგაპური, ჰონგკონგი, იაპონია, კანადა, სამხრეთ კორეა ლიდერობენ. საერთაშორისო კვლევებში, ქართველი ბავშვების ტესტირებების შედეგები უმეტეს ქვეყანასთან შედარებით ცუდია. ამ კვლევების შედეგად, მარტივი ლოგიკის მიხედვით მიიღება დასკვნა, რომ: სხვა განათლების სისტემები ჩვენსას სჯობს და თუ ჩვენ წარმატებული განათლების სისტემების გამოცდილებას გავითვალისწინებთ, საუკეთესოების რიცხვში მოვხვდებით.

სინამდვილეში კი, როგორც თავიდანვე აღვნიშნე, ასეთ მსჯელობაზე დაფუძნებულ ნაბიჯებს შორს არ მივყავართ. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.

პირველი – მოსწავლეების ტესტირებების შედეგები განათლების სისტემის აღწერისთვის არასაკმარისი და მცდარი მაჩვენებელია. განა სინგაპურს უკეთესი განათლების სისტემა აქვს, ვიდრე, ვთქვათ, საფრანგეთს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩინელი მოსწავლეები მათემატიკის ან საბუნებისმეტყველო საგნების ტესტებზე უკეთეს შედეგებს აჩვენებენ? განა გვეუბნება რამეს ეს სტანდარტული შეფასების ინსტრუმენტები იმის შესახებ, თუ რომელი სისტემა უფრო ეფექტიანია, ვთქვათ, აქტიური, შემოქმედებითი, ტოლერანტი, კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქეების აღზრდაში?

მეორე – ამ ტესტირებებში მონაწილე ქვეყნების შედეგების განზოგადება სრულიად არასწორია მთელ მსოფლიოში არსებული ვითარების აღსაწერად. საერთაშორისო კვლევებში მონაწილე ქვეყნების უმეტესობა განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებია, რომლებსაც არა მხოლოდ შეუდარებლად მეტი რესურსი აქვთ, არამედ რეალურად განსაზღვრავენ ამ ტესტების შინაარსსაც და ქულების დადგენის მეთოდოლოგიასაც.

მესამე – წარმოდგენები, რომლებიც ამგვარი კვლევების საფუძველზე მიღებული რაოდენობრივი მაჩვენებლებით განათლების სისტემებს ერთმანეთთან აჯიბრებს, გულისხმობს, რომ განათლება ინდივიდების ან საზოგადოებისგან დამოუკიდებელი პროდუქტია, რომელიც შეიძლება იყოს უკეთესი ან უარესი, მიუხედავად მისი კონტექსტისა. ამის საწინააღმდეგო მოსაზრებაა – და, ჩემი აზრით, მეტად მართებულიც – რომ განათლება არის გამოცდილების მიღების პროცესი, რომელსაც გადის კონკრეტული ინდივიდი ან სოციალური ჯგუფი, კერძო და, ამავდროულად, საერთო მისწრაფებების, ღირებულებების, შესაძლებლობებისა და კულტურული ნორმების ურთიერთკავშირების პირობებში.

განათლების ობიექტურად კარგი სისტემის არსებობის პირობებში პოლიტიკოსის ამოცანა მარტივი იქნებოდა: საუკეთესოს იდენტური სისტემის შექმნა. ამის შეუძლებლობის საილუსტრაციოდ გთავაზობთ ვუპასუხოთ კითხვას: საქართველოში რომ ფინეთის იდენტური განათლების სისტემა იყოს, იდენტური მიზნებით, მასწავლებლების კვალიფიკაციით, სკოლების იდენტური აღჭურვილობით, სახელმძღვანელოებით და ა.შ., ექნებოდათ თუ არა ქართველ მოსწავლეებს ფინელი მოსწავლეების იდენტური შედეგები?

ამ კითხვაზე პასუხი უარყოფითია. სისტემური პერსპექტივიდან განათლება სხვა სისტემებისგან განცალკევებით ვერ განიხილება. ის დამოკიდებულია ეკონომიკაზე, სოციალურ ვითარებაზე, დემოგრაფიაზე, პოლიტიკურ სტაბილურობასა და ზოგადად ქვეყანაში არსებულ მმართველობის ხარისხზე. მაგალითად, ფინეთში 3%-ზე ნაკლები სკოლის მოსწავლეა, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.

საქართველოში კი ასეთების რიცხვი, ზოგიერთი ცნობით, 10-25%-ს შორის მერყეობს. სიღარიბეც, ცხადია, ფარდობითი ცნებაა და მისი ერთი საზომით შედარებაც ისევე პრობლემატურია, როგორც განათლების სისტემის. თუმცა შეგვიძლია დარწმუნებით ვისაუბროთ იმის შესახებ, რომ საქართველოში გაცილებით მეტი მოსწავლე მეცადინეობს მშიერი, ვიდრე ფინეთში, სინგაპურსა თუ იაპონიაში.

მიუხედავად იმისა, რომ განათლების სისტემებს შორის შედარებები არაზუსტია, მაინც ხომ არის ამ პროცესისგან სარგებელი? ცხადია, ამგვარ შედარებით კვლევებში არის მრავალი სასარგებლო, მაგრამ აქ საფრთხეებზე ვსაუბრობთ. მეოცე საუკუნის დასაწყისში, განათლების ინგლისელი მკვლევარი სერ მაიკლ სედლერი სწორედ ამ თემაზე აქვეყნებს მნიშვნელოვან ესეს: „რამდენად შეგვიძლია პრაქტიკული ღირებულების ცოდნის შეძენა განათლების უცხო სისტემების შესწავლისას?".

ამ ესეში ის ერთ-ერთი პირველი აღწერს იმ საფრთხეს, რაც შედარებების მიმართ გაუფრთხილებელ მიდგომას შეიძლება მოჰყვეს. სედლერი წერს: „ჩვენ არ შეიძლება ვისეირნოთ მთელი სიამოვნებით მსოფლიოს განათლების სისტემებში, როგორც ბავშვი სეირნობს ბაღში, მოვკრიფოთ ყვავილი ერთი ბუჩქიდან, ხოლო ფოთლები მეორიდან და შემდეგ ველოდოთ, რომ ჩვენს შეგროვებულს თუ სახლთან არსებულ მიწაში ჩავრგავთ, ცოცხალ მცენარეს გამოვზრდით. განათლების ეროვნული სისტემა ცოცხალი რამ არის. ის მივიწყებული ბრძოლებისა და სირთულეების შედეგია... ის ხშირად გამოხატავს ეროვნული ხასიათის მიღწევებსა და ნაკლოვანებებს და სწორედ ისეთ წვრთნაზე აკეთებს აქცენტს, რაც ეროვნულ ხასიათს ესაჭიროება".

განათლების სისტემა ჩვენც საკუთარი საგანმანათლებლო კლიმატის, ლანდშაფტისა და მისწრაფებების მიხედვით უნდა დავგეგმოთ და არა რომელიმე წარმოსახვითი „საერთაშორისო სტანდარტების" შესაბამისად. ამგვარად, უფრო მეტი ალბათობით შევძლებთ, რომ სკოლამ, მასწავლებელმა, სახელმძღვანელომ, მედიამ, სახელმწიფომ თუ სხვამ, ხელი შეუწყოს პიროვნული ღირსებისა და თავისუფლების მოყვარული მოქალაქეების და არა რომელიმე საერთაშორისო შეჯიბრში „გამარჯვებული" სტატისტიკური ერთეულების აღზრდას. სწორედ ასე შევქმნით იმ სისტემას, რომელიც საუკეთესო იქნება ჩვენთვის, მაგრამ არა სხვა ქვეყნისთვისაც.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები