ნაციონალური მოძრაობის აქცია

ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები რუსთაველზე მსვლელობას მართავენ

ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე მსვლელობას აწყობენ. ისინი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, მათ შორის გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას აპროტესტებენ. რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა შეწყვეტილია. ოპოზიციის მხარდამჭერები მსვლელობას კანცელარიის შენობასთან დაასრულებენ. მსვლელობა შეძახილების ფონზე მიმდინარეობს, - "გადადგეს ფარცხალაძე", "უფლებამოსილება დაუბრუნონ არჩეულ მერს".

არასაპარლამენტო ოპოზიციის მხარდამჭერები ცოტა ხნის წინ, ვერის საკალათბურთო დარბაზში იყვნენ შეკრებილები. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის პავლე კუბლაშვილის თქმით, დღევანდელი შეკრების მიზანი მათი მხარდაჭერებისთვის იმ ინფორმაციის მიწოდებაა, რაც დღეს ქვეყანაში ხდება.

"ბოლო დღეებში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, მათ შორის პროკურატურის ქმედებები ის თემებია, რომლებიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია და ეს ინფორმაცია აუცილებელად უნდა მივაწოდოთ მხარდაჭერებს", - აღნიშნა კუბლაშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი წევრის ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით კი, ქართული დემოკრატია საფრთხეშია.

"არჩეული მერი გადააყენეს. ამ თემაზე საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია აუცილებლად უნდა მიეწოდოს. გიგი უგულავას საქმე, ვანო მერაბიშვილის საქმე, პროკურატურის გარშემო შექმნილი ვითარება, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას ეჭვქვეშ აყენებს, ამ დროს კი მათზე ნულოვანი რეაქციაა", - ამბობს ჯაფარიძე.

 

კომენტარები