თბილისის ბიუჯეტი

ნარმანია: ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა არ ნიშნავს, რომ ღონისძიებები არ დაფინანსდება

mrdi.gov.ge

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას თქმით, თბილისის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა არ ნიშნავს იმას, რომ ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებები არ დაფინანსდება. მისი თქმით, თბილისის ბიუჯეტთან მიმართებით საკრებულოს სერიოზული კითხვები ჰქონდა და ეს ლეგიტიმური იყო.

"როცა ბიუჯეტთან დაკავშირებით არის კითხვები და როდესაც ბიუჯეტი გაუმჭვირვალეა, ასეთ შემთხვევაში აქვს უფლებამოსილება არ დაამტკიცოს ბიუჯეტი. 1-ლი იანვრიდან მოუწევს 1/12-ის პრინციპით ხარჯვა თბილისის მერიას. ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა არ ნიშნავს, რომ ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებები არ დაფინანსდება. ეს ყველაფერი დაფინანსდება და ამის შესაბამისი წესი არის საბიუჯეტო კოდექსში. ამიტომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ, ამ შემთხვევაში მერიამ, გამჭვირვალე უნდა გახადოს ბიუჯეტი და გამჭვირვალე ბიუჯეტის წარმოდგენის შემთხვევაში, იმედი მაქვს, საკრებულო მას შემდეგი მოსმენით მიიღებს", - თქვა ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისი 2014 წელს ბიუჯეტის გარეშე შეხვდება. დედაქალაქის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით თბილისის მთავრობის მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო პროექტი ჩააგდო. 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ ხმა 21-მა დეპუტატმა მისცა. 18-მა მხარი დაუჭირა, 3-მა თავი შეიკავა. საბიუჯეტო პროექტის დამტკიცებისთვის საკმარისი კვორუმი კი 24 ხმა იყო.

კენჭისყრას წინ ხანგრძლივი დებატები უძღოდა. უმრავლესობის მხრიდან კრიტიკის საგანი იყო თანხის განაწილების პრინციპი, ასევე თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტები. შენიშვნები გამოითქვა ბიუჯეტის პროექტში ჩადებულ პროგრამებზე, რომელიც შეეხება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, კომუნალური ვაუჩერის პროგრამას, უფასო და შეღავათიანი ტრანსპორტით მომსახურებას, რაიონების მიხედვით განსაზღვრულ სოციალურ დახმარებებს და წყალმომარაგების მოწესრიგებისათვის განსაზღვრულ ღონისძიებებს.

კენჭისყრის დაწყების წინ საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილმა კოლეგებს შესთავაზა, რომ საბიუჯეტო პროექტის დამტკიცების საკითხი კენჭისყრაზე საერთოდ არ დამდგარიყო და ბიუჯეტის მიღება ერთი თვით გადაედოთ, მანამდე კი გამოთქმულ შენიშვნებზე მთავრობასთან მუშაობა გაგრძელებულიყო.

საბოლოოდ საბიუჯეტო პროექტს კენჭი მაინც უყარეს, რომელიც შედეგით, 18 მომხრე და 21 წინააღმდეგი, ჩავარდა.

კომენტარები