ზაზა ხატიაშვილი

ზაზა ხატიაშვილი პროკურატურას სთხოვს, ხუხაშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს

ზაზა ხატიაშვილი
ipn.ge

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა პროკურატურაში განცხადება შეიტანა და გია ხუხაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება მოითხოვა. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე ზაზა ხატიაშვილმა თქვა, ის ითხოვს გამოძიების დაწყებას "თანამდებობის ბოროტად გამოყენების, კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობისა და ადვოკატის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო".

ხატიაშვილის თქმით, ყოფილი პრემიერის ეკონომიკურმა მრჩეველმა გია ხუხაშვილმა დაურეკა ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას და ამას თავად გია ხუხაშვილიც ადასტურებს. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის შეფასებით, ეს არის ადვოკატის საქმიანობისთვის ხელისშეშლა. მისივე განცხადებით, ყოფილი პრემიერმინისტრის ეკონომიკური მრჩევლის რანგში გია ხუხაშვილის მხრიდან ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას და სხვა ადვოკატების საუბრის ჩაწერა მათი წინასწარი ინფორმირების გარეშე, უკანონო და დასჯადი ქმედებაა.

"პრემიერმინისტრის ეკონომიკური მრჩევლის რანგში გია ხუხაშვილის მხრიდან მონაწილეობა ორი ფინანსური სუბიექტის ფინანსური დავის მოგვარებაში, პატარკაციშვილის ოჯახსა და ვანო ჩხარტიშვილს შორის და ამ მიზნით პატარკაციშვილის ოჯახის და ვანო ჩხარტიშვილის ოჯახის ადვოკატებთან შეხვედრა არის მისი მხრიდან თანამდებობის ბოროტად გამოყენების კლასიკური მაგალითი", - აღნიშნა ზაზა ხატიაშვილმა.

ამასთან, სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ 17 დეკემბერს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს განცხადებით მიმართა, რომელშიც ის საუბრობდა ადვოკატის უფლებამოსილების განხორციელებაში ხელისშემშლელ ფაქტებზე. როგორც გაბუნია აღნიშნავდა, გია ხუხაშვილმა უკანონოდ ჩაწერა ადვოკატებთან შეხვედრა. თავად გია ხუხაშვილი კი მიიჩნევს, რომ ზაზა ხატიაშვილი შეცდომაში შეიყვანეს.

კომენტარები