საქართველოს ეკონომიკა

ირაკლი კოვზანაძე - ეკონომიკაში რეგულაციები ჩვენი პროფილი არ არის

ელენე კვანჭილაშვილი
0 კომენტარი

ახალი სამთავრობო პროგრამის მიხედვით, რომელიც საქართველოს მთავრობამ 20 ნოემბერს გამოაქვეყნა, საქართველოს ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტია საჯარო-კერძო პარტნიორობის წახალისება ეკონომიკაში კერძო სექტორის როლის ზრდისა და სახელმწიფო რესურსების ეფექტიანი გამოყენების მიზნით. ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთ ასეთ საშუალებად მოიაზრება სუვერენული ფონდიც, რომელიც დღეს არსებული საპარტნიორო ფონდის ბაზაზე უნდა ჩამოყალიბდეს. სუვერენული ფონდის მიზანია, მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები. მის გარდა, ამავე მიმართულებით, კიდევ რამდენიმე ფონდის ამოქმედება იგეგმება.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებით, როცა საქართველოს მთავრობა ერთდროულად რამდენიმე ფონდის შესახებ საუბრობს, ინვესტორებში გაურკვევლობას ზრდის და ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას აფერხებს. ეს ყველაფერი კი მთავრობის ბუნდოვან ეკონომიკურ პოლიტიკაზე მიუთითებს, რაც ეკონომიკის ზრდაზე უარყოფითად აისახება.

საქართველოს მთავრობაც აღიარებს, რომ 2013 წლის ბოლოს ეკონომიკა ადრე პროგნოზირებული 6%-ის მაგივრად, 2-2.5%-ით გაიზრდება.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე ამბობს, რომ ეკონომიკური პოლიტიკის რეგულირების საკითხები საპარტნიორო ფონდის პროფილი არ არის.

ფონდების მნიშვნელობაზე, კორუფციის რისკებზე, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნებზე, ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოზე, ეკონომიკური ზრდის შემცირებასა და ამ ფონზე მთავრობის საინვესტიციო პოლიტიკაზე ტაბულას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი კოვზანაძე ესაუბრება.

მოკლედ რომ შევაჯამოთ საპარტნიორო ფონდის საქმიანობა: რა გაკეთდა ამ პერიოდში, რა მოცულობის ინვესტიცია მოიზიდეთ, ვინ აფინანსებს ამ პროექტებს?

საპარტნიორო ფონდის მიზანი გახლავთ კერძო ინვესტიციების მხარდაჭერა საქართველოს ეკონომიკის რამდენიმე სექტორში – იქ, სადაც ჩვენს ქვეყანას პრიორიტეტები აქვს. ასეთებად მიჩნეულია 4 სექტორი: ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის ანუ გადამამუშავებელი მრეწველობის და ინფრასტრუქტურა – ამ შემთხვევაში საუბარია სასტუმროზე და მისთვის საჭირო ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. ჩვენ ყველა ამ მიმართულებით გვაქვს პროექტები: ზოგი ხორციელდება, ზოგი ახლა იწყება, ზოგიც – უკვე დასრულებულია.

თვითონ საპარტნიორო ფონდი არის სახელმწიფოს კუთვნილება 100%-ით. თავის მხრივ, საპარტნიორო ფონდი ფლობს რამდენიმე სახელმწიფო სტრატეგიულ კომპანიას. ჩვენი თანხები გროვდება ამ კომპანიებისგან მიღებული დივიდენდებით და ამ დივიდენდების, ამონაგები თანხების და სხვა პროექტებიდან შემოსულობების ინვესტირება ხდება ამ პროექტებში.

რატომ გადაწყვიტეთ საპარტნიორო ფონდის ბაზაზე სუვერენული ფონდის დაფუძნება და რით იქნება ის დღეს არსებული ფონდისგან განსხვავებული?

სუვერენული ფონდის იდეა წელს იქნა გაჟღერებული პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილისგან. ჩვენ შევქმენით სახელმწიფო სამუშაო ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს კონცეფციას, სტრუქტურას, ფუნქციებს, ასევე გადასვლას საპარტნიორო ფონდიდან სუვერენულ ფონდზე.

საპარტნიორო ფონდს სუვერენული ფონდის გარკვეული ელემენტები აქვს, თუმცა თვითონ სუვერენული ფონდი ბევრად უფრო აპრობირებულია: ნებისმიერი საერთაშორისო უცხოელი ინვესტორი რომ ავიღოთ, მისთვის ბევრად უფრო გასაგებია სუვერენული ფონდი, თვითონ ცნება, მისი კონსტრუქცია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ტიპის ფონდი.

დღესდღეობით საპარტნიორო ფონდს ორი ფუნქცია ძალიან მნიშვნელოვანი გვაქვს – სტრატეგიული აქტივების მართვა და, მეორე მხრივ, ინვესტიციების განხორციელება – სუვერენული ფონდის შემთხვევაში ეს ფუნქციები დარჩება და დაემატება მენეჯმენტის კუთხით კორპორატიული მართვის საკითხები.

დაფინანსების წყაროები ჯერჯერობით იგივე რჩება, რაც ჩვენ გვაქვს – დამოკიდებული იქნება იმ მომგებიან პროექტებზე, რომლებსაც ჩვენ ვგეგმავთ.

ზოგადად, მსოფლიოში არსებული სუვერენული ფონდების უმეტესობა ორიენტირებულია იმაზე, რომ ქვეყნის შიგნით არსებული ჭარბი ლიკვიდური რესურსები, რაც ხშირ შემთხვევაში გაზიდან და ნავთობიდან შემოდის, გაიტანონ საზღვარგარეთ და იქ განათავსონ. ჩვენს ქვეყანაში ჯერ გაზი და ნავთობი არ აღმოუჩენიათ, ამიტომ ჩვენი სუვერენული ფონდი მოზიდულ თანხებს დააბანდებს აქ, ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებში.

სესხების მოზიდვის უფლება თუ ექნება, ვინ დაფარავს ამ სესხებს?

ბუნებრივია, ექნება სესხების მოზიდვის უფლება. ახლაც გვაქვს და მომავალშიც ექნება, ეს შეიძლება იყოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც მუშაობენ საქართველოში, საქართველოს გარეთ – ევრობანკი, აზიის განვითარების ბანკი, საერთაშორისო ფონანსური კორპორაცია და სხვები და სხვები. ბუნებრივია, როგორც მოიზიდავს სუვერენული ფონდი, ასევე მისი გასტუმრება მოუწევს სუვერენულ ფონდს.

ჩვენ ახლაც გვაქვს მოზიდული სესხი, სესხსაც ვფარავთ და ინვესტირებულიც გვაქვს პროექტებში.

ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით სუვერენულ ფონდს საინტერესო ფუნქციაც ექნება – არსებობს ე.წ. სამი პი-ს პრინციპი: PUBLIC PRIVATE PARTNERSHIP – საზოგადო და კერძო პარტნიორობა და თანამშრომლობა, ეს ფორმა ძალიან კარგად არის აპრობირებული საზღვარგარეთ – თურქეთშიც ძალიან ბევრი პროექტი ასე ხორციელდება, მე ვფიქრობ, რომ სუვერენული ფონდის ერთ-ერთი ამოცანა იქნება ასეთი პროექტების განხორციელება, სადაც სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთად ააშენებენ და განახორციელებენ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტებს.

ინვესტიციების მოზიდვის აუცილებლობაზე საუბრობთ და მინდა გკითხოთ: ახალი მთავრობის მიდგომაა, რომ აუცილებელი არ არის, საერთაშორისო რეიტინგების გაუმჯობესება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყოს. თქვენს საქმიანობაში მნიშვნელოვანია თუ არა, რომ საქართველოს წამყვანი პოზიციები ეკავოს საერთაშორისო რეიტინგებში? აქ შეგვიძლია გავიხსენოთ პრემიერმინისტრის გამოსვლა დავოსში, სადაც მან განაცხადა, რომ სინამდვილეში საქართველოს დუინგ ბიზნესში მაღალი ადგილი არ ეკუთვნოდა. აზარალებს თუ არა ასეთი განცხადებები ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს და გიშლით თუ არა ხელს მუშაობაში?

ფოტო: დიმა ჩიკვაიძე
ვერ დაგეთანხმებით. რეიტინგი გაუმჯობესდა და მერვე ადგილზე გადავედით. ნებისმიერი რეიტინგი გარკვეულწილად, მაგრამ არა სრულფასოვნად, ასახავს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას. მე ვფიქრობ, რომ, ზოგადად, რეიტინგებს გარკვეული მნიშვნელობა აქვს ინვესტორისთვის, როდესაც ქვეყანაში შემოდის. თუმცა, გულწრფელად მინდა გითხრათ, რეალურად, ინვესტორი ქვეყანაში შემოდის იმ შემთხვევაში, როდესაც დაცულია მისი უფლებები, დაცულია ინვესტიცია, კერძო საკუთრება, არსებობს სასამართლო სრულიად დამოუკიდებელი ხელისუფლებისგან და სხვადასხვა გარემოებები. ჩვენ შემთხვევაში ეს გარემოებები – ვგულისხმობ, საინვესტიციო და საგადასახადო კუთხით – დღესდღეობით არსებობს: გადასახადების მოცულობის, რაოდენობის კუთხით მეოთხე ადგილზე ვართ მსოფლიოში. ამ თვალსაზრისით მიმაჩნია, რომ გარემო საუკეთესოა და კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდება.

გარემო ახსენეთ და აქვე შეგეკითხებით: ეკონომიკური ზრდა შემცირდა. მთავრობის მიერ პროგნოზირებული 6%-ის მაგივრად, ეკონომიკა წელს 2-2.5%-ით გაიზრდება. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ამას პოლიტიკური დაძაბულობით და მთავრობის მხრიდან ბუნდოვანი ეკონომიკური პოლიტიკით ხსნიან. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას?

დღეს არსებობს მთავარი მოცემულობა იმ თვალსაზრისით, რომ ბიზნესი არის ხელშეუხებელი. მე შემიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი დღევანდელი ხელისუფლების ბიზნესთან ურთიერთობის არის ის, რომ ხელისუფლება ბიზნესის არჩევანში არ ერევა.

მაშინ რატომ არ აისახება ეს ბიზნესზე და ეკონომიკაზე?

ეკონომიკის ზრდის შემცირება მოხდა და არა, ვთქვათ, რეცესია და ა.შ. მე ამასაც ბუნებრივად ვუყურებ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ხელისუფლების ცვლილება მოხდა, დემოკრატიულად მოხდა ყველა ტიპის არჩევნების ჩატარება – როგორც საპარლამენტო, ასევე საპრეზიდენტო.

ნებისმიერი გარედან შემოსული ინვესტორი უყურებს, ქვეყანაში ცვლილებები როგორ და როდის განხორციელდება – ჩვენთანაც ეს იგრძნობა. გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ აი, არჩევნები დამთავრებულიც არ არის, რამდენიმე საინვესტიციო ჯგუფისგან უკვე შეხვედრებზე და, ვთქვათ, ბიზნესფორუმების ორგანიზებაზე გვაქვს წინადადებები. მე მიმაჩნია, რომ მომავალ წელს უკეთესი პირობები იქნება ეკონომიკის ზრდისთვის.

თქვენ ამბობთ, რომ მთავრობა კერძო ბიზნესში არ ერევა, მაგრამ ის ატარებს პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც იზრდება რეგულაციები – იგივე შრომის კოდექსის გამკაცრება, იმპორტზე კვოტების დაწესება, უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვა, ვიზების გამკაცრება – როგორ ფიქრობთ, ეს პოლიტიკა არ ახდენს გავლენას ინვესტიციებზე?

ეს არ არის ის პროფილი, რომლითაც ჩვენ ვმუშაობთ. მე, მაგალითად, არ მიგრძვნია, როგორც საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელს, რომ რომელიმე ინვესტორისთვის ამ მომენტში ეს პრობლემა იყოს.

საპარტნიორო ფონდი დღეს რამდენიმე პროექტს ახორციელებს, მათ შორის, ენერგეტიკაში – 220 მილიონ დოლარად შეფასებულ 230 მეგავატის თბოელექტროსადგურს, რომელიც 2015 წელს გაეშვება და დამატებით 230 მეგავატის უზრუნველყოფას შეძლებს და სოფლის მეურნეობაში – ევროსტანდარტების მიხედვით აღჭურვილ ღორების ფერმას, რომელიც საპარტნიორო ფონდის გათვლებით, ქართულ ბაზარზე ღორის ხორცის მოთხოვნას 20%-ით დააკმაყოფილებს. საპარტნიორო ფონდი ასევე მუშაობს სასტუმრო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით: სასტუმროები აშენებულია ახალციხეში, ყვარელში, შენდება ლიკანში. ეს პროექტები არ ჩერდება.

ეს ის კითხვებია, რომლითაც თქვენ ალბათ შესაბამის სამინისტროს უნდა მიმართოთ – ან ეკონომიკის ან ფინანსთა სამინისტროს.

გასაგებია თქვენი პოზიცია. მაშინ უშუალოდ ფონდებზე გკითხავთ. იგივე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა იმიტომაც არის ბუნდოვანი, რომ ბევრი ფონდი გროვდება, რომელთა კონკრეტული მიზნები ნათლად ფორმულირებული არ არის. ამ მიმართებით სუვერენული ფონდი და საპარტნიორო ფონდიც არაერთხელ ახსენეს. რა განასხვავებს სუვერენულ ფონდს, მაგალითად, თანაინვესტირების და სხვა ფონდებისგან?

მე მინდა გითხრათ, რომ საპარტნიორო ფონდი ამ ჩამონათვალში არსად არ მინახავს. ჩვენს შემთხვევაში ეს გარკვეულია. ჩვენ ვართ სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, რომელსაც თავისი ფუნქციები აქვს. და ეს ის ფუნქციებია, რაც კარგად ჯდება იმ ჩარჩოებში, რასაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები გვთავაზობენ, ზოგი მათი რეკომენდაციით არის და ა.შ.

სუვერენული ფონდის ჩამოყალიბების პროცესშიც ჩართული გვყავს ყველა ის საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის, მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი – მათი რეკომენდაციების გათვალისწინება ხდება.

ჩვენთან გაურკვეველი არაფერი არ არის. ჩვენი საქმიანობის წლიურ შედეგებს ამოწმებს აუდიტორების დიდი ოთხეული.

რაც შეეხება თანაინვესტირების და სხვა ფონდებთან შედარებას?

თანაინვესტირების ფონდთან დაკავშირებით ალბათ მათ უნდა ჰკითხოთ. ზოგადად კი, ის არის კერძო საინვესტიციო ფონდი. ჩვენ სახელმწიფო ფონდი ვართ და ძირითადი შემოსავლები იმ ორგანიზაციებიდან მიღებული დივიდენდებია, რომლებიც ჩვენს კუთვნილებაშია. ჩვენი მონაწილეობა საინვესტიციო პროექტში არ უნდა აღემატებოდეს პროექტის მოცულობის 50%-ს. თანაინვესტირების ფონდის მონაწილეობა პროექტის მოცულობის 75% შეიძლება იყოს.

ერთ-ერთი მთავარი საფრთხე, რომელსაც ასახელებენ ხოლმე ფონდებთან და მათ სიმრავლესთან დაკავშირებით, არის კორუფცია. თქვენ როგორ ფიქრობთ, არსებობს ეს რისკი?

ნებისმიერი ჩვენი ოპერაცია არის გამჭვირვალე. ტრანსპარანტულობა არის სრულად დაცული. ჩვენ გვყავს სამეთვალყურეო საბჭო, რომელშიც წარდგენილია მთავრობის რამდენიმე წევრი, კომერციული ბანკების წარმომადგენლები, სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელია პრემიერმინისტრი. არიან როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები. ჩვენ ვიღებთ დასკვნებს საერთაშორისო აუდიტორული კომპანიებიდან. საინვესტიციო პროექტი ბევრ ფილტრს გადის მანამ, სანამ ის რეალურად განხორციელდება, ამიტომ კორუფციის ელემენტებს გამოვრიცხავ.

როდის შევძლებთ, რომ შევაჯამოთ სუვერენული ფონდის მუშაობის შედეგები და თვითონ დავრწმუნდეთ ამაში?

წლის პირველ ნახევარში. ამ დროს ხდება ჩვენი ფინანსური შედეგების გამოქვეყნება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები