თბილისის ბიუჯეტი

უგულავა: ლოგიკურია, რომ თბილისი თვითმმართველობის გაუქმებამდე მივიდეს

თბილისის უფლებამოსილება შეჩერებული მერის გიგი უგულავას განცხადებით, "2014 წელს თბილისი ბიუჯეტის გარეშე ხვდება და ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ირაკლი შიხიაშვილ-ღარიბაშვილს ეკისრება". ნაციონალური მოძრაობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე უგულავამ ისაუბრა, თუ რა პრობლემები შეიძლება შეიქმნას ბიუჯეტის არდამტკიცების გამო.

"მე მინდა საზოგადოებას ვაუწყო თუ რა წაართვა ამ გადაწყვეტილებით ოცნების მთავრობამ და უმრავლესობამ თბილისელებს: ახალ კომფორტულ ავტობუსებს და მათ შესყიდვას არსებითი საფრთხე შეექმნება. საფრთხის ქვეშ დადგა სასწრაფოს ფუნქციონირება, ტრანსპორტისა და სხვა შეღავათები, უფასო სასადილოები სოციალურად დაუცველებისთვის, შესაძლოა, შეფერხებები იყოს კომუნალური ვაუჩერების გაცემისას”, - განაცხადა უგულავამ და აღნიშნა, რომ საფრთხის ქვეშ დადგა ოლიმპიადის მოსამზადებელი სამუშაოებიც.

გარდა ამისა, უგულავას განცხადებით, შეფერხდება შემოერთებული სოფლების 9 900 ოჯახის წყალმომარაგების სამუშაოების ჩატარება. ვერ გამაგრდება ავარიული სახლები და ხიდები. ვერ აშენდება ახალი საბავშვო ბაღები. 

”ეს არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომელიც გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ შეიძლება შეიქმნას. ეს რომ პოლიტიკური დაკვეთაა, აშკარად ჩანს იქიდან, რომ ბიუჯეტის დამტკიცებამდე თუნდაც ერთი თვის განმავლობაში, როდესაც საკრებულოსა და მერიის შესაბამისი პირები ბიუჯეტზე მუშაობდნენ, საბოლოო შენიშვნები ბიუჯეტზე საკრებულოს უმრავლესობას ჰქონდა მხოლოდ ბიუჯეტის 2%-თან დაკავშირებით და ეს წერილობით არის დადასტურებული. აქედან გამომდინარე, მე მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ გუშინ განხორციელებული აქცია გაგრძელებაა იმ ქმედებებისა, რომელსაც თბილისის მიმართ ცენტრალური მთავრობა სჩადის”, - აღნიშნა უგულავამ.

მისივე განმარტებით, კანონის მიხედვით, თუ სამ თვეში რომელიმე თვითმმართველობა ვერ დაამტკიცებს ბიუჯეტს, ცენტრალურ მთავრობას ანუ ირაკლი ღარიბაშვილს ექნება უფლება დაითხოვოს მერი, ან მისი მოვალეობის შემსრულებელი, საკრებულო "და თბილისში გამოაცხადოს პირდაპირ საპროკურორო მმართველობა".

"ამის შემდეგ, მთავრობას ადვილად შეეძლება პირდაპირ, თუნდაც, ცხენის წელიწადი მოდის და, ივანიშვილის პონი დანიშნოს თბილისის ობერ-პროკურორად და მან შეასრულოს არჩევნებამდე სამი თვით ადრე ის უფლებამოვალეობა, რომელიც თბილისის არჩეულ მერს და თბილისის არჩეულ საკრებულოს აკისრია. არსებული ქმედებებიდან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ თბილისი თვითმმართველობის გაუქმებამდე მივიდეს”, - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ თბილისი 2014 წელს ბიუჯეტის გარეშე შეხვდება. დედაქალაქის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით თბილისის მთავრობის მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო პროექტი ჩააგდო. 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ ხმა 21-მა დეპუტატმა მისცა. 18-მა მხარი დაუჭირა, 3-მა თავი შეიკავა. საბიუჯეტო პროექტის დამტკიცებას 24 ხმა სჭირდებოდა.

კომენტარები