0 კომენტარი

თურქეთი რეგიონული ლიდერის როლს აღარ სჯერდება. ტრანსკონტინენტური რესპუბლიკის გლობალური ამბიციები განსაკუთრებით ბოლო წლებში გამოიკვეთა. პრემიერმინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოღანის დაპირებები „განახლებული თურქეთის" შესახებ NATO-ს სტანდარტების არმიის, სწრაფად მზარდი ეკონომიკისა და მულტიპოლარული საერთაშორისო კლიმატის ფონზე საკმაოდ რეალისტურია, თუმცა გასათვალისწინებელია სერიოზული გამოწვევებიც.

ერდოღანის სამართლიანობისა და განვითარების პარტია(AKP) თურქეთს 2002 წლიდან მართავს. ცენტრისტულ-მემარჯვენე AKP სოციალურ კონსერვატიზმსა და ისლამისტურ ღირებულებებს პროდასავლურ, პროამერიკულ კურსს უთავსებს და პრიორიტეტად კვლავ ასახელებს ევროკავშირში გაწევრიანებას.

თურქეთი 1963 წლიდან ევროგაერთიანების ასოცირებული წევრია, თუმცა სრული წევრობა წამყვანი ევროპული სახელმწიფოების წინააღმდეგობის გამო ამ ეტაპზე გამორიცხულია. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთსა და ევროპულ ბლოკს შორის საბაჟო კავშირი მოქმედებს, დასავლელ პარტნიორებს აშინებთ ანკარის დამოკიდებულება შიდა და საგარეო ვალზე და ინვესტორების ნდობის მაჩვენებელზე. რეალურ მიზეზს ეკონომიკაზე მეტად მაინც თურქეთის სიდიდე და ისლამური იდენტობა წარმოადგენს. საფრანგეთში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, ავსტრიაში, კვიპროსსა და საბერძნეთში დღემდე აქტუალურია ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის ჰერმან ვან რომპეის ძველი შეფასება: „თურქეთი არ არის და არც არასდროს იქნება ევროპა". ამ ფონზე, AKP-ის ლიდერები ცდილობენ, საგარეო პოლიტიკა ისლამური ღირებულებების შესაბამისად გადააწყონ და ახლო აღმოსავლეთის სუნიტურ სახელმწიფოებთან კავშირები გააღრმაონ.

ეგვიპტეში და ჩრდილოეთ აფრიკის სხვა ქვეყნებში თურქეთი ღიად უჭერს მხარს სუნიტურ მუსლიმურ საძმოს და მასთან დაკავშირებულ ჯგუფებს. მასობრივი პროტესტის ფონზე გადამდგარი პრეზიდენტის მუჰამედ მორსის მხარდამჭერი განცხადებები ეგვიპტის ახალი მმართველების გაღიზიანებას იწვევს. ახლო აღმოსავლეთის სტრატეგიული სახელმწიფოს ლიდერებთან ერდოღანის დაძაბული ურთიერთობა აშფოთებთ როგორც თურქეთის დასავლელ მოკავშირეებს, ასევე რეგიონის შიიტ სახელმწიფოებს, განსაკუთრებით ირანსა და ერაყს. ამ ფონზე განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ მათთან ურთიერთობების დათბობის მცდელობა იპყრობს.

საერთაშორისო და თავდაცვის გერმანული ინსტიტუტის მკვლევარი გიუნტერ ზუფერტი აცხადებს, რომ „ერდოღანმა საკუთარი ძალაუფლების ზენიტი უკან მოიტოვა".

ნავთობით მდიდარ ერაყს დიდი ქურთული უმცირესობა ჰყავს. ბაღდადში შიშობენ, რომ თურქეთი ფარულად მხარს უჭერს ქურთული დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღმოცენებას ერაყის ტერიტორიაზე. ასეთი დამოუკიდებელი ერთეულის შექმნა, ერთი მხრივ, თურქეთში ქურთული ექსტრემიზმის შემცირებას შეუწყობდა ხელს, მეორე მხრივ კი, დანაწევრებულ რეგიონში თურქეთის ჰეგემონიას გააძლიერებდა. მიუხედავად ამისა, ოფიციალური ანკარა მსგავს სცენარზე არ საუბრობს. პირიქით, ერდოღანი აცხადებს, რომ ქურთი ერაყელებისგან ნავთობსაც კი აღარ შეიძენს, რითაც ოფიციალურ ბაღდადთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობს. საგულისხმოა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ანკარაში ვიზიტიც. ირან-თურქეთის დაახლოება კატეგორიულად მიუღებელია რეგიონის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშის – ისრაელისთვის.

თურქეთის რესპუბლიკა „მეზობლებთან ნულოვანი პრობლემების" დოქტრინას მისდევდა. დღეს, კომენტატორების ნაწილი თურქეთისა და ისრაელის დიპლომატიურ კრიზისს ამ პოლიტიკიდან გადახვევად მიიჩნევს. 1949 წელს თურქეთი პირველი ისლამური ქვეყანა იყო, რომელმაც ისრაელის სახელმწიფოებრიობა აღიარა და 50 წლის განმავლობაში რეგიონში მის უახლოეს მოკავშირედ ითვლებოდა. საერთო ეკონომიკური და სამხედრო ინტერესების გამო რელიგიური თუ იდეოლოგიური სახის განსხვავებები ნაკლებად იჩენდა თავს. მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა ხელისუფლებაში ერდოღანის მოსვლის შემდეგ. კონსერვატიული ისლამური იდეოლოგიის ლიდერმა მთავრობაში პალესტინის მხარდამჭერი პროარაბული კურსი დაამკვიდრა.

მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა 2010 წლის თურქული ფლოტილიის სკანდალის შემდეგ. ისრაელმა ღაზის სექტორისკენ მიმავალ ფლოტილიაზე სამხედრო რეიდი განახორციელა, რასაც 9 თურქის სიცოცხლე შეეწირა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას შუამავლობის შემდეგ, ბინიამინ ნეთანიაჰუმ თურქ კოლეგას ბოდიში მოუხადა, თუმცა სტატუსკვო ანტეს აღდგენა ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა. არცთუ დიდი ხნის წინ თურქული მხარე ისრაელს ეგვიპტეში დესტაბილიზაციის გამოწვევაში ადანაშაულებდა. ოქტომბერში კი თურქეთის ცენტრალურმა დაზვერვამ ირანულ მხარეს ისრაელის სასარგებლოდ მომუშავე ათი ირანელი აგენტის ვინაობა აცნობა, რითიც ურთიერთბრალდებების ახალ ტალღას დაუდო სათავე. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, დენი აიალონმა, NATO-დან თურქეთის გარიცხვაც კი მოითხოვა.

ამ ფონზე ჩნდება ლეგიტიმური კითხვები თურქეთის საერთაშორისო კურსის შესახებ. ერთი მხრივ, ევროკავშირის მიმართ მოსახლეობის ნეგატიური სენტიმენტები იზრდება. საპასუხოდ, მთავრობა სულ უფრო მეტად ცდილობს გაცრუებული ევროპული მისწრაფებების ისლამური სიამაყით ჩანაცვლებას და თურქეთის ისლამური სამყაროს ცენტრად წარმოჩენას. მართლაც, ისლამური ქვეყნებისთვის თურქეთი უნიკალური, მისაბაძი მოდელია. არმიის მიერ ინსპირირებული აგრესიული სეკულარიზმის წყალობით, თურქეთში ერთმანეთს შეერწყა მოსახლეობაში ფართოდ გავრცელებული ისლამი და რელიგიისგან თავისუფალი, დასავლური ტიპის დემოკრატიული მმართველობა. მთავრობის წევრები ირწმუნებიან, რომ თურქეთს აქვს განსაკუთრებული პოტენციალი, შეასრულოს ხიდის ფუნქცია დასავლეთსა და ისლამურ სამყაროს შორის. სკეპტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ საერთო რელიგია განსაკუთრებულ ურთიერთგაგებას სულაც აქ ნიშნავს. მაგალითად სირიის კრიზისის დაძლევაში თურქეთის „შეუსრულებელი მისია" გამოდგება. შესაბამისად, საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლა რელიგიური კავშირების გამო ნაკლებად გამართლებულია. ისლამური სამყაროს ცენტრად თავს ირანი და საუდის არაბეთიც მოიაზრებენ. საინტერესოა, თუ როგორ შეძლებს თურქული მხარე მსგავს კონკურენციასთან გამკლავებას.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კვლევების ცენტრის ექსპერტის ბულენთ არაშის აზრით, მოკლე ვადაში თურქეთის პროდასავლური კურსის ხისტი შემობრუნება არ არის მოსალოდნელი, რადგან „ევროპა თურქეთის საგარეო პოლიტიკის ჩანასახშია". მიუხედავად ამისა, არმიის როლის მნიშვნელოვანი დაკნინება, მმართველი პარტიის ღიად ისლამური პოზიციონირება, კონსტიტუციის შეცვლის მცდელობები, „ნაწილობრივ თავისუფალი" მედია (Freedom House) და არცთუ ძლიერი ოპოზიცია რესპუბლიკის ძირითადი პრინციპების: სეკულარიზმისა და რეფორმიზმის შესახებ კითხვის ნიშნებს აჩენს. ნელ-ნელა ცხადი ხდება, რომ ევროინტეგრაცია ერთადერთ არჩევანს აღარ წარმოადგენს.

ბოლო დროს თურქული დიპლომატია გააქტიურდა ლათინურ ამერიკაში, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთში. წლის დასაწყისში ერდოღანის სატელევიზიო კომენტარმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის შესახებ არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია. „მე ვეხუმრე ვლადიმირ პუტინს: მოდი, მიგვიღეთ შანხაის ხუთეულში და ჩვენ გადავხედავთ გეგმებს ევროკავშირის შესახებ", განუცხადა თურქულ ტელევიზია Kanal 24-ს პრემიერმინისტრმა. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია ევრაზიული პოლიტიკურ-ეკონომიკური და სამხედრო გაერთიანებაა, რომელიც ჩინეთს, რუსეთს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთსა და უზბეკეთს აერთიანებს. ერდოღანის გამოსვლამ ევროკავშირთან ღირებულებით ერთობასა და გეოგრაფიულ სიახლოვეზე ორიენტირებული მოსახლეობა შეაშფოთა, ხოლო პრაგმატულ, ევროპის მხრიდან მუდმივი დისტანცირებით გაღიზიანებულ ნაწილში პოზიტიური ინტერესი გამოიწვია.

რეალ-პოლიტიკის თვალსაზრისით, თურქეთის მმართველ ელიტას კარგად ესმის, რომ ბრიუსელსა და შანხაის შორის არჩევანი NATO-ზე გადის. ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ თურქეთი შეძლებს 60-წლიან ჩრდილოატლანტიკურ თანამშრომლობასა და გარანტირებულ უსაფრთხოებას ხაზი გადაუსვას. თუმცა ეს თურქეთს ხელს არ უშლის, NATO-ს მხრიდან კრიტიკის მიუხედავად, ჩინურ კომპანიებთან იაფი იარაღის შესყიდვის შესახებ მოლაპარაკებები აწარმოოს და ცენტრალური აზიის თურქულენოვან ქვეყნებთან ურთიერთობები გააღრმაოს.

ამ ეტაპზე, 59 წლის ლიდერის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა მაინც ქვეყნის, მით უფრო კი, მმართველი პარტიის შიგნით არსებული სიტუაციაა.

AKP ერდოღანის ქმნილებაა. პარტია თურქულ პოლიტიკურ სივრცეში 2001 წელს გამოჩნდა და მიყოლებით სამი ეროვნული და ორი ადგილობრივი არჩევნები მოიგო. სერიოზული წინააღმდეგობის მიუხედავად, AKP-მ შეძლო და გამოკვეთილი ისლამისტი, დასავლეთისა და ისრაელის კრიტიკოსი აბდულა გიული პრეზიდენტის პოსტზე გაიყვანა, მთავრობის მართვა კი ერდოღანმა ჩაიბარა. 11-წლიანი მმართველობის შემდეგ, AKP-ის წევრების რაოდენობა 8-ჯერ სჭარბობს ოპოზიციური სეკულარისტული რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) წევრებს და საზოგადოებრივ გამოკითხვებში 45-50%-იანი პოპულარობით სარგებლობს.

ერდოღანი ამ დრომდე მმართველი პარტიის უდავო ლიდერია, თუმცა საგულისხმოა, რომ მარტში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების წინ, თურქული და საერთაშორისო მედია ღიად საუბრობს შიდაპარტიულ დაპირისპირებაზე.

ამერიკული Al Monitor-ის შეფასებით, ერდოღანი მოსახლეობის ლიბერალური ნაწილის გარდა, AKP-ის სხვა ლიდერების კრიტიკის ობიექტიცაა. შერეული სქესის სტუდენტური საერთო საცხოვრებლების აკრძალვის ინიციატივა, სახელმწიფო სტრუქტურებში სურვილისამებრ ჩადრის ტარების აღდგენა, ივნისის საპროტესტო გამოსვლების დროს პოლიციის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენება ის თემებია, რომელთა ირგვლივაც შიდაპარტიული უთანხმოება მწიფდება.

საქმე ისაა, რომ ერდოღანი პრემიერმინისტრის პოსტს უკვე მესამე ვადით იკავებს, რაც კანონმდებლობით დადგენილი მაქსიმუმია. გამოსავალი შესაძლოა 2014 წლის ზაფხულში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები იყოს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მეორე ვადით კენჭისყრაზე ახლანდელი პრეზიდენტი და AKP-ის ერთ-ერთი ლიდერი, აბდულა გიულიც ფიქრობს, თურქეთის მმართველ წრეებში დაძაბულობა შეინიშნება. პოლიტიკური კომენტატორების ერთი ნაწილის აზრით, შესაძლოა რუსული პუტინი-მედვედევის სცენარი განმეორდეს, მეორე ნაწილი კი თვლის, რომ მრავალწლიანი მოკავშირეები შესაძლოა ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდნენ. იმ ფონზე, როდესაც ერდოღანი კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებას ცდილობს, გიული კი ქვეყანაში „დემოკრატიის დეფიციტზე" საუბრობს, მსგავს სცენარს ვერ გამოვრიცხავთ.

ერდოღანთან უნისონში აღარ მოქმედებს პრემიერმინისტრის მოადგილე, AKP-ის თანადამფუძნებელი და პარტიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა ბულენთ არინქიც. ერდოღანის მიერ კონსერვატორი ამომრჩევლის გულის მოსაგებად გამიზნულ ინიციატივას სტუდენტური საცხოვრებლების შესახებ AKP-ის თანადამფუძნებელი ფათმა ბოსთან უნსალი „ძალიან საშიშს" უწოდებს. პარტიის თავმჯდომარის მოადგილე იდრის ბალი კი დაგეგმილ განათლების რეფორმას აკრიტიკებს. მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლებს არც სამოქალაქო სექტორის გავლენიანი მონაწილე – რელიგიურ-სოციალური მოძრაობა „ჰიზმეთის" ლიდერი – ფეთულა გიულენი ერიდება.

Al Monitor-თან საუბრისას საერთაშორისო და თავდაცვის გერმანული ინსტიტუტის მკვლევარი გიუნტერ ზუფერტი აცხადებს, რომ „ერდოღანმა საკუთარი ძალაუფლების ზენიტი უკან მოიტოვა". ცნობილი ისტორიკოსი და მუსტაფა ქემალ ათათურქის ბიოგრაფიის ავტორი ენდრიუ მანგო კი მიიჩნევს, რომ მარგარეტ თეტჩერის მსგავსად, შესაძლოა, ერდოღანი ძალაუფლებას სწორედ საკუთარმა პარტიამ ჩამოაშოროს.

ჯერჯერობით მსგავს სცენარზე საუბარი მაინც ნაადრევია. პრემიერმინისტრის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ თურქული ეკონომიკა შესაშურად კარგად გამოიყურება. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2009 წლიდან მოყოლებული თურქეთის მთლიანი შიდა პროდუქტი ყოველწლიურად 2-4%-ით იზრდება და სამომავლო პროგნოზებიც დადებითია. ბოლო ათი წლის განმავლობაში შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე გასამმაგდა და 10,000 დოლარს გაუტოლდა, პირდაპირი უცხოური ინვესტიცია კი ხუთ წელიწადში 13-ჯერ გაიზარდა. თურქეთმა პოზიცია მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსშიც" და დღეს 43-ე ადგილზეა.

დღესდღეობით თურქეთი მე-18 უდიდესი ეკონომიკაა, თუმცა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის (75 წელი), ახალგაზრდა მოსახლეობის (15-64 წელი – 67%) და რეპროდუქციის (2012 წელს ერთ ქალზე 2.13 ბავშვი) მაღალი მაჩვენებლის, ასევე ბიზნესზე ორიენტირებული პოლიტიკური კლიმატის წყალობით, ეკონომიკური პერფორმანსი სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება.

ამ ეტაპზე ეკონომიკური აქტივობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სახელმწიფო ხარჯვაზე. 75-მილიონიან სახელმწიფოში მთავრობა აშენებს, აბანდებს, ქმნის სამუშაო ადგილებს. მეორე მხრივ, სახელმწიფოს როლის ასეთი ზრდა გარკვეულ კითხვის ნიშნებსაც აჩენს. The Wall Street Journal-ი თურქული ლირას დასუსტებასა და თურქულ ბაზარზე მოთხოვნის შემცირებას პროგნოზირებს, ხოლო ამერიკულ GlobalSource Partners-ში მიიჩნევენ, რომ „მთავრობა ფულს ზედაპირულ საჯარო პროექტებზე ხარჯავს".

გარდა ამისა, ქვეყანა ქალთა უფლებების მხრივაც მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშეა. თურქეთში გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლას ისტორიული ფესვები აქვს. ჯერ კიდევ 1926 წლის სამოქალაქო კოდექსით პოლიგამია გაუქმდა და ქალებს განქორწინების, მეურვეობისა და მემკვიდრეობის თანაბარი უფლებები მიენიჭათ. 1935 წელს თურქეთის პარლამენტში უკვე 18 ქალი დეპუტატი იყო, მაშინ როდესაც შვეიცარიაში ფედერალურ დონეზე ქალთა ხმის უფლებაც კი მხოლოდ 1971 წელს დაკანონდა. საგულისხმოა, რომ 1937 წელს მსოფლიოში პირველი სამხედრო-მებრძოლი პილოტი ქალი მუსტაფა ქემალის 8 აყვანილი შვილიდან ერთ-ერთი, საბიჰა გოქჩენი გახდა.

საამაყო ისტორიის მიუხედავად, დღესდღეობით თურქეთი გენდერული თანასწორობით ვერ დაიკვეხნის. ქვეყნის მთავრობის 2009 წლის კვლევის მიხედვით, გამოკითხული 13,000-მდე ქალიდან 39% ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი უკვე ყოფილა. მსგავსი მაჩვენებელი ევროპის ქვეყნებში 3-დან 35%-მდე მერყეობს. მაღალია 18 წლამდე ქალთა ქორწინების მაჩვენებელიც. ქვეყნის აღმოსავლეთის ზოგიერთ ნაწილში, სადაც არასრულწლოვანთა ქორწინება განსაკუთრებით გავრცელებულია, ეს რიცხვი 40-50%-ს აღწევს.

თუკი მუსტაფა ქემალ ათათურქის გარდამტეხი რეფორმების შედეგად წერა-კითხვის მცოდნე მოსახლეობის რაოდენობა 1923 წელს 9%-დან, 15 წლის შემდეგ 33%-მდე გაიზარდა, დღეს თურქ ქალთა 10%-ზე მეტს წერა-კითხვა არ შეუძლია. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ქალთა 84%, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთში – 87% სოციალური უსაფრთხოების სქემის მიღმაა.

უთანასწორობა შესამჩნევია სამუშაო ბაზარზეც. ქალთა დასაქმების მაჩვენებელი 2012 წელს 28% იყო, ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის ნახევარზე ნაკლები. ბოსფორის უნივერსიტეტის სოციალურ პოლიტიკური ფორუმის ანგარიშის მიხედვით, მსგავს პოზიციებზე დასაქმებულ ქალთა ხელფასი მამაკაცთა ანაზღაურების 62%-ია.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „სქესთა უთანასწორობის ანგარიშში" თურქეთი 135 ქვეყნიდან 120-ე ადგილს იკავებს. საქართველო იმავე ინდექსის 86-ე პოზიციაზეა.
ისტორიულად, თურქი ქალების ჩადრისგან გათავისუფლება ათათურქის რეფორმების უმთავრეს მონაპოვრად ითვლებოდა, თუმცა თურქეთის ეკონომიკური და სოციალური კვლევების ორგანიზაციის 2006 წლის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ჩადრს დღემდე თურქი ქალების 60%-მდე იყენებს. ქალი ამომრჩევლის ამ ნაწილზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული პოლიტიკოსების ბედიც. ჟურნალ Slate-ის შეფასებით, „თურქეთისთვის ბრძოლაში, ყველა ჩადრი მნიშვნელოვანია".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები