ჩრდილოეთ ევროპა

ნეიტრალიტეტის დასასრული ჩრდილოეთ ევროპაში?

გიორგი გუშარაშვილი
0 კომენტარი

საქართველოს NATO-ში გაწევრიანების ოპონენტებს ხშირად მოჰყავთ ევროპის ნეიტრალური ქვეყნების მაგალითი, რომლებიც თავიანთი უსაფრთხოების პოლიტიკას დასავლური სამხედრო ალიანსის უშუალო წევრობას არ უკავშირებენ. თუმცა დებატებისას ხშირად არ არის გათვალისწინებული ამ ქვეყნების ნეიტრალიტეტის ისტორიული კონტექსტი და თანამედროვე გამოწვევები, რომლებიც მათ აიძულებს გადასინჯონ ტრადიციული მიდგომები თავიანთი უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართ. საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესოა შვედეთისა და ფინეთის სიტუაცია – ორი ნეიტრალური ჩრდილოევროპული ქვეყნის, რომლებსაც რუსეთთან კონფლიქტური მეზობლობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ.

2013 წელს განსაკუთრებით ინტენსიური დებატები გაიმართა ორივე ჩრდილოურ ქვეყანაში უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებით, რასაც ბიძგი მისცა შვედეთის გენერალური შტაბის მეთაურის, გენერალ სვერკერ გორანსონის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ შვედეთი ომის შემთხვევაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეძლებდა თავის დაცვას. საზოგადოებრივი აზრი რამდენიმე ნაწილად გაიყო: ერთი ჯგუფი მოითხოვდა შვედეთის სწრაფ გაწევრიანებას NATO-ში, მეორე მხარს უჭერდა სამხედრო ხარჯების გაზრდას და რამდენიმე წლის წინ გაუქმებული საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კვლავ შემოღებას, ხოლო მესამე გენერლის განცხადებას გადაჭარბებულ პანიკად აფასებდა. დებატები მალე გადაწვდა მეზობელ ფინეთსაც, რომელსაც შვედეთთან მჭიდრო ისტორიული და კულტურული სიახლოვე აკავშირებს.

ფინელი ჯარისკაცი. სსრკ-ფინეთის ომი
შვედეთსა და რუსეთს შორის ბოლო ომი 1808 წელს დასრულდა, თუმცა შვედეთის საგარეო პოლიტიკა XIX და XX საუკუნეებში მთლიანად რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხის განეიტრალებაზე იყო მიმართული. ბრიტანული დიპლომატიის ძალისხმევით შვედეთმა პირველ და მეორე მსოფლიო ომებში ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა. 1945 წლის შემდეგ შვედეთის ნეიტრალიტეტი უფრო მეტად ევროპაში არსებული ძალთა ბალანსის შედეგი იყო, ვიდრე ამ ქვეყნის მიერ ცნობიერად გაკეთებული არჩევანის: იმ პირობებში, როცა მეზობელ ფინეთში საბჭოთა კავშირის ჯარები განლაგდნენ და ქვეყანა დე ფაქტო საბჭოთა სატელიტად აქციეს, შვედეთს დასავლეთის ალიანსსა და საბჭოთა კავშირს შორის არსებული ბუფერის როლი ბუნებრივად ერგო, თუმცა ცივი ომის განმავლობაში შვედები საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ დასავლეთთან (განსაკუთრებით, სპეცსამსახურების დონეზე) და ომის შემთხვევაში საკუთარი ტერიტორიის საბჭოთა თავდასხმისგან დასაცავად ემზადებოდნენ, მაშინ როცა დასავლეთის არცერთი ქვეყნის წინააღმდეგ თავდაცვის გეგმა არ ჰქონიათ.

ფინეთის უსაფრთხოების პოლიტიკის ისტორიული კონტექსტი სრულიად განსხვავდება შვედეთისგან. ფინეთი 1917 წლამდე ცარისტული რუსეთის ნაწილი იყო და მხოლოდ ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ მოიპოვა დამოუკიდებლობა. 1939 წელს, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის გაფორმების შემდეგ, სსრკ თავს დაესხა ფინეთს, მაგრამ ვერ მოახერხა მისი სრული დაპყრობა. 1941-1944 წლებში, მეორე მსოფლიო ომის ფარგლებში, ფინეთი და სსრკ კვლავ იბრძოდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ, რაც ფინეთის ფაქტობრივი კაპიტულაციით დასრულდა მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ ფინელთა მოკავშირე ნაცისტური გერმანია ომში მარცხდებოდა. ფინეთმა, მართალია, დამოუკიდებლობის შენარჩუნება მოახერხა, მაგრამ თავისი მიწა-წყლის ნაწილი დაკარგა და იძულებული გახდა დარჩენილ ტერიტორიაზეც საბჭოთა სამხედრო ბაზების განლაგებას დათანხმებოდა. ასეთ პირობებში ფინეთის ნეიტრალიტეტი „ცივი ომის" განმავლობაში უფრო საკუთარი დამოუკიდებლობის საბჭოეთისგან დაცვას ემსახურებოდა, ვიდრე რეალურ ნეიტრალურობას დაპირისპირებულ სამხედრო ბანაკებს შორის.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შვედეთი და ფინეთი ევროკავშირის წევრები გახდნენ, რაც მანამდე ევროპული გაერთიანების თავდაცვითი კომპონენტის გამო შეუძლებელი იყო. 1990-იან წლებში შვედეთი და ფინეთი მონაწილეობდნენ ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების პოლიტიკაში, NATO-ს პროგრამებში არაწევრი ქვეყნებისთვის („პარტნიორობა მშვიდობისათვის" და ა.შ.) და ასევე NATO-ს სამშვიდობო მისიებში, მსგავსად გაწევრიანების მოსურნე ყოფილი აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებისა. თუმცა, მათგან განსხვავებით, საკუთრივ გაწევრიანებისაგან თავს იკავებდნენ.

შვედებისა და ფინელების განწყობა თანდათანობით შეიცვალა 2000-იანი წლების განმავლობაში, რაც რუსეთის მზარდმა მილიტარიზმმა და მეზობელი ქვეყნების მიმართ აგრესიულობამ განაპირობა. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ საქმეში რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომმაც, რომელმაც ჩრდილოეთის ქვეყნებს დაანახა, რომ რუსეთის მეზობლები, რომლებიც მოსკოვისგან დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარებას ცდილობენ, უშუალო სამხედრო აგრესიის მსხვერპლნი შეიძლება გახდნენ. აგვისტოს ომის შედეგად მოიმატა უსაფრთხოების დეფიციტის შეგრძნებამ და ორივე ქვეყანაში საჯარო დებატები დაიწყო NATO-ში გაწევრიანების აუცილებლობაზე.

უსაფრთხოების თვალსაზრისით მდგომარეობის გაუარესებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ შვედეთმა ჯერ კიდევ ცივი ომის დამთავრების შემდეგ და მეორედ 2000-იანი წლების შუა პერიოდში შეიარაღებული ძალები და სამხედრო ხარჯები მასიურად შეამცირა. ნეიტრალიტეტი, როგორც წესი, ძვირადღირებულ ფუფუნებას წარმოადგენს, რადგან ნეიტრალურ ქვეყანას ყველანაირი საგარეო საფრთხისგან თავის დაცვა დამოუკიდებლად უწევს და იმდენად ძლიერი შეიარაღებული ძალები სჭირდება, რომ მასზე სამხედრო თვალსაზრისით ბევრად აღმატებულ მოწინააღმდეგეს გაუმკლავდეს. შვედეთის შემთხვევაში სწორედ სუსტი და მცირედდაფინანსებული შეიარაღებული ძალებია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტიმული, რაც ქვეყანას ნეიტრალიტეტის ტრადიციულ პოლიტიკაზე უარის თქმისა და NATO-ში გაწევრიანებისკენ უბიძგებს.

გივე შეიძლება ითქვას ფინეთზეც, რომელიც 5.5-მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყანაა რუსეთთან 1300-კილომეტრიანი საზღვრით. აქედან გამომდინარე, მას საყოველთაო სამხედრო ვალდებულებისა და თავისი მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით დიდი რეზერვის ფონზეც კი (ახალგაზრდა ფინელი მამაკაცების 75% სამხედრო სამსახურს გადის), თავდაცვისათვის საკმარისი ძალა არ გააჩნია.

აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა განაგრძო საკუთარი არმიის „მოდერნიზაციის" პროცესი, რაც გამალებულ შეიარაღებას გულისხმობს. 2009 წელს შვედეთის და ფინეთის მთავრობებმა პირველად განიხილეს თავიანთი ქვეყნების NATO-ში ერთდროული გაწევრიანების საკითხი ოფიციალურ დონეზე, თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღიათ. საზოგადოებრივი აზრი ორივე ქვეყანაში ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას უჭერს მხარს, რაც გაწევრიანების გზაზე ერთ-ერთი მთავარი წინაღობაა, თუმცა ბოლო წლებში რუსეთის მზარდი შეიარაღების ფონზე, გამოკითხვებში იზრდება იმ რესპონდენტების რაოდენობა, ვინც შვედეთისა და ფინეთის NATO-ს სრულუფლებიან წევრობას ემხრობა. წელს შვედეთში ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებს, რომ გაწევრიანების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა დაახლოებით თანაბარია, მაშინ როცა 2000-იანი წლების შუა პერიოდში მოწინააღმდეგეთა რაოდენობა ორჯერ აჭარბებდა მომხრეებისას. განწყობა ოდნავ განსხვავებულია ფინეთში, სადაც ზაფხულში ჩატარებული რეპრეზენტატიული გამოკითხვის თანახმად, 29% მხარს უჭერს NATO-ში გაწევრიანებას, მაგრამ 52% წინააღმდეგია.

NATO-სთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა შვედეთისა და ფინეთის პოლიტიკურ წრეებშიც. მემარცხენე და მემარცხენე-ცენტრისტული პარტიები, განსაკუთრებით XX საუკუნის შვედეთში დომინანტი სოციალ-დემოკრატები, ძირითადად, ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას უჭერენ მხარს, ხოლო მემარჯვენე-ცენტრისტი კონსერვატორები და ლიბერალები – თავიანთი ქვეყნების NATO-ში გაწევრიანებას. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ თვით პარტიების შიგნითაც სხვადასხვა განწყობა შეიძლება არსებობდეს და პარტიებს მკაფიოდ ჩამოყალიბებული და თავიანთ პროგრამებში დაფიქსირებული მიდგომა NATO-ს მიმართ არ გააჩნიათ, რაც იმის ფიქრის საფუძველს გვაძლევს, რომ დამოკიდებულება ამ საკითხისადმი სწრაფად შეიძლება შეიცვალოს.

საქართველოს მსგავსად, ფინეთი და განსაკუთრებით შვედეთი NATO-სთან დაახლოებას საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობით და ცხელ წერტილებში მრავალრიცხოვანი კონტინგენტების წარგზავნით ცდილობენ. ორივე ქვეყანა მონაწილეობს ავღანეთის სამხედრო მისიაში. შვედეთი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კონტრიბუტორი იყო 2011 წელს ლიბიაში კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციაში. ამგვარად, შვედეთის ერთგულება NATO-ს პრინციპებისადმი ხშირად აღემატება ალიანსის ზოგიერთი მსხვილი წევრის ერთგულებას – როგორიცაა, მაგალითად, გერმანია, რომელმაც ლიბიის სამოქალაქო ომში ნეიტრალიტეტი აირჩია.

როგორი შედეგითაც უნდა დასრულდეს შვედეთსა და ფინეთში დღესდღეობით მიმდინარე დებატები NATO-ს წევრობასთან დაკავშირებით, ცხადია, რომ ამ ქვეყნების ნეიტრალიტეტი არა მათი თავისუფალი არჩევანი, არამედ ცივი ომის პირობებში ისტორიული გარემოებებით გამოწვეული გადაწყვეტილება იყო. ვერც ევროკავშირში გაწევრიანებამ უზრუნველყო შვედებისა და ფინელების დარწმუნება იმაში, რომ მათ ქვეყნებს რუსეთიდან მომდინარე საფრთხე არ ემუქრება. ობამას ადმინისტრაციის პირობებში ამერიკის შეერთებული შტატების გლობალური გავლენის შესუსტების პროცესი კიდევ უფრო გააძლიერებს საფრთხის განცდას ყველა იმ ქვეყანაში, რომლებსაც რუსეთი ბუფერულ ზონად ან საკუთარი გავლენის სფეროდ განიხილავს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები